_ რა არის ის, რაც თქვენი გადასახედიდან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურამ არ ან ვერ გააკეთა და რა მიზეზით?
_ არ დაწყებულა უკანონო განაჩენების გადასინჯვის პროცესი, თუმცა ეს პროკურატურის კომპეტენციას არც განეკუთვნება და, ზოგადად, ხელისუფლების წინაშე დასმულ ამოცანად რჩება. უშუალოდ ჩვენ, პროკურატურას, არ გამოგვიძიებია პირთა ქონებრივი უფლებების ხელყოფის ფაქტები და არ განგვისაზღვრავს იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც ამ კანონდარღვევაში მონაწილეობდნენ. უკანონო განაჩენის გადასინჯვა იქნება თუ ქონების უკანონო ჩამორთმევის გამოძიება, ხელისუფლებას რამდენიმე ტიპის რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მძიმე და ძნელად გადასაწყვეტი ფისკალური საკითხი. 9560 ოფიციალური შემთხვევაა, როდესაც “მადლიერმა მოქალაქეებმა” სახელმწიფოს უძრავი ქონება აჩუქეს. ვიცით, ეს როგორც ხდებოდა. ამას ემატება ათეული მილიონობით თანხის გადახდა. მაგალითად, რაბათის ციხის აშენებას 45 მილიონი ლარი მოხმარდა და ეს თანხა “შეწირულობის” ხარჯზე იქნა მობილიზებული. პრემიერმა ბოლო პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უხეში გათვლებით, ჩამორთმეული ქონების ღირებულება ექვს მილიარდ ლარს შეადგენს. ასევე, განაჩენების გადასინჯვაც უკავშირდება არამარტო მარეაბილიტებელი დოკუმენტის მიღებას, არამედ ფინანსურ მხარეს. ციხეში უკანონოდ მჯდარ პატიმარს უნდა მიეცეს კომპენსაცია, საპროცესო შეთანხმების ფარგლებში გადახდილი თანხა კი პირს უკან უნდა დაუბრუნდეს. გარდა ამისა, არანაკლებად მძიმეა თანმდევი პასუხიმგებლობის საკითხის განსაზღვრაც იმის თაობაზე, თუ როგორ მოვეპყროთ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, პროკურორებს, პოლიციელებს თუ მოსამართლეებს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს მსგავს ქმედებებში, ამის შესახებ არც ხელისუფლებაშია ერთიანი აზრი და, მით უფრო, არც საზოგადოებაში. ამ საკითხების გადაწყვეტაზე ხელისუფლებაში მუშაობა მიდის.
_ თუმცა აქ დაისმის კითხვა: ადამიანმა, რომელიც თავის ფულს ითხოვს, უნდა იცოდეს, რომ ითხოვს ექვს მილიარდს, რადგან თუ ის დაკმაყოფილდება, უნდა დაკმაყოფილდეს სხვაც. უნდა განისაზღვროს, რა ურჩევნია, ექვსი მილიარდი დღეს, თუ ხვალ არაფერი. შესაძლოა, ამ ადამიანებს დაუდგინდეთ ფაქტი, რომ უკანონოდ არიან მსჯავრდებულნი, უკანონოდ ჩამოერთვათ ქონება, ფინანსური საკითხი კი გაიწელოს დროში 5-10 წელიწადში. ამას, ალბათ, უფრო საზოგადოებრივი შეთანხმება სჭირდება. ასევე დგება სხვა საკითხიც _ ამ ვითარების მოუგვარებლობა ელექტორატის უკმაყოფილებას იწვევს. უკმაყოფილო ელექტორატი კი მოქმედებს პოლიტიკოსზე. ასეთ შემთხვევაში, რამდენად აქვს პროკურატურას და ამ შემთხვევაში თქვენ, იმის გარანტია, რომ ეს დადებითი პროცესები პროკურატურას უკან არ შემოუბრუნდება?
_ მოგახსენებთ რამდენიმე მოსაზრებას, რომელიც არსებობს ამ საკითხის გარშემო. ჩემი პირადი მოსაზრება (და არა სახელმწიფო პოლიტიკა) ასეთია _ მაგალითად, ავიღოთ დროის გარკვეული მონაკვეთი, პირობითად, სამი წელი, რომლის განმავლობაშიც შევისწავლით ქონების უკანონო ჩამორთმევის ყველა შემთხვევას, დავადგენთ ფაქტებს და, შესაბამისად, ამ დროში განისაზღვრება როგორც უფლებადარღვეულ პირთა ნუსხა, ისე ფინანსური ტვირთიც და მის გადახდაზე პასუხისმგებელი პირიც. ამის შემდეგ, ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გამოსცეს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ამგვარად უფლებაშელახული ადამიანების რესტიტუციის საკითხს. ეს საზოგადოებას სწორ მოლოდინს გაუჩენს და პრობლემური საკითხიც დარეგულირდება.
