როგორც გავარკვიეთ, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების გამგეობებს პროექტები ჯერ დასრულებული არ აქვთ:
_ 15 ნოემბრამდე გვაქვს დრო. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, კონკრეტული დეტალების თქმა არ შემიძლია, _ აღნიშნა 8 ნოემბერს ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ზურაბ ჩანტლაძემ.
ჩანტლაძის თქმით, ამ ეტაპზე არც ბიუჯეტის პრიორიტეტებია ცნობილი.
იგივე სიტუაციაა ლანჩხუთშიც _ ლანჩხუთის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით, ბიუჯეტის პროექტი მზად სამშაბათს იქნება. რაც შეეხება პრიორიტეტებს, ურუშაძის განმარტებით, უპირატესობა სოციალურ სფეროს მიენიჭება:
_ ძირითადი პრიორიტეტი სოციალური სფერო იქნება. მე ვფიქრობ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ბევრი პრობლემა აქვთ, აუცილებლად სჭირდებათ დახმარება.
_ ბატონო ზაზა, პრიორიტეტების შედგენისას მოსახლეობის აზრს თუ ითვალისწინებთ?
_ რა თქმა უნდა. როცა მოსახლეობას ვხვდებოდით, სოფლებში დავდიოდით, პირველ რიგში, მათ აზრს ვიგებდით. ამიტომაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ვიცი, რა არის მოსახლეობის პრიორიტეტი. სპეციალური ოქმებიც კი გვაქვს შედგენილი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ პრიორიტეტი სოციალური სფერო უნდა იყოს, _ განმარტავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
“ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2014 წლის ბიუჯეტი არასწორადაა დაგეგმილი:
_ მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს ჯერ არ ვიცნობთ, ვიცით, რომ არასწორადაა დაგეგმილი. საფინანსო განყოფილება უკვე არ მალავს, რომ 2014 წელი საკმაოდ რთული იქნება და პირველად 9 წლის განმავლობაში, ხელფასები გაცემის პრობლემებზე ალაპარაკდნენ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა.
ლანჩხუთის საფინანსო სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია კი ამბობს, რომ წინასწარ განწირული ბიუჯეტის დაგეგმვა არ ხდება:
_ ვინ ამბობს, რომ პრობლემები შეიქმნება? ჯერ წელი არ დაწყებულა და რა დროს პრობლემაზეა საუბარი? ჯერ ყველაფერი პროექტის სახითაა.
_ ბატონო როლანდ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ მომავალ წელს ხელფასების გაცემაზე პრობლემები შეიქმნება…
_ პირიქით. პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, ხელფასები ჩვენ არ გვქონდა მოწესრიგებული. 2014 წლის ბიუჯეტში ეს ყველაფერი გათვალისწინებულია დღეს არსებული საშტატო რიცხოვნობით. შემდეგ რა მოხდება, ეს არ ვიცით.
_ ხელფასების გაზრდას გულისხმობთ?
_ დიახ, მოწესრიგდება. არ არის ეს გაზრდა. უბრალოდ, არ გვქონდა ნორმატივის მიყვანამდე. არავითარი ზრდა. ზრდა სხვა რამეს ნიშნავს. მთელ საქართველოში, 4 მუნიციპალიტეტი იყო, მათ შორის ჩვენ და ჩოხატაური, სადაც ასე არ იყო. ახლა კი ქვეყანაში არსებულ ნორმატივამდე აგვყავს ბიუჯეტის დონე, ანუ ვაწესრიგებთ. ამას მოწესრიგება ჰქვია და არა ხელფასების ზრდა.
_ მოწესრიგებულად რამდენი იქნება, მაგალითად, თქვენი ხელფასი მომავალ წელს?
_ ათასი ლარი (ამ ეტაპზე ლაშხიას ხელფასი 700 ლარია. ავტ). 900-დან 1000 ლარამდე, გააჩნია. თუმცა, 1000 ლარია ჭერი და დღევანდელი სოციალური პირობებიდან, ინფლაციიდან გამომდინარე, რჩება ჭერი წარმოდგენილი, _ განმარტავს ლაშხია.
ჩოხატაურისა და ლანჩხუთისგან განსხვავებით, ბიუჯეტის პროექტის და პრიორიტეტები მზად აქვთ ოზურგეთში.
მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტები ოზურგეთში ასე გამოიყურება: განათლება, ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი, ირაკლი პაპავა ამბობს, რომ გამგეობა ვალდებულია, ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოს:
_ ბიუჯეტის პრიორიტეტებს მისი პროექტის მომზადებისას ადგენს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას, როგორც წესი, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტში დაფიქსირებული პრიორიტეტული მიმართულებები. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი – ეს არის ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ. პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით. დოკუმენტი წარედგინება საკრებულოს, ბიუჯეტის პროექტთან ერთად. პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცება საკრებულოს მიერ არ ხდება. ჩვეულებრივ, გამგეობა ვალდებულია, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების (რწმუნებულების) მიერ მოკვლეული და წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის საქმეში გადამწყვეტი როლი გუბერნატორებს ენიჭებოდათ, ხოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, პრიორიტეტების შერჩევას უშუალოდ გამგეობები უზრუნველყოფენ ერთპიროვნულად, ისე, რომ ამ პროცესში მოსახლეობის ჩართვა ნაკლებად ხდება. საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობის შანსი მეტნაკლებად ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს მიერ განხილვისა და დამტკიცების ეტაპზე არსებობს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე უკვე ბიუჯეტის პრიორიტეტები გამოკვეთილია და, მათი შეცვლის კუთხით, საზოგადოების მხრიდან ზემოქმედების მოხდენის შანსები, სამწუხაროდ, მეტისმეტად დაბალია, _ აღნიშნავს პაპავა.
რაც შეეხება ცენტრალურ ბიუჯეტს, 2014 წელს ბიუჯეტის პრიორიტეტები ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურის განვითარებაა. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2014 წელს სამინისტროები შემდეგი ოდენობის დაფინანსებას მიიღებენ:
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო _ 2.7 მლრდ ლარი; თავდაცვის სამინისტრო _ 660 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო _ 570 მლნ; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო _ 890.9 მლნ ლარი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო _ 764.3 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტრო _ 290 მლნ ლარი; ფინანსთა სამინისტრო _ 100 მლნ ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო _ 25 მლნ ლარი; ენერგეტიკის სამინისტრო _ 103.6 მლნ ლარი; იუსტიციის სამინისტრო _ 50 მლნ ლარი; სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 155 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო _ 80 მლნ ლარი; კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო _ 80 მლნ ლარი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო _ 50 მლნ ლარი; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო _ 27.8 მლნ ლარი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო _ 48 მლნ ლარი; რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი _ 1.3 მლნ ლარი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი _ 2.3 მლნ ლარი; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი _ 850 ათასი ლარი.
ბიუჯეტის პროექტით, პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება 59.5 მლნ ლარი იქნება. პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის _ 9 მლნ ლარი; მთავრობის კანცელარიისთვის _ 10 მლნ ლარი.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მომავალ წელს 5 მლნ ლარი იქნება, ხოლო მთავრობის _ 50 მლნ ლარი.
რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 250 მლნ. ლარია გათვალისწინებული. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის კი ისევ 50 მლნ ლარი.