_ უფრო ნათლად რომ აგვიხსნათ, რატომ მიიღეთ გადადგომის გადაწყვეტილება, ამას კანონი გავალდებულებდათ?
_ მოგეხსენებათ, ახალი პრეზიდენტის ფიცის მიღების შემდეგ ძალაში კონსტიტუციის ის მუხლები შედის, რომლითაც გუბერნატორის დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტიდან მთავრობის კომპეტენციაში გადადის. ასევე, ცნობილია, რომ გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და მე არ წარმოვადგენთ სახელისუფლო პარტიას, ანუ “ქართულ ოცნებას”, არ ვითვლებით მათ მხარდამჭერებად და უფრო მეტიც, მთელ რიგ საკითხებზე ფუნდამენტალური აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს. ვგულისხმობ, როგორც ქვეყნის საშინაო სოციალურ- ეკონომიკურ პოლიტიკას, ასევე საგარეო კურსს. შესაბამისად, ამ შეუთავსებლობიდან გამომდინარე ჩვენ არ გაგვაჩნია მათთან ერთად საქმიანობის სურვილი და ალბათ, არც მათ აქვთ მსგავსი სურვილი.
_ როგორ შეაფასებთ თქვენს საქმიანობას გურიის რეგიონში ?
_ რაც შეეხება ჩემს საქმიანობას რეგიონში, მხოლოდ ერთი წლით ვერ შემოვიფარგლები. ჩვენი გუნდის გაკეთებული საქმეების დინამიკას უფრო მასშტაბურად რომ შევხედოთ, მოვიყვან პატარა შედარებას – 2003 წელს, როცა “ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა ხელისუფლებაში, მხარეში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯების მოცულობა ნახევარ მილიონ ლარსაც არ აღემატებოდა. დღეის მდგომარეობით, ის თითქმის ორმოც მილიონ ლარს შეადგენს. შეიძლება გაჩნდეს კითხვა – ამით რა შეიცვალა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. შესაძლოა ცვლილებები არ არის იმდენი, რამდენიც საჭიროა, თუმცა პროგრესი აშკარად თვალშისაცემია. ამისთვის აუცილებელია თავი დააღწიონ იმ უსუსურ რიტორიკას, რომ თითქოს “ნაციონალური მოძრაობა” 9 წლის მანძილზე ანგრევდა ქვეყანას. გამოვიდნენ გარეთ, თავიანთი სახლების წინ და დაინახავენ, რომ გზა არის გაკეთებული, ბუნებრივი აირის მიწოდება ხორციელდება უწყვეტად, სასმელი წყლის პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია, ელექტროენერგია მოსახლეობას შეფერხების გარეშე მიეწოდება. მართალია, ეს მინიმალურია, მაგრამ ქმნის იმის პირობას, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, განხორციელდეს ინვესტიციები. მაგალითად, 2012 წელს მხარის გუბერნატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებას ერთ-ერთ ცნობილ თურქულ ფირმასთან მერიაში სამკერვალო საწარმოს გახსნის თაობაზე, სადაც 300-მდე ადამიანი დასაქმდებოდა, ასევე პრეზიდენტის ინიციატივით იგეგმებოდა მერიის აეროდრომის რეაბილიტაცია. დაწყებული იყო კურორტ ბახმაროსა და ურეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს ყველაფერი რომ მოგვესწრო, მხარეში ბევრი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდებოდა და შესაბამისად, უფრო მეტი ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფას შვძლებდით.
_ რამ შეუშალა ხელი დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და რა გარემოებამ გამოიწვია მათი შეჩერება?
_ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კოალიცია “ქართული ოცნებას” ძირითადი აქცენტი ოპონენტების პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე იქნა გადატანილი, ამასთან პრემიერი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მსოფლიო დონის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ფორუმებზე აცხადებდნენ, რომ ის რეიტინგები, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოს გააჩნდა, იყო “ნაციონალური მოძრაობის” პიარი და არ ასახავდა რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ ამას ისეთი ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტები ადასტურებდნენ, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და ა. შ. ახალი მთავრობა აცხადებდა, რომ ქვეყანაში რეალურად უფრო მძიმე საინვესტიციო და ეკონომიკური გარემო იყო. ამან თავისი შედეგი გამოიღო და დღეის მონაცემებით – 2013 წელს ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად ჩამოუვარდება გასული წლის მაჩვენებლებს.
_ როგორ ხედავთ სამომავლოდ მოვლენების განვითარებას, გაქვთ თუ არა ინფორმაცია თქვენი სავარაუდო შემცვლელების შესახებ?
