შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საოკუპაციო ზონაში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა საზღვრის სამშენებლო სამუშაოები განაახლეს. ამასთან, მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ სოფელ ხურვალეთის 2 მკვიდრი, ახლა კი ხაშურის რაიონის ორი მცხოვრები დააკავეს.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გუშინ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც გაავრცელა.
“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებით აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მოცემული პროცესი კვლავ განახლდა. ეს ღონისძიებები ტრაფარეტების დამონტაჟების ფონზე მიმდინარეობს, რომლებიც მოსახლეობას აფრთხილებენ არ გადაკვეთონ ტერიტორია. მისიამ გამოიყენა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი და ყველა მხარეს მოუწოდა გაცვალონ ინფორმაცია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, წლის ამ რთულ პერიოდში, მოვუწოდებთ ყველა მხარეს გაითვალისწინოს ის ზეგავლენა, რაც მოცემულ პროცესს შესაძლოა მოსახლეობის ყოფაცხოვრებაზე, რესურსებსა და საარსებო წყაროზე ჰქონდეს,” _ განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ხაშურის რაიონში რუსი სამხედროების მიერ საქართველოს ორი მოქალაქის გატაცების ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ისინი გუშინ საღამოს დააკავეს.
“რაც შეეხება ღოღეთთან მავთულხლართების ინსტალაციას, ამ ფაქტსაც ვადასტურებთ. აქ მანამდე რუსმა “მესაზღვრეებმა” წითლად შეღებილი ბოძები დაამონტაჟეს და ამ ბოძებზე დღეს დილიდან მავთულხლართების ინსტალაცია ხდება,” _ აღნიშნავს სუჯაშვილი.
მისი თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე ინფორმირებულია. ამასთან, მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის მითითებით, სამინისტროს ქვედანაყოფების პატრულირების ინტენსივობაც გაზრდილია.
“არა მარტო ქარელის რაიონში, არამედ ყველა პერიმეტრის მიმართულებით არის გაზრდილი პატრულირების ინტენსივობა,” _ უთხრა “გურია ნიუსს” დავით სუჯაშვილმა.
პოლიტოლოგი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საოკუპაციო ზონაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის მხრიდან საქართველოს დაშინების მცდელობად აფასებს. ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ გალის რაიონში ადამიანის გატაცება გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით ხდება, გარკვეულწილად, ესეც, ცხინვალის ზონაში მიმდინარე მოვლენების მსგავსად, რუსეთის დიდი პოლიტიკის ნაწილია.
“შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ერთგვარი გაფრთხილებაა იმ პოლიტიკის გამო, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ადგას. აქედან გამომდინარე, ჩავთვალოთ, რომ ეს ერთგვარად დაშინების მცდელობაცაა.
ასე რომ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ასევე, მაღალი თანამდებობის პირთა განცხადებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, სიტუაცია მაინც არ იცვლება. სხვათაშორის, გუშინ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად განაცხადეს, რომ საქართველო ამ დაპირისპირებაში მარტო არ იქნება და ისინი აქტიურად ჩაერთვებიან საქართველო-რუსეთის ამ კონფლიქტში, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას ძალიან მკაფიოდ აქვს არჩეული უკომპრომისო გზა, რომელიც არ ითვალისწინებს ევროპელების ჩარევას მის საქმეში. მარტივად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად არ აღელვებს რას იტყვიან ევროპაში. მე ხაზს ვუსვამ ევროპას, რადგან რუსეთის ხელისუფლებას აშშ-სთან მაინც სხვა ტიპის დამოკიდებულება აქვს,” _ აღნიშნავს არეშიძე.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებების გამო რუსეთის მიმართ ევროპისგან უფრო მეტ “სიმკაცრეს” არ უნდა ველოდოთ, რადგან ამასთან დაკავშირებით ევროპის ერთიანი პოზიცია არ არსებობს.
“ვიდრე ევროპის თუნდაც ნაწილი რუსეთის ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული და გარკვეულწილად, ვიდრე ევროპაში რუსეთის ლობისტები არსებობს და ასეთი ბევრნი არიან, მანამდე ასეთი რა ვერ მოხდება. სიმკაცრე უნდა იყოს ევროპის ერთიანობაში ანუ ერთიანი პოზიცია უნდა გამოხატონ და ასეთის შექმნა მათ არ შეუძლიათ. განცხადება განცხადებად რჩება და ქმედით ზომებს ისინი ვერასდროს ვერ იღებენ. ქმედითი ზომები გამოიხატებოდა ვთქვათ რუსული ანგარიშების დაყადაღებაში ან ვთქვათ, რუსი ჩინოვნიკების ვიზების გაუქმებაში, რომ ისინი ევროპაში ვერ მოხვდნენ და ა.შ. მაგრამ ამას ვერ აკეთებენ იმიტომ, რომ ერთი პირი არ აქვთ. აქედან გამომდინარე ევროპის საგანცხადებო აქტიურობას სამწუხაროდ, შედეგი არ მოაქვს. სხვა იქნებოდა ამ საქმეში აშშ რომ ჩაერთოს, მაგრამ ამერიკა ჯერჯერობით, აქტიურობას არ იჩენს.
რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეაფერხოს ან საერთოდ დაბლოკოს. უახლოესი 6-7 თვე ამ საქმით იქნება დაკავებული. ყველაზე აქტიური ხერხი, რაც რუსეთს შეუძლია საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს, ესაა ზეწოლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. საქართველო უკრაინა არ არის და რუსეთს არ აქვს ეკონომიკური ბერკეტები ზემოქმედებისთვის. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ერთი – სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტი აქვს და ამით ზემოქმედებას ის აუცილებლად გააგრძელებს. მისი მეთოდოლოგია გამოიხატება ქართული მოსახლეობის ნაცადი გზით შევიწროებაში და ის აუცილებლად გააგრძელებს ღობის მშენებლობის პროცესს,” _ აცხადებს არეშიძე.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რუკას, რომლის მიხედვითაც რუსები ღობეს აგებენ, თუ მცოდნე ადამიანი დახედავს, მიხვდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს “საზღვარი” საქართველოს ტრანსკავკასიურ ავტომაგისტრალის თბილისი-გორის მონაკვეთზე გადმოვა. არეშიძის თქმით, ეს პრესტიჟის თვალსაზრისით, საქართველოსთვის უმძიმესი დარტყმა იქნება.
“საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს შეიძლება მოხდეს და რომ მისი არჩევანი შეიძლება ასეთი გამოვიდეს. ჩვენ ამასაც უნდა გავუძლოთ იმისათვის, რომ ხვალ უფრო ნათელი დღე გველის. ან უნდა თქვას, რომ აქამდე ნუ მივიყვანთ საქმეს. ეს საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგი უნდა იყოს. ამიტომ ვამბობ, რომ საზოგადოებამ არა პროპაგანდისტული თვალსაზრისით, არამედ რეალურად უნდა იცოდეს რა პლიუსები და მინუსები აქვს იმ გზას, რასაც ჩვენ ვადგავართ, რა შედეგები შეიძლება მოგვცეს და როგორი იქნება ამ შედეგების პლიუსები და მინუსებიც,” _ ამბობს ექსპერტი.
სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაზე საუბრისას არეშიძე აღნიშნავს, რომ ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიური უნდა იყოს. თუმცა, საქართველომაც უნდა იაქტიუროს რუსეთთან ურთიერთობის საქმეში.
“ვფიქრობ, რომ ჩვენ ახალი ინიციატივების დემონსტრირება უნდა მოვახდინოთ, რასაც სჭირდება სერიოზული ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. ვიმეორებ, რომ ჩვენ პოლიტიკურ ისლამთან ერთობლივი ბრძოლის კონტექსტში გარკვეული კოზირები გვაქვს, რომლითაც შეიძლება რუსეთს ველაპარაკოთ. მოკლედ არის ერთობლივი თემები, რომელზეც ყურადღების გამახვილება შეიძლება,” _ ამბობს არეშიძე.
ამასთან, მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიაროს იმ საზღვრის კანონიერება, რომელსაც რუსები ავლებენ, მაინც გარკვეულწილად, თავის მოსახლეობაზე უნდა იზრუნონ. არეშიძე აქცენტს გამყოფ ხაზთან მდებარე 84 სოფლის მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მთავრობის ეს გეგმა შესანიშნავია.
ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, რუსების “მესაზღვრეების” მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებების პრევენციისთვის, ქართულმა მხარემ ის რუკები უნდა გამოიყენოს, რომლითაც ამჟამად რუსები ხელმძღვანელობენ.
“არ ვიცი, იმ ორ ადამიანს შეიძლება ერთი ნაბიჯი გადაუცდათ, ადგილობრივები კი ამბობენ, რომ არავინ არ გადასულა იქეთო, მაგრამ ზუსტად ხომ არავინ არ იცის, სად გადის ის საზღვარი?
ჩვენ მაინც ვიცოდეთ, ზუსტად სად გადიოდა ის ადმინისტრაციული საზღვარი. ხომ ვიცით დაახლოებით, რა რუკებით სარგებლობენ რუსები?! ეს რუკები გამოვიყენოთ. კი არ შევუთანხმოთ მათ და ვთქვათ, რომ საზღვარი აქ გადის, უბრალოდ, შიდა მოხმარებისთვის მაინც ვიცოდეთ, რომ ხალხი დაცული გვყავდეს. შიშის სინდრომი მოვხსნათ, რაღაცნაირად წინასწარ მოვემზადოთ იმისთვის, რაც შეიძლება რუსებმა ხვალ გააკეთონ. აუცილებლად გააკეთებენ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი ტიპის ზემოქმედების ბერკეტი, რომელიც მათ ამ საქმიანობაში ხელს შეუშლით. მე აქ ვგულისხმობ დღევანდელ დღეს – დღეს სადაც ავლებენ ისინი ღობეს. თორემ, თუ ქვეყნის სიღრმეში წამოვლენ, არ ვიცი, ალბათ, განგაშის ზარები უნდა ჩამოვკრათ და ქვეყანა შევყაროთ…” _ უთხრა “გურია ნიუსს” მამუკა არეშიძემ.