ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, დავით დარახველიძემ “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ” კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა პროექტის პირვანდელ ვარიანტში გათვალისწინებული იყო, თუმცა ის ფინანსთა სამინისტრომ არ გაიზიარა. წარმოდგენილი პროექტით, იცვლება დევნილის ცნება – ეს სტატუსი მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირებს არ ექნებათ. დევნილის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასობრივი ძალადობის მსხვერპლი გახდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე ახლებურად განისაზღვრება დევნილებთან დაკავშირებული სახელმწიფო დახმარებები და შემწეობები. დევნილთა შემწეობის ოდენობა 45 ლარამდე იზრდება, ხოლო შემწეობა მოეხსნება დევნილებს, რომელთა დასაბეგრი შემოსავალი 1250 ლარია. ასეთი კი მინისტრის მონაცემებით, დაახლოებით 6000-დან 7000-მდე დევნილია. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დევნილის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი 1250 ლარზე ნაკლები გახდება, მას დევნილის შემწეობა ავტომატურად აღუდგება.