შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კომისიას ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი უხელმძღვანელებს. ძველი წევრებიდან კომისაში მუშაობას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი და მიტროპოლიტი თეოდორე გააგრძელებენ. კომისიის ახალი წევრები კი – ლია მუხაშავრია, ეკა გიგაური, თეა გოგოტიშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, ზვიად ქორიძე, თამარ ხიდაშელი და კოტე ჯანდიერი არიან.
კომისიის ახალი შემადგენლობა პირველად, მიმდინარე წლის განმავლობაში შეიკრიბება. როგორც ჟურნალისტებს კომისიის ახალმა თავმჯდომარე ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, შეეცდებიან, პრეზიდენტს შესაწყალებელ პატიმართა პირველი სია საახალწლოდ წარუდგინონ.
“ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება. ვეცდებით, რომ პრეზიდენტს საახალწლოდ წარვუდგინოთ შესაწყალებელთა პირველი სიები,” _ აღნიშნა ელისაშვილმა.
რაც შეეხება პატიმართა შეწყალების კრიტერიუმებს, ელისაშვილის გამნარტებით, ის ძალიან მკაფიოდ და გასაგებად გაიწერება. მისი თქმით, შეწყალების კომისიაში ამ ეტაპზე შესულია 600-მდე განცხადება, საიდანაც მოქმედი კრიტერიუმების თანახმად, 150 საქმე გადარჩეულია.
“როგორც ვიცი, კიდევ 200-მდე განცხადებას საპატრიარქოდან ველოდებით. ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა საკითხზე ვიმსჯელოთ. პირველი სამუშაო შეხვედრა ამ კვირაში გაიმართება და თავს არ დავზოგავთ, რომ ახალ წლამდე პრეზიდენტს უკვე პირველი სია წარვუდგინოთ. ჩვენ ვმსჯელობთ, რომ სულ მცირე, ხუთჯერ მაინც შევიკრიბოთ წელიწადში, რათა კომისიას არ უწევდეს ერთბაშად 200 და 300 საქმის განხილვა. საუბარია ადამიანების ბედზე და არ გვინდა, რომელიმე საქმე გაგვეპაროს,” _ განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, შეწყალების კრიტერიუმები განსაზღვრულია, თუმცა არის რამდენიმე ბუნდოვანი და მიუღებელი მუხლი, რომელიც უნდა შეიცვალოს. ამასთან, ელისაშვილის შეფასებით, შეწყალების წინა კომისია პოლიტიზებული იყო, სადაც “ერთი სია იგზავნებოდა, მეორე – მტკიცდებოდა”.
“პრეზიდენტის მხრიდან იყო შეწყალების ოდიოზური შემთხვევებიც. თუმცა, ამის მიუხედავად, ქალბატონ ელენე თევდორაძეს დავუკავშირდები და მასთან ერთად რაღაც საკითხებს აუცილებლად გავივლი,” _ აღნიშნა ელისაშვილმა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ელისაშვილს კომისიის ყოფილ თავმჯდომარესთან შეხვედრა და მიმდინარე საქმეების გაცნობაც სურდა, თუმცა, ელენე თევდორაძემ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ საქმეები, რისი გაცნობის მიზეზითაც, ელისაშვილმა შეხვედრა ითხოვა, მას არ აქვს და ყველა საქმე ადმინისტრაციაშია.
რაც შეეხება კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ შეფასებებს, “საქართველოს ანტიკორუფციული პალატის” თავმჯდომარე პაატა შავაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ კომისია არა საზოგადოების წევრებით, არამედ უფლებადამცველებით უნდა დაკომპლექტებულიყო.