_ წინასწარმეტყველი არ გახლავართ. არც ეკონომიკური საკითხების ექსპერტი, თუმცა იმ ინფორმაციით, რაც დღეს გამაჩნია, საქართველოს მთავრობა პარლამენტში წარგენილი 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით 700 მილიონ ლარზე მეტი საგარეო ვალის აღებას გეგმავს, მაშინ, როცა მთავრობას ნახევარ მილიარდ ლარამდე შიდა ვალი დაუგროვდა. როგორც ეკონომიკური ექსპერტები ამბობენ, ეს ქვეყანას სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს და მას ფინანსთა მინისტრის, ასევე მთავრობის სხვა წევრების მხოლოდ თვითდაჯერებული და ირონიული გამომეტყველება ნამდვილად ვერ უშველის. რაც შეეხება იმ საკითხს, ვინ იქნებიან ჩვენი შემცვლელები, ვერც ამ თემაზე დავიწყებ მარჩიელობას. ეს ცალსახად, ახალი პრემიერის და მისი გუნდის გადასაწყვეტია, თუმცა, თუკი იმ ხალხის დანიშვნის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება, პოზიტიური გარღვევების იმედი ნამდვილად არ უნდა გვქონდეს.
_ ანუ, ფიქრობთ, რომ სხვა თქვენსავით საქმის კეთებას ვერ შეძლებს?
_ შუცვლელი არავინაა. უბრალოდ, მე ვისაუბრე იმ რეალობის შესახებ რა ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარებაც ამ ეტაპისთვის ქვეყანაშია. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს შემდგომ მოსულმა ჩვენზე მეტი გააკეთოს, მაგრამ ამისთვის მარტო ოცნება და კეთილი სურვილები საკმარისი არ არის. რამის გაკეთება რომ შეძლო, პირველ რიგში, აუცილებელია, შესაბამისი კვალიფიკაციის ქონა და სათანადო ფინანსური რესურსების არსებობა. შეცვლით რა შეიცველება? ალბათ, გადახალისდება გუბერნიის ავტოპარკი, უფრო კეთილმოეწყობა სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების სამუშაო კაბინეტები. ხალხის საკეთილდღეოდ კი ბევრი არაფერი შეიცვლება.
_ სად აპირებთ კარიერის გაგრძელებას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ?
_ მე ვრჩები “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად და შევეცდები ჩემი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის, მათ შორის, საარჩევნო მიმართულებით მიღებული გამოცდილება პარტიის გაძლიერებისთვის გამოვიყენო.
_ პარტიაში იმისთვის ხომ არ მიდიხართ, რომ ისევ ახალ თანამდებობებზე გიხილოთ?
_ ჩემთვის თანამდებობა, პარტია და პარტიული საქმიანობა თვითმიზანი არასდროს ყოფილა. თითქმის 10 წელია საჯარო სამსახურში ვარ და მოწვეული სპეციალისტიდან დაწყებული დეპარტამენტის უფროსის ჩათვლით ყველა რანგის თანამდებობაზე მიმუშავია. ამით იმის თქმა მინდა, რომ წინა მთავრობის პირობებში ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ საჯარო მოსამსახურეს უწყვეტი პროფესიულ-კარიერული განვითარებისთვის მიეღწია. დღეს რას ვხედავთ? იმის ნაცვლად, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებული პროფესიონალი კადრების განვითარება ახალ საფეხურზე გადასულიყო და მაქსიმალურად მომხდარიყო მათი გამოცდილების გამოყენება, ვუბრუნდებით 2003 წლამდე არსებულ მდგომარეობას, როცა ადამიანები თანამდებობებზე ნათესაური კავშირებით და ოჯახისშვილობით ინიშნებოდნენ. ეს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა, როცა ბანკში თავისი თანაშემწე, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნდა, ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა, ახლა კი პრემიერ-მინისტრობის რეალური კანდიდატია. მან კი, თავის მხრივ, ოჯახის ახლობლის შვილი შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. ასევე, საუბარია იმაზე, რომ ბევრ რეგიონში მხარის რწმუნებული დაინიშნება არა მისი პროფესიული და პოლიტიკური გამოცდილების მიხედვით, არამედ პრემიერთან მისი პირადი ნაცნობობით. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, ქვედა დონეზეც გაგრძელდება. ამ ყველაფერს ფეოდალური ხანის ელფერი აქვს. მინდა, რომ ეს შეიცვალოს. არ მინდა ქვეყანაში პოლიტიკის წარმოება მარიონეტების თეატრს დაემსგავსოს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ოკუპანტთან პატრონყმურ მდგომარეობაში არ იყოს და ღიმილიანი რიტორიკით არ ცდილობდეს რუსეთის საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბებული იმპერიალისტური გეოპოლიტიკის და გეოსტრატეგიის შეცვლას. ეს და კიდევ სხვა ბევრი ფაქტორია, რამაც “ნაციონალური მოძრაობის” რეფორმატორულ გუნდში მისვლა გადამაწყვეტინა. ჩვენ გვჯერა, რომ პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანების თანადგომით ამ ყველაფერს შევცვლით.