მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნები გააგრძელებენ მეგობრობას და თანამშრომლობას ყველა ასპექტში: ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით ეკონომიკაში, ვაჭრობაში, განათლებასა და სოფლის მეურნეობაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის შესაბამის სამინისტროებს შორის საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა დამყარდა, რაც ძალზე მნშვნელოვანია. სულ მალე რიგაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩამოვა, რათა ლატვიის გამოცდილება გაიზიაროს.
ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი გაჩეჩილაძე და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი დავით დარჩიაშვილი.
“შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ რიგის სამიტზეც. 2015 წლიდან ლატვია ხდება ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და ვილნიუსში დაწყებული საქმე ამ პერიოდში უნდა დასრულდეს,” _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ლატვიაში იყო ძალიან მეგობრული და წარმატებული.
“ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან ეფექტურია ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. ვიზიტმა დაგვანახა, რომ ორივე ქვეყანა დაინტერესებულია ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებით,” _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.