რატომ არ გამოხატა მკვეთრი პოზიცია მეცნიერებათა აკადემიამ მაშინ, როდესაც კულტურის მინისტრმა ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოუხსნა და ფაქრობრივად მისი განადგურება დააკანონა? ამ ბრალდებაზე მეცნიერებათა აკადემიის ასეთი არგუმენტები აქვს:
1. პირველ წერილში, რომელიც 31 ივლისითაა დათარიღებული, აკადემიის პოზიცია ბუნდოვანი არ ყოფილა და კულტურის მინისტრს საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის დაბრუნებისკენ მოუწოდებდა.
“დარწმუნებული ვართ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ქმედით ღონისძიებებს განახორციელებს ამ მიმართულებით და საყდრისის უძველეს მაღაროებს აღუდგენს საქართველოს კულტრული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს”.
2. მეცნიერებათა აკადემიას საბადოს ისტორიული მნიშვნელობა არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ და თუ ეს მისი წერილებიდან და დასკვნებიდან არ ჩანს, “საქმე გვაქვს ლაფსუს კალამთან, ანუ აზრის სწორად ვერ გამოხატვასთან”.
ამბობენ, რომ მეცნიერებათა აკადემიის პოზიცია მაშინ შერბილდა, როდესაც საყდრისის თემით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა და აკადემიას საკითხის შესწავლა დაავალა. ყოფილი პრემიერი ამისთვის ორთვიან ვადას იძლეოდა, რაც მეცნიერთა თქმით, სრულყოფილი კვლევისათვის საკმარისი დრო არ იყო.
მეცნიერებათა აკადემიის წინაშე დასმული საკითხი უცნაურად გამოიყურებოდა – მას უნდა დაედგინა არა საყდრისის საბადოს ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობა, არამედ გაერკვია აღნიშნულ ბორცვზე კიდევ იყო თუ არა მსგავსი საბადო.
“პირველი ამოცანა, რომელიც იდგა ჩვენს წინაშე იყო ის, რომ გამოვლენილიყო ამ შახტის გარდა კიდევ არსებობდა თუ არა სხვა. ამისათვის ჩატარდა ეს სამუშაოები. ეროვნულ მუზეუმს მიაჩნია, რომ ამ ბორცვის ქვეშ არსებობს კიდევ მაღაროები, რომელთა შესწავლაც აუცილებელია. მეცნიერებათა აკადემია ეთანხმება ამას. 15-20 სანტიმეტრის განათხრებით,რომელიც ჩვენმა ჯგუფმა აწარმოა, არაფერი არ დადასტურდა. ლაპარაკია ამ ბორცვზე სხვა შესაძლო შახტის არსებობაზე და არა ამ კონკრეტულ შახტაზე. ის, რა თქმა უნდა, არის ფასეული. ჩვენ არსად არ დაგვიწერია, რომ არსად არაფერი არა რის და აქ შეიძლება აფეთქებები დაიწყოს. მეცნიერებათა აკადემიას არ უწარმოებია არც ერთი კვლევა, მხოლოდ ზედამხედველობა გვქონდა დავალებული ბორცვის შეფასებაში”, _ ამბობს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე.
ბიძინა ივანიშვილის სიტყვიერი დავალების თანახმად, მეცნიერებათა აკადემიის სამმა აკადემიკოსმა: მუსხელიშვილმა, ლორთქიფანიძემ და ჯაფარიძემ მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბორცვზე მადნის მოპოვება არ დასტურდება.
“ბორცვი წარმოადგენს მთლიან კლდოვან მასივს, ტექტონური ვიწრო ბზარებით, რომელთა გამოყენება მადნის მოპოვების მიზნით ექსპედიციის მიერ ჩატარებული დეტალური კვლევის შედეგად არ დასტურდება. ექსპედიციის მიერ, ასევე შემოწმებულა მე-20 საუკუნის “შტოლნები”, სადაც გერმანელი ექსპედიციის ანგარიშში ნახსენებია თიხის ჭურჭლის ფრაგმენტების აღმოჩნდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ეს ადგილი სტერილური გამოდგა.”
აკადემიკოსები კიდევ უფრო შორს წავიდნენ, როდესაც გერმანელ კოლეგებს, რომლებიც საბადოს 9 წლის განმავლობაში იკვლევდნენ და მის განსაკუთრებულ ისტორიულ ღირებულებაზე მიუთითებდნენ, მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.
“ყოველივე ზემოთ აღნიშნული გვიბიძგებს მოვუწოდოთ შესაბამის სპეციალისტებს, რომ ობიექტთან მიმართებაში არსებული ფაქტობრივი მასალისა და არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით, ობიექტის ფუნქციისა და თარიღის განსაზღვრას უფრო მეტი მეცნიერული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნონ”.