არსებობს სხვა მოსაზრებაც: თქვენ ელექტორატი ახსენეთ. ვინც ქონებრივი უფლების ხელყოფა განიცადა, მათი რაოდენობა შესაძლოა, ელექტორატის 5 პროცენტსაც არ შეადგენდეს. სავარაუდოდ, დანარჩენ 95 პროცენტს არ აწუხებს მათი საკითხი და, მოდი, ნუ დავამძიმებთ 95პროცენტს ამ პრობლემით. მათ სოციალურ-ეკონომიკურ ყოფაზე ვიფიქროთ და ტვირთად ნუ ავკიდებთ ამ 5პროცენტის ბედს ელექტორატის 95პროცენტს. მით უმეტეს, ამ აზრის მესვეურებს ისიც აქვთ არგუმენტად, რომ, კარგად გვახსოვს, შევარდნაძის დროს 5პროცენტმა როგორ მოიპოვა თუ მოიხვეჭა ეს ქონება. გავრცელებული აზრით, მათ უმრავლესობას ქონება უკანონოდ აქვს შეძენილი და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ერთი უკანონობა (ქონების უკანონოდ შეძენა) მეორე უკანონობით (ქონების უკანონოდ ჩამორთმევა) იქნა ჩანაცვლებული და, საერთო ჯამში, თითქოს დიდი უსამართლობაც არ არსებობს. გარდა ამისა, ქონებრივი საკითხის სიმყიფე ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის დადგენასაც ხელს უშლის.
ძნელია ამ მოსაზრებაში რაციონალური მარცვალი არ დაინახოთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მსჯელობა სოფისტურ ელემენტებსაც შეიცავს.
_ და მაინც მე აქ ერთ პრობლემას ვხედავ, თუმცა კარგად მესმის, რომ აქ არის სხვა საკითხებიც, რომლებიც სახელმწიფოს უქმნის პრობლემას. აი, რით უგებს პირველი პოზიცია მეორეს _ უნდა შექმნა, ასე ვთქვათ, “სარკმელი”, სადაც ადამიანი თავისი პრობლემებით მივა. დღეს პრობლემაა “სარკმელი”, სადაც ადამიანები მივლენ და მიიტანენ საჩივრებს უკანონო განაჩენებთან დაკავშირებით.
_ დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 100 საქმე გვაქვს გამოძიებული და რომ დავითვალეთ, ფისკალური ეფექტი აღწევს 15 მილიონ დოლარს, 30 მილიონ ლარს და რამდენიმე ათას ფუნტ სტერლინგს. ამ 100 საქმის გამოძიების დასრულება ჩვენთვის რთული არ არის. გამოვუწერთ მოქალაქეს ქვითარს და გვერდით ფინანსთა სამინისტრო რომ დგას, იქ გავაგზავნით, მაგრამ, ცხადია, ასე მარტივადაც არ არის საქმე და ამიტომაც ეს საკითხი სახელმწიფოებრივად საჭიროებს დალაგებას. არანაკლებ პრობლემურია პასუხისმგებლობის საკითხიც. გულსატკენია, რომ პროკურატურის ორგანოები პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად იყო გამოყენებული. ამის გამო იძულებულნი გავხდით, კარგი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები მარტო იმიტომ გაგვეშვა, რომ მათ ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავათ. მე ადამიანურად გული მწყდება შეწყვეტილ კარიერაზე და მათ განათლებაში დახარჯულ სახელმწიფო სახსრებზე. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ მომავალში მსგავსი რამ არ დაგვემართოს. ჩემი მიზანია, პროკურატურაში ჩემი გუნდი კი არ ჩამოყალიბდეს, არამედ პროფესიონალების გუნდი შეიქმნას. ამისათვის პოლიტიკისაგან შორს უნდა დავდგეთ. დღეს ბევრი ადამიანი გვსაყვედურობს, რომ პროკურატურაში იგივე ადამიანები მუშაობენ, ვისგანაც წარსულში წყენა აქვს მიღებული. ეს მართალია. პროკურორთა 70პროცენტი ისევ ჩვენთან მუშაობს. მე მესმის ასეთი ადამიანის პროტესტისა, მან უკანონო ქმედება განიცადა კონკრეტული შემსრულებელი პროკურორისაგან, მაგრამ სწორი იქნება, რომ ყველა დავითხოვოთ? როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა, უნდა ვაღიაროთ, რომ იმ დროს, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ორგანო (და მათ შორის პროკურატურაც) აშკარად კორუმპირებული იყო, ყველა გაუშვეს კორუმპირებულობის მიზეზით. მაშინ ამან საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. დღეს რასთან გვაქვს საქმე _ დღეს არც პროკურატურაში და, მადლობა ღმერთს, არც სხვა სახელმწიფო ორგანოში კორუფცია არ არის. ეს მონაპოვარია და უნდა შევინარჩუნოთ. სამაგიეროდ, გვაქვს უსამართლობასთან დაკავშირებული პრეტენზიები. თითქოს ისტორია მეორდება. დღეს ჩვენ ვგმობთ იმ მოსამართლეების, პროკურორებისა თუ პოლიციელების ხელაღებით გაყრას, რომლებიც, ასე ვთქვათ, კორუმპირებულნი იყვნენ, რადგან ღრმად რომ განვსაჯოთ, ისინი იძულებით იყვნენ კორუმპირებულნი. როდესაც 70 და 100 ლარი ჰქონდათ ხელფასი, იქ სხვა საშუალება “არ ჩანდა”. ამიტომ მათი ასე ხელაღებით გაყრა უსამართლობა იყო. დღეს ვდგავართ ცდუნების წინაშე, კიდევ ერთხელ ჩავატაროთ სამსახურების სისტემური წმენდა, ოღონდ ამჯერად უსამართლობის საფუძვლით.
_ მაგრამ იმ დროს იყო ასაკობრივი რესურსი. ახლა სხვა მდგომარეობაა. ჩემი აზრით, არსებობს ასაკი, რომლის ქვემოთაც ადამიანს პასუხისმგებლობები არ უნდა დააკისრო. საკითხავია, ეს ხალხი რომც გაუშვა სამსახურიდან, არსებობს კადრების სრულფასოვნად შეცვლის რესურსი?
_ ლოგიკური კითხვაა. წინა ხელისუფლებამ უნივერსიტეტის აუდიტორიებიდან მიიყვანა პროკურორებად ახალგაზრდები. ამან სიკეთედ ის მოიტანა, რომ მივიღეთ თაობა, რომელმაც კორუფცია არ იცის. ეს არის გიგანატური ნახტომი წინ. სამაგიეროდ, მცირესტაჟიანი ადამიანი უსამართლო პოლიტიკის იოლად შემსრულებელი გახდა და მივიღეთ მეორე უკიდურესობა – ქვეყანაში უსამართლობის განცდამ დაისადგურა. ახლა საკუთარ თავს, საკუთარი შურისძიების განცდას უნდა მოვერიოთ და ვიყოთ შემწყნარებლები იმათ მიმართ, რომლებიც უსამართლო სახელმწიფო პოლიტიკის შემსრულებელნი გახდნენ. დღეს ისინი გულმოდგინედ მუშაობენ და ემსახურებიან სახელმწიფოს. დღეს შერჩევის ან გადარჩევის
კრიტერიუმი მუშაკის სათანადო კვალიფიკაცია უნდა გახდეს. სახელმწიფოს რომ ყველა მათგანი ერთიანად გაეშვა, სამართლიანობა დაიკარგებოდა.
_ თუმცა ეს არ არის პოპულარული გზა.
_ დიახ, არ არის პოპულარული! პოპულარული იქნებოდა, ერთიანად ყველა გაგვეშვა. ათასობით ადამიანისადმი ასეთი მიდგომა, არა მგონია, სამართლიანი იყოს. პირიქით, ახალი უსამართლოების კერა გაჩნდებოდა. დრო რომ გავა, ემოციები რომ დაცხრება, ეს ნაბიჯი უსამართლოდ მოგეჩვენება. თანდათანობითი გადახალისება კი ყოველთვის იქნება.
_ ცალკე საკითხია საკანონმდებლო ბაზა… ადვოკატების მხრიდან იყო კონკრეტული შენიშვნები ჩხრეკისა და ამოღების უფლების შესახებ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს უფლება საერთოდ არ არსებობდა, შემოვიდა, მაგრამ გადაიწია დროში; ასევე მნიშვნელოვანია მოწმის სასამართლოზე დაკითხვის საკითხიც, მისი დროში გადაწევაც მოხდა. რასთან გავქვს საქმე: ამ საკითხების გადადების პრობლემა მხოლოდ ვადებს უკავშირდება თუ ეს სხვა მნიშვნელოვანი სიმპტომია?
_ ჩვენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამერიკული მოდელი გვაქვს. ამ მოდელის მნიშვნელოვნად დადებითი მომენტია შეჯიბრებითობის მაღალი დოზა. ეს ზრდის პროფესინალიზმს და ამაღლებს ხარისხს. სამაგიეროდ, უკანა პლანზე არის გადაწეული ინკვიზიციურობის პრინციპი, რომელიც სოციალურად ნაკლებად დაცულ მოქალაქეებს ემსახურება. შეჯიბრებითობა ინკვიზიციურობის წინააღმდეგ _ ეს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული პატივსადები სიკეთეა. ჩვენ დაგვხვდა ამერიკულ სისტემაზე გადასული მოდელი, თუ ეს ასეა, მაშინ მოწმის დაკითხვის ინსტიტუტიც ამ მოდელის არსებითი ნაწილია და მოგვწონს თუ არა იგი, უნდა მივიღოთ, როგორც არჩეული მოდელის შემადგენელი ელემენტი. დღეს კამათი მხოლოდ იმაზეა, თუ რამდენად მზად არის სახელმწიფო ამ წესისათვის. საჭიროა როგორც საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება, ისე პროკურორთა და გამომძიებელთა სათანადო მომზადება.
_ ადვოკატთა პრეტენზიები უფრო იქითკენ მიდის, რომ მოწმის დაკითხვის ამ წესის შენარჩუნება იმიტომ ხდება, რომ ამ გზით გამოძიება მოწმის სტატუსით მიყვანილი პირის სტატუსის გადაზრდას “ახდენს” ბრალდებულის სტატუსში. თუ კვლავ დადგა ვადის გადაწევის საკითხი, მაშინ ვადის მომდევნო გადაწევამდე სასურველია, ვიფიქროთ ამ სისტემის მიზაშეწონილობაზე.
_ საჭიროა ამ საკითხის სახელმწიფოებრივი ხედვა. ათი თვის განმავლობაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებში დაცვის მხარის სასარგებლოდ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მაგალითად, რად ღირს ის, რომ პრეიუდიცის ნორმაში შევიდა ცვლილება და პრეიუდიციად აღარ გვევლინება სხვა პროცესზე გამოტანილი განაჩენით დადგენილი ფაქტები, რომელიც ამ ცვლილებამდე იყო პრეიუდიცია. ეს დაცვის მხარისათვის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი მომენტია. ჩხრეკისა და ამოღების უფლების დაცვის მხარისათვის მინიჭება პირადად მე აუცილებლად არ მიმაჩნია.
_ დაბოლოს, რას ეტყოდით ყოფილ კოლეგებს?
_ აშშ-ში პროკურორი არის მთავრობის ადვოკატი, ასე რომ, თუ ამერიკულ მოდელს გამოვიყენებთ, ახლაც ადვოკატი ვარ, ოღონდ მთავრობის. მე მსურს, მართლმსაჯულების განსახორციელებლად თანასწორი ველი არსებობდეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის, პროკურორებისა და ადვოკატების დამოკიდებულება გაჯერებული უნდა იყოს პროფესიული ურთიერთპატივისცემით. შედეგი მაშინ არის წარმატებული, თუ იგი ღირსეული ბრძოლის შედეგად მიიღწევა. ეს გამოწვევა თანაბრად ეხება ადვოკატებსაც და პროკურორებსაც. პირადად მე, როგორც პროკურორი, ვცდილობ ვიხელმძღვანელო ამერიკელი მოსამართლის სადერლენდის მიერ საქმეში Berger v. United States (1935) მოყვანილი პროკურორის როლის მსაზღვრელი დებულების შესაბამისად: “პროკურორი არ არის მხოლოდ პროცესზე წარმოდგენილ დაპირისპირებულ მხარეთაგან ერთ-ერთი, არამედ იგი სუვერენული ხელისუფლების წარმომადგენელია, რომლის მოვალეობაა მართოს მიუკერძოებლად, ისევე როგორც იგი ვალდებულია, მართოს პროცესი საერთოდ. აქედან გამომდინარე, პროკურორის ინტერესი სისხლის სამართლის პროცესში საქმის მოგება კი არა, სამართლიანობის აღსრულებაა. ის, გარკვეული თვალსაზრისით, სამართლის მსახურია, მისი ორმაგი მიზანია, ერთი მხრივ, ვერც ერთმა დამნაშავემ ვერ მოახერხოს პასუხგებისგან, სასჯელისგან თავის დაღწევა, ხოლო, მეორეს მხრივ, არ დაისაჯოს უდანაშაულო, მან უნდა განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა მთელი სერიოზულობით და პროფესიული სიზუსტით. მაგრამ როდესაც პროკურორი ახორციელებს მძლავრ დარტყმებს, მას არა აქვს უკადრებელი დარტყმების უფლება. მისი მოვალეობაა, თავი შეიკავოს უკადრებელი მეთოდისგან, რადგან ეს უსამართლო განაჩენის დადგომას უწყობს ხელს, ამავდროულად, მან უნდა გამოიყენოს ყველა კანონიერი საშუალება სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.”
ჩემი აზრით, ეს შეგონება ერთნაირად ეხება როგორც პროკურორს, ისე ადვოკატს. შევძლოთ და ვემსახუროთ მართლმსაჯულებას, ეს არის ჩემი მოწოდება ადვოკატების მიმართ.