“კომისიის ახალი შემადგენლობა არ არის ის, რომელიც შეწყალების კომისიის წევრებად უნდა იწოდებოდნენ. რა შუაშია შეწყალების კომისიასთან ალეკო ელისაშვილი, ზვიად ქორიძე, ბასა ჯანიკაშვილი ან მღვდლები? ისინი იურისტები არ არიან, შესაბამისი მიდგომების უნარი არა აქვთ. შეწყალების დროს მათ ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასების გარდა, სამართლებრივი შეფასებაც უნდა შეეძლოთ. ეს კომისია კი მსახიობებით, რეჟისორებით და ჟურნალისტებით დააკომპლექტეს, რაც სწორად არ მიმაჩნია. ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ცნობილი ადამიანები არიან კომისიაში, ვინ არის აქ განსაკუთრებით ცნობილი? არიან გაცილებით ცნობილი ადამიანები, რომლებსაც მეტი შეუძლიათ გააკეთონ ჰუმანური მისიის შესრულების დროს, მაგალითად, ზაქარია ქუცნაშვილი. მისი სახით კომისიას ბრწყინვალე წევრი ეყოლებოდა, ასევე კომისიიდან არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებდი ელენე თევდორაძეს. ის თვისობრივად უფლებადამცველია და გავუგრძელებდი უფლებამოსილებას. ეს არ არის ის კომისია, რომელიც იმ რთულ მისიას იკისრებს, რასაც შეწყალება ჰქვია. კომისია, თავის შემადგენლობიდან გამომდინარე, ობიექტურიც ვერ იქნება, ისინი ვერ დაძლევენ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რაც საქართველოშია. რიგ საკითხებს სამართლებრივ ანალიზს ვერ გაუკეთებენ, ამიტომ მარტო კარგი ბიჭია და წვრილშვილიანი, ეს შეწყალების საფუძველი არ შეიძლება გახდეს, სამართლებრივი ანალიზია საჭირო. ამიტომ, ვფიქრობ, კომისია არა საზოგადოების წევრებით, არამედ უფლებადამცველებით უნდა დაკომპლექტებულიყო. შეწყალება ჰუმანური აქტია, ამიტომ უფლებადამცველის პოზიციას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მწერლის, ფსიქოლოგის და სასულიერი პირის მოსაზრებებს. სამართლებრივი ანალიზის გარეშე ასეთი მოქმედებების განხორციელება და დოკუმენტების განხილვა წარმოუდგენელია. სისხლის სამართლის საქმეს როგორ უნდა გაუგოს თავი და ბოლო მწერალმა და ფსიქოლოგმა, ან თუნდაც ჟურნალისტმა? თავიანთი საქმის სპეციალისტები არიან, მაგრამ აღარ უნდა დამთავრდეს ის დრო, რომ ჟურნალისტებმა იურისტობა დაიწყონ და პირიქით? ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. პირადი სიმპატია-ანტიპატიების გამო გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ. სპეციალისტების გარეშე შეწყალების კომისია არ არის შეწყალების კომისია. ამიტომ არ მივესალმები შეწყალების კომისიის ამდაგვარ შემადგენლობას. ცოტა გული დამწყდა, რომ ეს შემადგენლობა პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს დიდ პატივს ვცემ, მიმაჩნია, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს,” _ აცხადებს შავაძე.
მისივე თქმით, შესაძლოა, კომისიის ეს შემადგენლობა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოექცეს.
“ეს საფრთხე არის და იქნება. როდესაც ფსიქოლოგი, რეჟისორი და ჟურნალისტი იღებს შეწყალების გადაწყვეტილებას და მას კანონი არ ესმის, არც მისი საპროცესო მოთხოვნები იცის, ამის ალბათობა დიდია. ამიტომ მისთვის პოლიტიკოსის ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა გაუგებარი და ზეგავლენის მომხდენი შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, როცა არაპროფესიონალი იჭრება სხვის პროფესიაში, ის აუცილებლად მოექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეშ, თუნდაც იმიტომ, რომ უფრო მეტად პროფესიონალს დაეკითხოს, როგორ გადაწყვიტოს ესა თუ ის საკითხი, იურისტს კი ეცოდინება პროფესიონალურად რა გადაწყვტილება მიიღოს. ეს აუცილებლად იქნება საფრთხის შემცველი. რა თქმა უნდა, წინა კომისიასთან დაკავშირებითაც იყო შენიშვნები და საზოგადოების გულისწყრომა. ალბათ, გახსოვთ კიდეც, ბოლოს გამოვიდა ელენე თევდორაძე და თქვა მე არ ვიცი ვინ შეიწყალესო. წარმოიდგინეთ ეს რა მარაზმია, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარის გვერდის ავლით ტრიალებდა სისხლის სამართლის საქმეები და ვინ ვის იწყალებდა, არავინ იცის. ისიც გვახსოვს უჩა ნანუაშვილმა პროკურატურის როლი რომ ითამაშა,” _ ამბობს შავაძე და დასძენს, რომ შეწყალების კომისიაში სასულიერო პირიც არ უნდა იყოს.