ოდიშარიასადმი გაგზავნილ 3 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე ფაქტობრივად იმეორებს ზემოთ ხსენებული დასკვნის შინაარს: “ეროვნული მუზეუმის დასკვნით ბორცვის ჩრდილო მონაკვეთი მიჩნეულია მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ობიექტად, რომლის არქეოლოგიური შესწავლა არ არის დასრულებული. ეროვნული მუზეუმის მონაცემებით ამ ტერიტორიაზე უმნიშნელოვანეს არქეოლოგიურ ობიექტს მიწისქვეშა გვირაბები წარმოადგენს, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილია შესწავლილი. მათ მიაჩნიათ, რომ არქეოლოგიური ობიექტის სრულიად შესწავლისთვის აუცილებელია საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ბოხუმის სამთო მუზეუმის ერთობლივი ექსპედიციის მიერ მოხდეს ამ ტერიტორიის სრულიდ გამოკვლევა.
დღეს აღნიშნული ობიექტის ირგვლივ ვითარება შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და RMG GOLD- ის საწარმოს შორის ზოგიერთი უთანხმოების გამო, ბორცვის საველე-არქეოლოგიური სამუშაოები ვერ დასრულდა, ამასთან დაკავშირებით 2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ბიძინა ივანშვილის სიტყვიერი მითითებით საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვის არქეოლოგიური სამუშაობის წარმართვა და მისი ფინანსური უზრუნველყოფა დაევალა RMG GOLDS -ს, ხოლო ამ კვლევა-ძიებაზე ზედამხედველობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას.
RMG GOLD-ის დავალებით 21 ოქტომბრიდან სამუშაოებს აწარმოებდა “არქეოლოგიური გაერთიანება”, დაზვერვითი, გათხრითი კვლევა–ძიება მიმდინარეობდა ბორცვის ნაწილში. ექსპედიციამ ასევე შეისწავლა ბორცვის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე დელოვიონით შევსებული კლდის ნაპრალები, გაკეთდა პროფილები, ჭრილები, კლდოვან ქანებამდე ამოიწმინდა დელოვიონით შევსებული კდლის ნაპრალები.
აღსანიშნავია, რომ არც ერთ მათგანში კულტურული ფენები არ დადასტურებულა. აქ სამუშაოებს ადრე აწარმოებდა ეროვნული მუზეუმი და მათ ამ უბანთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება გააჩნიათ. ნაყარი მიწიდან გაიწმინდა მე-20 საუკუნის შტოლნის ფსკერი, არც ამ ნაყარში არქეოლოგიური ნივთი არ აღმოჩენილა. საველე სამუშაოების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ბორცვი სრულიად თავისუფალია გადანაყარი ფუჭი ქანებისგან, მაღაროებიდან გამოტანილი ფუჭი ქანები კი განლაგებულია ბორცვის მხოლოდ ჩრდილო ნაწილში, არც აქ გადანაყარის ქვეშ არქეოლოგიური ობიექტი არ აღმოჩენილა. ექსპედიციის მიერ შესწავლილ ფართობზე 15-20 სანტიმეტრის სიღრმეზე კორდოვანი ფენის ქვეშ ერთგვაროვანი სურათია დაფიქსირებული, ბორცვის ეს ნაწილი არის მთლიანად კლდოვანი მასივი, ტექტონური ვიწრო ბზარებით რომელთა გამოყენება მადნის მოპოვების მიზნით ექსპედიციის მიერ ჩატარებული დეტალური კვლევის შედეგად არ დასტურდება. უნდა აღინიშნოს, რომ საკვლევი სამუშაოები მხოლოდ 2 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, მიუხედავად ამისა დასკვნა სრულფასოვნად უნდა ჩაითვალოს.”
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რაულ გვეტაძე ამბობს, რომ რამდენიმე მეცნიერთან ერთად ცდილობდა საყდრისის საბადოსთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართვას, თუმცა ამის უფლება კულტურის სამინისტრომ არ მისცა.
