ყველა შეხვედრა, სადაც საკითხთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, მწვავე დისკუსიის და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე მიმდინარეობდა. თუმცა, სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შენიშვნების თუ რეკომენდაციების გათვალისწინების მიუხედავად, კოდექსის ის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და განსახილველად უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი, პრობლემებს ისევ ქმნის, რისი გამოსწორებაც მის დამტკიცებამდე უნდა მოხდეს.
ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც შეხვედრებზე ხშირად ისმება, ეთნიკურ თუ ეთნოგრაფიულ ნიშანთან დაკავშირებული რეგიონებია, რაც მათი აზრით, საკმაოდ დიდ რისკებს ქმნის.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ქვეყანაში ფედერალური მოწყობის მოდელი მივიღოთ.
“თვითმმართველობის აღნიშნული კანონპროექტი მრავალმხრივ დაწუნებულია შესაბამისი დარგობრივი სპეციალისტების მიერ, მათ შორის კონსტიტუციასთან მიმართებაშიც არის ხარვეზები. ასევე, ძირითადი შფოთის საგნად წარმოდგენილია რეგიონალიზმის მოცემული პრინციპი, რომლის თანახმად, ტერიტორიული დაყოფისა და რეგიონალიზმის მიხედვით, იქმნება “დეცენტრალიზმის” მეტად უცნაური პრინციპი. არ არის გამორიცხული ამგვარი მიმართებით საქართველოს ფედერალიზაციისკენ წავიდეთ. საკმაოდ საგანგაშოა, რომ რეგიონები, მათ შორის, ეთნიკური თუ ეთნოგრაფიულ ნიშანთან დაკავშირებული, საკმაოდ დიდ რისკებს ქმნის. რაც გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამახასიათებელმა ენებმა რეგიონული ენების სტატუსიც მიიღოს, ეს კი საკმაოდ საშიში მოვლენაა, რამდენადაც, ენების ქარტიის მიხედვით, მათ შორის სეპარატიზმიც შეიძლება წახალისდეს, ხოლო არაქართველი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში სულაც დანარჩენ საქართველოსთან კავშირი გაქრეს. აქცენტი გაკეთდება კიდევ მეტ ჩაკეტილობასთან და ინტეგრირების ნაცვლად დათიშვა მოხდება; ამ პროცესში ძალზე საშიშად მოჩანს ლოგიკური განვითარება, ეს არის ტერიტორიულ ორგანოებში, რეგიონული ენების მქონე ავტოქტონი მოსახლეობის ე.წ. “თვითგამორკვევის” მსოფლიოში აღიარებული უფლება”, _ აცხადებს გამზარდია.
მისივე თქმით, “ამგვარი განვითარების შემთხვევაში, მსოფლიოს მიერ აღიარების სრულ სივრცეს კოსოვოს ცნობილი პრეცენდენტი ქმნის”.
“მარტივ ენაზე, ეს ყველაფერი ნიშნავს, ერთი მხრივ, არაქართველი მოსახლეობით გაჯერებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, ჯავახეთი), ასევე “ენის” სტატუსის მქონე საქართველოს სხვა რეგიონები (თუშეთი, სამეგრელო, სვანეთი) სრულად გაქრეს საქართველოს ფარგლებიდან. ახალი კოდექსის მიღების შემთხვევაში ეს რისკი საკმაოდ საფუძვლიანია, რასაც, ვფიქრობ, საზოგადოება მკაცრად უნდა აღუდგეს. გავრცელებული შეხედულებით, საქართველოს მოწყობის აღნიშნული ხედვა – ფედერალიზაციის კუთხით, “რესპუბლიკურ პარტიას” უკავშირდება, რომლის გავლენა დღევანდელ საქართველოს პარლამენტში საკმაოდ დიდია. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის მიღებით მართლაც ეს პარტიაა დაინტერესებული, არაა გამორიცხული ამ კანონის მიღება მათივე ლობირებით და ინტერესებით მოხდეს”, _ უთხრა გამზარდიამ “გურია ნიუსს”.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია წარდგენილი და სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე უნდა დამტკიცდეს.
რეფორმის ინიციატორების განმარტებით, თვითმმართველობის რეფორმის შედეგად თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაიზრდება და დღეს არსებულ ხუთ თვითმმართველ ქალაქთან ერთად, ეს სტატუსი დამატებით ცამეტ ქალაქს მიენიჭება. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარედ ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც მუნიციპალიტეტები ფორმირდება. თვითმმართველი ერთეულების – ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება.
გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან მუნიციპალიტეტების საკრებულოებს წევრები და ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მხარის/რეგიონის დონეზე.
ამასთან, რეფორმის ინიციატორები აცხადებენ, კოდექსით ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რაც სოფლების მცხოვრებთა საჭიროებების გამოვლენას და მათ გადაწყვეტას ხელს შეუწყობს.
კანონპროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ რეფორმის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით მოხდება ქალაქებისა და სოფლების სოციალურ ეკონომიკური განვითარება; ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად დაუახლოვდება საკუთარ მოსახლეობას, რაც გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობის დონეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში; გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხიც.