ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე შარაშენიძემ დეპუტატებს და დამსწრე სტუმრებს ესაუბრა 2014 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასახორციელებელიპროექტების შესახებ, რომლის დაფინანსება რეგიონებში გასახორციელელებელი პროექტების ფონდიდან უნდა მოხდეს. მან ისაუბრა თითოეული პროექტის საორიენტაციო ღირებულების შესახებ. ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებისას უმთავრესი ყურადღება სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების კეთილმოწყობას, მის კაპიტალურ რემონტს დაეთმობა. ასევე რიგ სოფლებში გაკეთდება წყალი, გარემონტდება საბავშვო ბაღები.
როგორც კოტე შარაშენიძემ განაცხადა, პროექტების ღირებულების ჯამური თანხა 20 მილიონ 534 ათას ლარს შეადგენს და არის დიდი იმედი იმისა, რომ მთავრობა აღნიშნულ დაფინანსებაზე უარს არ იტყვის.
მან დაასახელა ჩასატარებელი კონკრეტული სამუშაოები: ასკანის თემში სასმელი წყლის 6 კმ სიგრძის ძირითადი მაგისტრალი მოეწყობა, ასევე უნდა გარემონტდეს კურორტ გომისმთის წყალმომარაგების სისტემა. გზების კაპიტალური რემონტი ჩატარდება ოცი დასახელების სოფელსა თუ სპეციალურ მონაკვეთზე. ასევე, მოხდება სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია და კურორტ გომისმთის ადმინისტრაციული შენობის აგება. ქალაქ ოზურგეთის სამ საბავშვო ბაღს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი.
საბოლოოდ, წარმოდგენილი განკარგულება დეპუტატებმა მოიწონეს და წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცეს.