“ხარვეზების დამდგენ კომისიაზე უარი არ არის ნათქვამი. ფაქტია, რომ უფრო მეტად უნდა დაიხვეწოს კანონი, რათა მისი მიღებით უფრო მეტი ხარვეზი არ გავაჩინოთ. ასევე ფაქტია, რომ ნებისმიერი კანონი შესაბამისობასში უნდა იყოს ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან. ამიტომ, ამ საფრთხეების გათვალისწინებით სჯობს გაგრძელდეს დისკუსია. ვფიქრობ, რომ ინდივიდუალურად ყველა საჩივარი უნდა იყოს განხილული, რის საშუალებასაც არსებული კანონმდებლობა იძლევა. თუ ეს იქნება დასაბუთებული და არგუმენტირებული და იქნება საფუძველი, რომ გადაიხედოს განაჩენი, სწორედ იმ მექანიზმების გამოყენებით, რომელიც ახლა მოქმედებს შეიძლება ამის გაკეთება. ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ რადგან დღეს არ იქმნება ეს კომისია, ამ ხალხს ვტოვებთ თავის უფლებების აღდგენის გარეშე. მათ ამ კანონმდებლობის პირობებშიც აქვთ გასაჩივრების შესაძლებლობა, მთავარია რომ პროკურატურამ თითოეული საჩივრის მიმართ გამოიჩინოს საკმარისი ობიექტურობა და კვალიფიციურობა. იმედი მაქვს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები იქნება განხილული, თუმცა ეს არის ძალიან რთულად შესასრულებელი, რასაც შესაძლებელია არ ეყოს პროკურატურის რესურსი და კადრების დამატება გახდეს საჭირო”, _ ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე “გურია ნიუსთან”.
ჩვენს კითხვაზე, რატომ არ მოხდა ამ საფრთხეების გათვალისწინება საარჩევნო დაპირების გაცემამდე, კობახიძე ამბობს, რომ ამაზე მსჯელობა ადრეც იყო.
“ამ პრობლემებზე თავიდანვე იყო მსჯელობა, ამაზე ბევრი კრიტიკა მოდიოდა, იგივე სასამართლო ხელისუფლების მხრიდან. მათ ჰქონდათ იმის გაცხადების უფლება, რომ არ შეიძლება სასამართლოს განაჩენი რომელიმე კომისიამ შეაფასოს, რადგან სასამართლოს აქვს სამი ინსტანცია და წინა ინსტანციის გადაწყვეტილება მხოლოდ მომდევნო ინსტანციის შესაფასებელია. მე უფრო მეტად მივესალმებოდი “სამართლიანობის დამკვიდრებას” ანუ, ტერმინზე ვსაუბრობ. უკეთესი იქნებოდა ამ ტერმინის ირგვლივ მუშაობა, ვიდრე ის რომ ჩვენ გვეთქვა, რომ ყველას ვისაც ქონება ჩამოართვეს, ყველაფერს დავუბრუნებთ. ყველა ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ დახელმწიფომ დაფაროს ხარჯები, ეს განწირულია იდეაშივე, იმიტომ რომ ჩამოიშლება მთელი ეკონომიკა. ვიღაცას ხელფასს ვერ მივცემთ, ვიღაცას პენსიას. გარდა ამისა, არსებობს თუნდაც ხანდაზმულობის ვადები. იმის გამო რომ გასულია ეს ვადა, ადამიანს პასუხს ვერ მოსთხოვ. მაგალითად, თუ ჩვენ ვდაობთ იძულებით დადებულ ჩუქების ხელშეკრულებაზე, ამ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზეც ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. არ შეიძლება ახალმა კანონმა შეგვიქმნას ისეთი პირობები, რომელიც მთლიანად რისკის ქვეშ დააყენებს სამოქალაქო სტაბილურობას. ამას მაშინაც ჰყავდა დიდი მოწინააღმდეგეები სასამართლო ხელისუფლებისა და ვენეციის კომისიის სახით. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს ისევ სასამართლოს მიერ. აი, როგორი სასამართლო გვაქვს, ეს უკვე სხვა საკითხია”, _ ამბობს კობახიძე.
ეკა ფოფხაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან გვეუბნება, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახედვის საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობს.
