“აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყო სპონტანურად, ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების გარეშე. ს/ს საქართველოს რკინიგზამ საკონსულტაციო კომპანიის MC Mobolity მეშვეობით შეისწავლა პროექტის ამ ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ უარესდება როგორც საოპერაციო ასევე მონაკვეთის მოვლა-შენახვის მაჩვენებლები, მცირდება გამტარუნარიანობა(სატრანზიტო სიმძლავრე). ამასთან, პროექტის ასეთი ფორმით განხორციელება იწვევს მაღალ ბიუჯეტიანი თანმდევი პროექტების განხორციელების აუცილებლობას, რაც გათვალისწინებული არ არის არსებული პროექტის ბიუჯეტში.
კონტრაქტორის (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო) მიერ ვერ იქნა დაცული მშენებლობის შესრულების ვადები, შედეგად სამუშაოების დამთავრების თარიღისთვის (2013 წლის 8 ივნისი) კონტრაქტორს ჰქონდა 18-თვიანი ჩამორჩენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს შემოვლითი რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების მინიმალიზაცია, რისთვისაც უნდა ჩატარდეს დამატებითი საპროექტო საინჟინრო კვლევები. უახლოეს მთავრობის სხდომა იმსჯელებს ხელშეკრულების ვადის 3 წლით გაგრძელების შესახებ.
სს “საქართველოს რკინიგზა” ახორციელებს თბილისი – მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შპს “ჩინეთის რკინიგზის 23–ე ბიუროს ჯგუფი”.
საპროექტო გადაწყვეტილების მიხედვით, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბი (8350მ.) წარმოადგენს ერთლიანდაგიან სარკინიგზო ხაზს, მაშინ როდესაც არსებული რკინიგზა ამ მონაკვეთზე ორლიანდაგიანია. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ერთლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის შექმნით სატვირთო გამზიდუნარიანობა არათუ იზრდება არამედ მნიშვნელოვნად იზღუდება. მშენებლობის ზედამხედველის მიერ (ILF Consulting Engineers) წარმოდგენილ იქნა წინადადება პროექტის გაუმჯობესების თაობაზე, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია არსებულ პროექტში ძირეული ცვლილების განხორციელებით, კერძოდ ქვიშხეთი-ზვარეს მონაკვეთზე მეორე გვირაბის მშენებლობით სატვირთო გამზიდუნარიანობის 100 მილიონ ტონამდე გაზრდა, ამასთან მშენებლობისათვის გასაწევი ხარჯების 1.6 მლნ. CHF-ით დაზოგვა. ზემოხსენებული ცვლილებით ამაღლდება სატრანზიტო დერეფნის მდგრადობა, სარკინიგზო ხაზის უსაფრთხოება და გაიზრდება ტვირთის გამზიდუნარიანობა,” _ ნათქვამია განცხადებაში.