რა სჭირდება სოფელს და როგორია სოფლის მოსახლეობის მიერ ადგილობრივი ხელისუფლების აღქმა და სამოქალაქო აქტივობის შეფასება,როგორია სოფლის მოსახლეობის დამოკიდებულების იდენტიფიცირება სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანების მიმართ, ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა” (R-CSN), რომლის ფასილიტაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა” ახორციელებს, “სოფლის საჭიროებების კვლევის” პრეზენტაცია გამართა.
ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე, რომელსაც კვლევის მონაწილეთა ჯგუფი წააწყდა საველე სამუშაოების ეტაპზე, ეს იყო პატარა სოფლების მოსახლეობის არასაკმარისი რაოდენობა შერჩევით გათვალისწინებული რესპონდენტების მოსაგროვებლად. ეს სირთულე გადაწყვეტილი იქნა მსგავსი სიმჭიდროვის სოფლის დამატებით და/ან ჩანაცვლებით.
გამოკითხული რესპონდენტების 29,2%-მა არ იცოდა რა ასაკის იყო მისი სოფელი, 28,3 %-ის აზრით, მათი სოფელი სამ საუკუნეზე მეტს ითვლის, 31,5%-ის აზრით 1-დან 3 საუკუნემდე, ხოლო 11% -ის ინფორმაციით, მისი სოფელი 1 საუკუნის ან ნაკლებისაა. თითქმის ერთნაირი განაწილებაა, როგორც პატარა, ასევე საშუალო და დიდ სოფლებში.
რესპონდენტთა 47%-ს არა აქვს პროფესია. ყველაზე გავრცელებული პროფესია არის სამედიცინო სფეროს ტექნიკური პერსონალი, ექთნები, სანიტრები და ა.შ. ცხრილში ჩამოთვლილია ის პროფესიები, რომელსაც ფლობდა 15 რესპონდენტზე მეტი მაინც. სულ დასახელდა 78 პროფესია/ხელობა.
გამოკითხულთა მხოლოდ 6,4% პასუხობს, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე პროფესიული გადამზადების საჭიროება ჰქონია. ყველაზე მეტი რაოდენობა აქედან მცირერიცხოვან სოფელშია.
გამოკითხულთა უმრავლესობისთვის (86,4%) კვალიფიკაციის ამაღლება ხელმისაწვდომი არ არის.
გამოკითხულთა 13,5%-ის პასუხების მიხედვით სასწავლებლად წასული სოფლის ახალგაზრდობიდან უკან, სოფელში არავინ ბრუნდება, 51,7%-ის პასუხების მიხედვით, მხოლოდ უმცირესობა, ხოლო გამოკითხულთა მესამედის (31,8%) პასუხების მიხედვით ახალგაზრდების უმრავლესობა უბრუნდება სოფელს. გამოკითხულთა 1.3%-ის პასუხის მიხედვით კი, მათ სოფელში ახალგაზრდები არ არიან.