“საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული იქნა ცვლილებები მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში, რომლის ძირითადი მიზანია პენიტენციური სისტემისათვის ახალი რეგულაციების მიღება და ამოქმედება. პირველ რიგში, გამოვყოფდით იმ ცვლილებებს, რომელიც იგეგმება “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება პენიტენციურ სისტემაში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნებისა და მინიმალური სტანდარტებისადმი საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი და ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებას, პატიმართა რესოციალიზაციის პროცესს, სისტემის გამჭვირვალობას და მინიმალური სტანდარტების დაცვას. ამდენად, ეს ცვლილებები მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი რეკომენდაციები მიგვეწოდებინა სამინისტროდან ჩვენთვის მოწოდებულ ამ პროექტებზე, რომელიც, იმედია, მხედველობაში იქნება მიღებული.
ასევე, ვიმედოვნებთ, რომ სისტემის რეფორმირების პროცესი გაგრძელდება, რადგან არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც შესაძლებელია არც თუ გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს გათვალისწინებული, მათ შორის გამოვყოფდით სასეჯლაღსრულების დაწესებულებების არა მარტო იდენტიფიცირებას კატეგორიების მიხედვით, არამედ მოხდება მათი პასპორტიზაცია, გადამდები დაავადების მქონე პირთა მიმართა სათანადო სამედიცინო მომსახურება, ასევე, მათი იზოლირება სხვა პატიმრებისაგან, საცხოვრისი და კვებითი პირობების შემდგომი გაუმჯობესება, რესოციალიზაციის მეტი მიზნობრივი პროგრამების გახორციელება და ამ მიმართულებით ადეკვატური ბიუჯეტის განსაზღვრა და სხვა”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს “ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის” თავმჯდომარე, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.