საქართველოს პარლამენტი:
აცხადებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია;
ეყრდნობა “აღმოსავლეთის პარტნიორობის” 2009 წლის პრაღის სამიტისა და 2011 წლის ვარშავის სამიტის დეკლარაციების სულისკვეთებას;
ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველომ, ბოლო წლებში ევროპასთან დაახლოების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს;
ეყრდნობა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-8 და 49-ე მუხლებს, რომლებიც ევროპის სახელმწიფოებისათვის გაწევრების პერსპექტივას ითვალისწინებს, აგრეთვე ევროპარლამენტის 2011 წლის 17 ნოემბრის რეზოლუციას, რომელმაც შექმნა საფუძველი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ხელშეწყობისთვის;
ითვალისწინებს “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” შესახებ ევროპარლამენტის 2013 წლის 23 ოქტომბრის რეზოლუციის 38-ე−41-ე პუნქტებს, რომელთა თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით საქართველომ დაამტკიცა ევროპული ფასეულობების ერთგულება;
აღნიშნავს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე;
აღიარებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში პოლიტიკური და კულტურული მრავალფეროვნებისა და “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ქვეყნების ინდივიდუალური მიდგომების პატივისცემას, იმავდროულად, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, რეგიონალური უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგოპროექტების განხორციელების სფეროებში, მათი ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი:
ა) საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვილნიუსის სამიტზე ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებასთან დაკავშირებით;
ბ) გამოხატავს მზადყოფნას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა 2014 წელს ხელი მოეწეროს ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას;
გ) აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატებში, აგრეთვე ევრონესტის (აღმოსავლეთის პარტნიორობის) საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში;
დ) გამოხატავს რწმენას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და დემოკრატიული სამყარო გააძლიერებენ ძალისხმევას “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ქვეყნების მხარდასაჭერად და მათი სუვერენიტეტის დასაცავად; ამასთანავე, გამოთქვამს იმედს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ქვეყნებს ექნებათ არჩევნის თავისუფლება, რომელსაც ვერავინ ხელყოფს;
ე) მოუწოდებს ევროპის კავშირს, გააძლიეროს დახმარების ინსტრუმენტები “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ქვეყნებისთვის, რათა ისინი მეტად დემოკრატიულები გახდნენ და ხალხთა შორის კავშირები უფრო ინტენსიური გახადონ;
ვ) იმედოვნებს, რომ ევროპის კავშირი “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ამბიციურ პროექტს მეტად ქმედითს, მოქნილსა და შედეგებზე ორიენტირებულს გახდის.
ქუთაისი,
2013 წლის 27 ნოემბერი.
№1664-Iს