“ოთხი მეცნიერი ტექნიკური უნივერსიტეტიდან და ორი მეცნიერი მეტალურგიის ინსტიტუტიდან ვცდილობდით ამ პროცესებში ჩართვას. ვიჩივლეთ პროკურატურაშიც და 26 სექტემბერს 4 საათზე მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გაირჩა ჩვენი საჩივარი. გვითხრეს, რომ უფლება არ გვქონდა საყდრისის გადასარჩენად გვებრძოლა და პროკურატურაში გვეჩივლა. მე ვითხოვ, შევინარჩუნოთ იქ არქეოლოგიური ზონა და ვისაც რა უნდა ის იკვლიოს და გაარკვიოს. 80 მილიონს ვაძლევთ რუსეთს იმისათვის, რომ დაგვინგრიოს 6 ათასი წლის წინანდელი ძეგლი. ჯერ კიდევ 30 წლის წინ შეისწავლა ეს საკითხი დიდმა მეცნიერმა მუჯირმა და დაასკვნა, რომ ეს არის არქეოლოგიური ძეგლი და წარმოადგინა ფუნდამენტალური ნაშრომი. ეხლა 2 კვირაში RMG GOLD-ის დაკვეთით და დაფინანსებით რომ გაჩიჩქნეს მიწა, ისინი ცდილობენ ამ ნაშრომის გადაფარვას. კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც უნდა საბადოს დანგრევა, ერთ-ერთ არგუმენტად უთითებს იმას, რომ 80 სანტიმეტრის გვირაბში ხალხი როგორ შეეტეოდაო? საინტერესოა რა ზომის კარი აქვს თვითონ სახლში? 80 სანტიმეტრი არის ნორმა.”
მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ნანეიშვილი ამბობს, რომ მეცნიერები თავიდანვე მოწყვიტეს საყდრისთან დაკავშირებულ პროცესებს.
“უნდა გითხრათ, რომ არც ერთ კომისიაში ჩვენი ჩართვა არ მოხერხდა. ამიტომ, სხვისი მონაცემების საფუძველზე შევკრიბეთ და ინფორმაციის სახით მივაწოდეთ სამინისტროს ჩვენი დასკვნა. სამინისტრო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეგ სხვა საკითხია, ასე რომ ჩვენ მათთვის მწვანე შუქი არ აგვინთია და არც ავუნთებთ. თუ თქვენ დაინახეთ ის, რომ ჩვენ ჩვენი წერილით ეს გავაკეთეთ, მაშინ გთხოვთ რომ ეს ჩათვალოთ ლაფსუს კალამად, ანუ ჩვენ ვერ გამოვთქვით ზუსტად სათქმელი. საზოგადოებას პრეტენზია აქვს, რატომ არ ავიმაღლეთ ხმა, როდესაც ძეგლს სტატუსი მოეხსნა. თქვენ რატომ არ იმაღლებთ ხმას, როდესაც მეცნიერების საკითხებს მეცნიერების ზურგს უკან წყვეტენ? მეცნიერებათა აკადემიას საერთოდ არ გვაკარებენ ამ საქმეს. არც ერთ კომისიაში, რომელშიც წესით უნდა ვყოფილიყავით ჩართულები, არ ჩაგვრთეს და ეხლა გინდათ რომ ჩვენ გამოვასწოროთ ეს ქვეყანა? არ გამოვა. გერმანიაში წავიდა დელეგაცია, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხიც უნდა განიხილოს. ჯგუფი დაკომპელქტებულია საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, განათლების და კულტურის მინისტრების მოადგილეებით. ჩვენთვის არც უკითხავთ აზრი. მოითხოვეთ, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს მეცნიერებათა აკადემია, ხელისუფლებამ უნდა ჩართოს ის ამგვარ საკითხებში”, _ ამბობს ნანეიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა ჯგუფს, არაოფიციალურად არქეოლოგი კიაზო ფიცხელაური ხელმძღვანელობდა, რომლის შვილიც RMG GOLD -ის ერთ-ერთი კონტრაქტორია. ფიცხელაური არც ერთ დოკუმენტს არ აწერს ხელს, თუმცა კვესიტაძე ადასტურებს, რომ ჯგუფის ზედამხედველად სწორედ ის მიავლინა.
ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი გიორგი გოგოჭური იხსენებს:
“ბატონ კიაზოსთანაც მქონდა საუბარი იმ ძეგლის ხასიათზე. კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია არ იყო პროფესიონალებით დააკომპლექტებული. მათ ჩამოწერეს მთელი რიგი საკითხები და აპირებდნენ ამის გერმანიაში გაგზავნას. მე ვუთხარი, რომ სასაცილოები გავხდებოდით, თუ ამ კითხვებს გავგზანიდით. კიაზო ფიცხელაურმა პირადად მკითხა – იქნება თიხის ჭურჭლის ნატეხები, რომელიც აქ აღმოჩნდა, ზემოდან ჩავვარდაო. ზემოდან კი არა 35 მეტრის სიღრმეშია ეს დაფიქსირებული.”
მეცნიერებათა აკადემია, კულტურის მინისტრის სახელზე ახალი წერილის გაგზავნას არ გამორიცხავს, რომელშიც საბადოსთან დკავშირებით უფრო მკვეთრ პოზიციას დაფიქსირებს. აკადემიას ასევე გადაწყვეტილი აქვს ძეგლი საკუთარი კონტროლის ქვეშ აიყვანოს და მისი განადგურება არ დაუშვას.