“ვთვლით, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა ძალიან სერიოზული მექანიზმი იყო სამართლიანობის აღდგენის კუთხით. ყველამ ვიცით, რომ დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებიც უკანონოდ იხდიან სასჯელს და რომელთა საქმეების გადასინჯვის მექანიზმი არ არსებობს იმიტომ, რომ იქ არ არის რაიმე ახალი გარემოება. მთელი პრობლემა იმაშია, რომ თავის დროზე სასამართლომ და პროკურატურამ ვინაიდან იყვნენ მიკერძოებულნი და ტენდენციურნი, გარკვეულ საკითხებში არ გაითვალისწინეს ის მტკიცებულებები თუ საქმეში არსებული გარემოებები, რაც გამამართლებელ განაჩენს დააყენებდა, ან სასჯელს შეამსუბუქებდა, რადგან ეს საქმეები მაშინ რაღაც პოლიტიკის ნაწილი იყო. ეს არ არის ახალი გარემოება, შესაბამისად ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძვლით ამ საქმეების გადახედვა არ მოხდება. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეებზე, სადაც ყველაფერი იყო ცხადი, ნათელი, რომ ამ ადამიანების მსჯავრდება პოლიტიკური სარჩულით მოხდა. სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ამის მექანიზმი და მესმის მეორე საკითხი – კომპენსირების საკითხი, რასაც დღეს მთავრობა აყენებს, ეს მართლაც პრობლემურია, მაგრამ პირველ რიგში მთავარია იმ ადამიანების გათავისუფლება ციხეებიდან და ამის სწორი მექანიზმის შემუშავება. ბუნებრივია, ეს სასამართლომ უნდა გააკეთოს მაგრამ სასამართლოს სჭირდება წინარე გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ამას გააკეთებს. კომპენსირების საკითხი შეიძლება გარკვეული პერიოდით გადაიდოს. შესაძლებელია, სახელმწიფომ აიღოს ის, როგორც შიდა ვალდებულება და მერე პერიოდულად, წლების განმავლობაში გაუსტუმრებს იმ ადამიანებს ვინც დამტკიცდება რომ იყვნენ უკანონოდ მსჯავრდებულნი .ეს მეორეხარისხოვანია, პირველხარისხოვანია იმ ადამიანების საქმეების გადახედვა, რომლებიც ამ დროისათვის სასჯელს იხდიან უკანონოდ”.
პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე ერთ-ერთი იყო, ვისი დამსახურებითაც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის იდეა “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში მოხვდა. ხმალაძე გვეუბნება, რომ დღესაც ამ აზრზე რჩება და კომისიის შექმნას აუცილებლად მიიჩნევს.
სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ მისი პოზიცია ისეთივე იქნება, როგორიც სახელისუფლებო გუნდის.
“ვმუშაობთ ამ თემაზე და როცა გადაწყვეტილება იქნება, საზოგადოება ამის შესახებ შეიტყობს”.
_ თქვენი პირადი პოზიცია როგორია?
_ მე ვფიქრობ იმას, რასაც საერთო გადაწყვეტილებად მივიღებთ მთელი ხელისუფლება, უნდა ავწონოთ ყველა შესაძლო ვარიანტი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ.
პარლამენტარი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ კომისიის შექმნაზე უარი არავის უთქვამს, თუმცა არც თანხმობაა ნათქვამი.
“ჩვენ საბოლოო უარი არ გვითქვამს ხარვეზების დამგენი კომისიის შექმნაზე, ისევე როგორც არც საბოლოო თანხმობაა რამეზე ნათქვამი. ესაა მუშა პროცესი და ველოდებით პროკურატურიდან დეტალურ, დახარისხებულ ინფორმაციას საქმეების შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას.”
სამხრეთ კავკასიაში human rights watch-ის წარმომადგენელი და მკვლევარი გიორგი გოგია თვლის, რომ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ბუნდოვანი პოზიცია აქვს.
“სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი ძალიან დიდი იყო და ხარვეზების დამდგენ კომისიაზე უარის თქმა ბიუჯეტის გარღვევის მოტივით ძალიან სამწუხრო ფაქტია. თუ დარღევა იყო, სახელმწიფოს აქვს როგორც სამართლებრივი, ისევე ქონებრივ-უფლებრივი რეაბილიტაციის ვალდებულება. შესაბამისად, ალბათ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ დაგვანახოს რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში, ან რა თანხებზეა საუბარი. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ პროკურატურაში რვა ათასამდე განცხადებაა შესული. არ ვიცით რას შეეხება ეს განცხადებები, ვიცით მხოლოდ ის რომ 20-30 ადამიანია სამართალში მიცემული. რის მიხედვით შეარჩიეს ეს ადამიანები, რა სახის დარღვევებზე რეაგირებს პროკურატურა? მნიშვნელოვანია ასევე შესული საჩივრების გაანალიზება, შემდეგ უნდა დაითვალოს ფინანსური ვალდებულება და მერე მიიღონ გადაწყვეტილება. წინასწარ იმის განცხადება, რომ ეს იქნება ტვირთი სახელმწიფოსთვის და ამის გამო არ განახორციელოს დაპირება, არ იქნება სწორი და სამართლებრივი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, არსებობს თუ არა დღეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახედვის მექანიზმი, გეტყვით რომ არა, ასეთი რამ არ არსებობს”.
ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი საპროტესტო აქციას იუსტიციის სამინისტროსთან გამართავს. დაპირებული სამართლიანობის აღდგენის შეუსრულებლობა რატომღაც მთავრობის მხოლოდ ერთ წევრ – იუსტიციის მინისტრს ბრალდება.