რაც ამ მაგიდაზე დოკუმენტები აწყვია, ამის ნახევარი ეძღვნება სასწრაფო დახმარებას” _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ “გურია ნიუსთან” ჯერ აპრილის თვეში.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო სასაწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის რეორგანიზაციას იწყებს. სავარაუდოდ, მინისტრი ამის შესახებ დღეს დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე განაცხადებს.
სამინისტრომ გადაწყვიტა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამართულად მუშაობისთვის შეიქმნას სიპ-ი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი), რომელიც უზრუნველყოფს მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისის გარდა) სასწრაფო სამედიცინო სამსახურის სწორ მენეჯმენტს. დაინერგება ახალი მეთოდოლოგია, მისამართზე გასვლა მოხდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით. მოხდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების, მედდების, მძღოლების გადამზადება.
უკვე გამოცხადდა ტენდერი, რომლის თანახმად უნდა მოხდეს 220 მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომობილის (2-ხიდიანი) შესყიდვა.
მოგეხსენებათ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრობლემა წლების განმავლობაში დგას საქართველოში
სასწრაფო დახმარების სამსახური ის “აქილევსის ქუსლი” იყო, რომელიც ერთნაირად აწუხებდა ჯანდაცვის სამინისტროსაც და სადაზღვევო კომპანიებსაც, რომელსაც ეს საქმე წინა ხელისუფლებამ ისე გადააბარა, რომ მოსალოდნელი შედეგებით არც კი დაინტერესებულა..
შპს “მედალფას“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ანთაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებდა:
“ზოგადად ამ პროგრამას აქვს პრობლემა და მათ შორის მანქანების პრობლემაც არის. ეს ხომ ახალი არ არის. ჩვენ ვერ ვყიდულობთ ახალ მანქანას. გამოძახების 60% არის ფუჭი. ისეთი გამოძახება, რომელზეც სასწრაფოს არ უნდა იძახებდეს ადამიანი – სიცხე, წნევა. ამბულატორიული მომსახურება უკვე ყველასთვის უფასოა და პრობლემა არ არის, არის უბნის და სოფლის ექიმები და მაგ დროს მსოფლიოში არ იძახებენ სასწრაფო დახმარების მანქანებს. ამ 60%-მა რომ არ გამოიძახოს ფუჭად, ჩათვალეთ პრობლემა არ იქნება. საერთოდ მაგ პრობლემაზე ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს და მისი ინტერვიუც იყო. ან ფასიანი უნდა იყოს ასეთი გამოძახება ან კიდევ უნდა რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი. მანქანებიც ძველია რაზეა საუბარი ძვლის მოვიყვანეთ ოთხივე მწყობრში იყოს. ერთს ვაკეთებთ მეორეს ვაკეთებთ.
მეტყველი სტატისტიკა _ სამედიცინო დახმარების სამსახური 2005-2011 წლებში
2005 წელს საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური უფასო ყოფილიყო. მის მენეჯმენტს ახორციელებდა სამინისტროს საქვეუწყებო სამსახური (ჯერ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, მერე ჯანდაცვის პროგრამების სააგენტო). თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა რაიონისთვის შეისყიდა 130 ორხიდიანი “უაზის მარკის” და 20 “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილი. 2009 წელს კვლავ მოხდა ავტოპარკის განახლება. შეისყიდეს 60 უაზი. თუმცა, 2011 წელს გადაწყდა, სასწრაფოები (თბილისის გარდა) მმართველობაში გადასცემოდა კერძო სადაზღვევო კომპანიებს.
დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონებში განთავსებულია – 217 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა; სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები განთავსებულია 62 მუნიციპალიტეტში; მუნიციპალიტეტებში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს – 8 კერძო კომპანია: სახელმწიფო მფლობელობაშია – 5 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური: კერძო კომპანიებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები ეტაპობრივად გადაეცათ – 2011 წლის 1 ოქტომბიდან.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მთავარი პრობლემების ჩამონათვალი, რის გამოც აღნიშნული სამსახური ამ მდგომარეობამდე მივიდა, ასეთია: ” არასწორი გეოგრაფიული დაყოფა; ერთ რეგიონში მოქმედი რამდენიმე ოპერატორი კომპანია ქმნის მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილების პრობლემას; არ არის დაცული უახლოესი კლინიკის პრინციპი; სსიპ – “112”-ს უჭირს როგორც შეტყობინების გადაცემა, ასევე შესრულების გაკონტროლება; GPS სისტემის არ ქონა, ალტერნატიული კავშირის (რადიოსადგურების) არ ქონა; სადაზღვევო კომპანიების მიერ 50% დაფინანსების გადარიცხვის სისტემატიური დაგვიანება; საწვავის მიწოდების დაგვიანება; პროგრამაში არ არის გათვალისწინებული საშვებულებო თანხები;
რაც შეეხება ავტოპარკინგს, ავტოპარკის მდგომარეობას, სულ ავტოპარკში 283 ავტომობილიa, აქედან კარგ მდგომარეობაშია 48, საშუალო მდგომარეობაშია 44, ცუდ მდგომარეობაშია 159, ამორტიზებულია 32.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგიონებში განთავსებული ოფისების საერთო მდგომარეობის სტატისტიკა ასე გამოიყურება: კარგ მდგომარეობაში – 22; საშუალო მდგომარეობაში- 32; სარემონტო მდგომარეობაში -26; გამოუსადეგარ მდგომარეობაში – 4; კლინიკაში ინტეგრირებული -39;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -“112”-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით:
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების მიერ გამოძახებებზე დაგვიანების ან მათი არგასვლის შესახებ თავისუფალი ბრიგადების არყოფნისა და ავტოპარკის გაუმართაობის გამო, შემდეგი მონაცემი ფიქსირდება:
“2013 წლის 1 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით დაფიქსირდა 35 376 გამოძახება. აქედან დაგვიანდა 3 656 შემთხვევაში არგასვლის მიზეზად 40 შემთხვევაში ავტომანქანების გაუმართაობა სახელდება.”