“ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება იუსტიციის მინისტრის ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადებას მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის უვადოდ გადავადებასთან დაკავშირებით.
მიგვაჩნია, რომ ძველი ხელისუფლების მიერ უკანონოდ წარმოებული საქმეების, უკანონო და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებების ხელახლა გადახედვა და სამართლიანობის აღდგენა სწორედ “ქართული ოცნების” მიერ გაცემულ ძირითად დაპირებას წარმოადგენდა, რამაც მეტწილად განაპირობა მათი ხელისუფლებაში მოსვლა.
მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივა ხელისუფლების მიერ სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთ ძირითად ბერკეტს წარმოადგენდა იმ ტოტალური უკანონობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების სათავეში ყოფნის განმავლობაში ათასობით ადამიანი გახლდათ. პირველი პოზიტიური ნაბიჯები მოქმედმა ხელისუფლებამ სათავეში მოსვლიდან მალევე გადადგა და პარლამენტის მიერ 2012 წლის 5 დეკემბერს მიღებულ იქნა დადგენილება, რომელიც შეეხებოდა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირების სტატუსის აღიარებას სახელმწიფოში. ამით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება აღნიშნული პირების მიმართ სამართლიანობის აღდგენის პროცესზე.
მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივამ საზოგადოებაში გამოიწვია სამართლიანობის აღდგენის განცდა და ხელისუფლების შეცვლის დღიდან საზოგადოება მოთმინებით ელოდება აღნიშნული კომისიის შექმნას. კომისიის ჩამოყალიბების პროცესში აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო სექტორი, იმართებოდა შეხვედრები და მიმდინარეობდა კომისიაში წარსადგენი საქმეების მომზადება.
”ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის” მიუღებელია მთავრობის გადაწყვეტილება მოსალოდნელი ფინანსური და ეკონომიკური რისკების გამო, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის უვადოდ გადავადების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელყოფს ადამიანის ძირითადი, ფუნდამენტური უფლებების დაცვას,” _ აღნიშნულია განცხადებაში.