“მე რომ მუსლიმური საზოგადოების წარმომადგენელი ვიყო ვიტყოდი, რატომ უნდა იყოს კომისიის შემადგემლობაში მღვდელი და არა სხვა რელიგიის წარმომადგენელი? შეიძლება მუსლიმი იყოს დაჭერილი და მღვდელმა მის შეწყალებაზე უარი განაცხადოს, სამართლიანი იქნება? თუკი არის კომისიაში მართმადიდებლური რელიგიის წარმომადგენელი, მაშინ სხვა რელიგიების წარმომადგელბიც ჩავსვათ. საზოგადოებაში ესეც გამოიწვევს გარკვეულ გულისწყრომას და უხერხულობას, ამიტომ მიტროპოლიტის ჩასმა კომისიაში საჭირო საერთოდ არ იყო,” _ აღნიშნავს შავაძე.
“პოლიტიკის და სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელი ამირან გიგუაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის ეფექტურობის გარანტი ამ შემთხვევაში თავად პრეზიდენტი უნდა იყოს.
“ის, რომ შეწყალების კომისია მისი არსებობის დღიდან, განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მთლიანად პოლიტიზებული იყო და კონკრეტულ პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა, საკამათო არ არის. ამას თვითონ ელენე თევდორაძეც ადასტურდებს. თუმცა, მან ხმა მხოლოდ მაშინ ამოიღო, როცა მის ნათქვამს რეალურად ფასი აღარ ჰქონდა. რაც შეეხება კომისიის ამჟამინდელ შემადგანლობას, მათი შეფასება ნაადრევია, თუმცა, კომისიის ეფექტურობის გარანტი ამ შემთხვევაში თავად პრეზიდენტი უნდა იყოს. ამასთან მიმაჩნია, რომ კანონიც დასახვეწია და სრულყოფა სჭირდება, რადგან არსებული რედაქცია ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და არ გამორიცხავს, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, კომისია კვლავ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისათვის იქნეს გამოყენებული. ამიტომ, კანონი ზუსტად უნდა ასახავდეს იმ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მსჯავრდებულებს და მათ ოჯახებს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების იმედი ექნებათ. დღეს შეწყალებას არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლი და პრეზიდენტის ბრძანებულება შეწყალების გამოყენების წესის შესახებ, რომელშიც პრეზიდენტს ენიჭება საგამონაკლისო უფლება დადგენილი ნორმების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე. ასეთი ზოგადი და საგამონაკლისო ნორმები ამოსაღებია და საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია, რათა პრეზიდენტის შეწყალების უფლება სასამართლო განაჩენის რევიზიად არ გადაიქცეს, როგორც ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა. საერთოდ უმჯობესი იქნება, მეტი კონტროლისა და ლეგიტომაციისთვის, შეწყალების საკითხს ცალკე კანონი არეგულირებდეს, როგორც ეს ევროპის ზოგიერთ ქვეყნაშია,” _ აცხადებს გიგუაშვილი.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ალეკო ელისაშვილის დანიშვნას დადებითად აფასებს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი წარმომადგენლებით, რომლებიც ნეიტრალურები იქნებიან და მხარეებს არ წარმოადგენენ.
“კომისიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე მხოლოდ პოზიტიურად შევაფასებ და მივესალმები შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ალეკო ელისაშვილის დანიშვნის გადაწყვეტილებას. კომისია უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი წარმომადგენლებით, რომლებიც არ იქნებიან მხარეები, იქნებიან ნეიტრალურები და ამავე დროს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საკმარისი გამოცდილება ექნებათ. გამოცდილება ეხება განსაკუთრებით პატიმრებთან მუშაობას და მათი უფლებების დაცვას. კომისიას, რომელიც მსჯავრდებულების საქმეებს სწავლობს, ძალიან საინტერესო მიმართულება აქვს,” _ განაცხადა ბესელიამ.