კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ ის საფრთხეები, რომელიც რეფორმის გახორციელების შემთხვევაშია მოსალოდნელი.
_ ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია, თვითმმართველობის კანონი თუ გახორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება. ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლამდე. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ იყოს მიღებული. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს რა არის მისაღები საქართველოსთვის, ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში, _ განაცხადა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
პატრიარქის განცხადებას პარლამენტარები იმავე დღეს გამოეხმაურნენ:
_ როდესაც პატრიარქი მოუწოდებს ხელისუფლებას დაფიქრებისაკენ და იმისკენ, არ მივიღოთ თვითმმართველობის ეს კოდექსი ნაჩქარევად, ალბათ, ჯობდა, რომ თავადაც გაიაზროს იმ მკაფიო განცხადებების რისკი, რასაც აკეთებს ქადაგების შემდეგ. არ შეიძლება პატრიარქი აკეთებდეს განცხადებას იმის თაობაზე, რომ რისკებს შეიცავს თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ნახევარზე მეტს წაკითხული არ აქვს თავიდან ბოლომდე. ამიტომ, თუ პატრიარქი მოუწოდებს საზოგადოებას აქტიური დისკუსიისკენ, მან შეფასება არ უნდა გააკეთოს, რა რისკებს შეიცავს ეს კოდექსი. ვფიქრობ, საპატრიარქო ასეთი ტიპის განცხადებებით ზედმეტად ერევა სახელისუფლებო საქმიანობაში. ჩემი აზრით, საპატრიარქოს და სახელისუფლებო ფუნქციები და მოვალეობები ნამდვილად ერთმანეთისგან გამიჯნულია და გამიჯნული უნდა იყოს, _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ კორძაიამ.
მისივე თქმით, “საზოგადოებას სრულიად შემაშფოთებლად აწვდიან ინფორმაციას, თითქოს თვითმმართველობის რეფორმა ქვეყნის დაშლას გამოიწვევს”.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, არასწორი კონცეფციაა, თითქოს თვითმმართველობამ შეიძლება გააღვივოს სეპარატიზმი და თითქოს თვითმმართველობა რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას:
_ სრულიად ბუნებრივია ასეთი დიდი ინტერესი და ყურადღება თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, ვინაიდან თვითმმართველობა _ ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტი, საძირკველი. თუ გნებავთ, ხერხემალი და არა რაიმე სხვა უწყება და სხვა დაწესებულება. თვითმმართველობა, ანუ ადამიანებისთვის იმის უფლების მიცემა, რომ თავისი ადგილობრივი საკითხები თავად მოაგვარონ, ესაა საწყისი იმისა, რომ მერე ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ ჩვენი ზოგადსახელმწიფოებრივი საკითხების ერთად მოგვარება.
ჩვენ განვლილი 23 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ თვითმმართველობის დამკვიდრებისთვის, ბევრი რამაა გამოსასწორებელი. კოდექსი, რომელიც პარლამენტშია შემოსული და მიმდინარეობს საკომიტეტო განხილვები არის კომპლექსური, ჩვენ ყურადღებით ვისმენთ ყველა მოსაზრებას, საკომიტეტო მოსმენები არის ღია, ავტორთა ჯგუფმა ჩაატარა რამდენიმე ათეული შეხვედრა საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა ჯგუფებთან, ყველა ეს წინადადებები გროვდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბრის განმავლობაში ჩვენ ამ კოდექსთან დაკავშირებით საწყის გადაწყვეტილებას მივიღებთ. შესაძლოა, სამი მოსმენით დეკემბერში მისი მიღება არ დასრულდეს და არც არის ასე სწრაფად მიღების აუცილებლობა, მაგრამ პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტი მოახერხებს. ჩვენი ამოცანაა, ახალი კოდექსი მივიღოთ არჩევნებამდე, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი რამე _ რეფორმა გახორციელდება ეტაპობრივად; რეფორმა არ იქნება შოკისმომგვრელი ცვლილებების გახორციელება. თომას ჰამერბერგმა თავის გამოსვლაში ისაუბრა, რომ თვითმმართველობის რეფორმა ისეთი ტიპის რეფორმაა, რომელშიც ტემპი უნდა იყოს ოპტიმალურად შერჩეული. თვითმმართველობის რეფორმა იქნება ეტაპობრივი და ამ ეტაპების განმავლობაში მოხდება იმ ახალი მოდელების ცხოვრებაში გამოცდაც, დაკვირვებაც, გაუმჯობესებაც. აქ რაღაც შოკისმომგვრელ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ და ამ ეტაპების თანმიმდევრობაც სწორად უნდა იქნეს შერჩეული. არასწორი კონცეფციაა, თითქოს თვითმმართველობამ შეიძლება გააღვივოს სეპარატიზმი. კონცეფცია, თითქოს თვითმმართველობა რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას, არის სრული ნონსენსი, რადგან თვითმმართველობა არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავის ფუნქციებს ვინმეს აძლევს ქვემოთ. სახელმწიფო ყველა ფუნქციას, რაც მას სჭირდება, თვითონ იტოვებს _ ესაა კანონმდებლობა, პოლიცია, თავდაცვა, უსაფრთხოება, ფინანსები, ეკონომიკური პოლიტიკა, საზღვრის დაცვა, დამნაშავეობასთან ბრძოლა და სხვა, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ერეკლე ტრიპოლსკიმ და მისმა მოადგილემ, გია ჟორჟოლიანმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:
_ ჩვენ მივესალმებით ამ დისკუსიას, რადგან მიგვაჩნია, რომ საკითხი საერთო საქვეყნო მნიშვნელობისაა და აუცილებელია, ის გადაწყდეს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსენსუსის პირობებში. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულები მიმდინარე დისკუსიებში, მაგრამ ამ დღეებში, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ ჩართვას მიმდინარე მსჯელობებში, რადგან თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების პოლიტიკის გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებით თვითმმართველობის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში _ შვეიცარიაში. ორი დღის შემდეგ ჩვენ ვბრუნდებით საქართველოში. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები, როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ასევე არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, მოგვაწოდონ მოსაზრებები საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებსა და განხილვებში.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ფართო საზოგადოებრივი და საპარლამენტო განხილვების შედეგად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიის დამკვიდრებას, _ აღნიშნულია განცხადებაში.
თვითმმართველობის კოდექსის პროექტს განსხვავებულად აფასებენ ექსპერტები. ნაწილი მიიჩნევს, რომ კოდექსი ამ ფორმით უნდა მიიღონ, ნაწილი კი ფიქრობს, რომ მასში სერიოზული ცვლილებებია შესატანი.
ჩვენი წყაროების ინფორმაციით, კოდექსის ამჟამინდელი ვარიანტი არ მოსწონს არც პრემიერ ღარიბაშვილს, რომელმაც პარლამენტარებს რიგი პუნქტების ამოღება მოსთხოვა.
მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ ჩვენ თვითმმართველობის კოდექსზე კამათი ანეკდოტს ჰგავს:
_ წაკითხული თუ აქვს, რომ ჰკითხავ, გპასუხობს _ მე თვითონ არა, მაგრამ ახლობელმა ექსპერტმა მიამბო, რა წერიაო! _ ამბობს მაღლაფერიძე.
მისივე განმარტებით, ახალი კოდექსი გუბერნატორის ინსტიტუტს გააძლიერებს: _ ახალი კოდექსის მიხედვით, გუბერნატორი იქნება დისტანციური პულტივით, ვისი მეშვეობითაც ცენტრიდან თვითმმართველობების მართვა მოხდება. ეგ არის, “კაბელს” ვერ დავინახავთ. ვისაც ნამდვილად სურს თვითმმართველობის გაძლიერება საქართველოში, კარგი იქნება, თუ კიდევ ერთხელ გადახედავს კოდექსის პროექტს და გააანალიზებს, რამდენად შეუწყობს ხელს იგი თვითმმართველობის დამკვიდრებას.
რეალობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების უმრავლესობას საკუთარი ფინანსები კიდევ დიდხანს არ ეყოფათ ოდნავ მაინც მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად და მეტწილად ცენტრიდან წამოსულ ტრანსფერებზე იქნებიან დამოკიდებულები. თვითმმართველობის არსებული კანონი ითვალისწინებს კიდეც ასეთ ტრანსფერებს. თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, სხვადასხვა საქმიანობისთვის ტრანსფერები შეუძლია მიიღონ როგორც მუნიციპალიტეტებმა, ასევე მუნიციპალიტეტების გაერთიანებებმაც (რასაც დღეს გუბერნიას ვეძახით), რომელსაც, ისევე როგორც დღეს, უხელმძღვანელებს ცენტრიდან დანიშნული გუბერნატორი.
გუბერნატორის საქმიანობის ჩამონათვალი, ფაქტობრივად, მოიცავს იმავე სფეროებს, რისი კეთებაც მუნიციპალიტეტების კომპეტენციაშიც შედის. სხვათა შორის, გუბერნატორს აქამდე ამგვარი საქმიანობის უფლება არ ჰქონდა და მას მხოლოდ საკანონმდებლო ზედამხედველობა და კოორდინაცია ევალებოდა.
ანუ, კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა თავისი შეხედულებით მიიღებს ხოლმე გადაწყვეტილებას, ერთი და იგივე საქმის გასაკეთებლად ვის გამოუყოს ტრანსფერი _ გუბერნატორს თუ მუნიციპალიტეტს.
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, როგორ განვითარდება მოვლენები, თუ პარლამენტში ერთი პარტია იქნება უმრავლესობაში, ხოლო მუნიციპალიტეტში მეორე (ხომ უნდა დადგეს ეს დროც?!).
ცხადია, რომ პრემიერი და გუბერნატორი თანაპარტიელები იქნებიან და ვინაიდან კანონი ტოვებს კომპეტენციათა ამგვარი დუბლირების შესაძლებლობას, დიდი ალბათობით, ტრანსფერების უმეტესი ნაწილი მივა სწორედ გუბერნატორთან და არა მუნიციპალიტეტში, რასაც თავისთავად მოჰყვება შედეგად, რომ “სხვაპარტიელი” გამგებელი იქნება არაფრის მაქნისი, ხოლო პრემიერის თანაპარტიელი გუბერნატორი _ ყველაფრის მაქნისი.
ეს ვითარება, ცხადია, გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც, ცხადია, აისახება არჩევნების შედეგებზეც.
ამას ემატება ისიც, რომ კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ისედაც იმყოფება რეგიონული და სხვა სამინისტროების უმკაცრესი ზედამხედველობის და კონტროლის და მათ გარეშე, ფაქტობრივად, ნაბიჯს ვერ გადადგამს.
ასე რომ, ამ კანონპროექტით დეცენტარალიზაცია კი არ მოხდება, პირიქით, რკინის ლაგამი გვერდზე გახედვის საშუალებას არ მისცემს მუნიციპალიტეტებს, რაც ნამდვილად არ იქნება ნანინანატრი თვითმმართველობა!
იქნებ, კიდევ ერთხელ გულდასმით წავიკითხოთ კანონპროექტი?! ისე არ მოგვივიდეს, რომ თვითმმართველობისთვის ვიბრძოლოთ და საბოლოოდ გუბერნატორის გაძლიერებული ინსტიტუტი შეგვრჩეს ხელში!
მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე და გუბერნატორის ინსტიტუტის გაძლიერებაზე უარის თქმა ძალიან სწორი ნაბიჯი იქნება, ეს ნიშნავს თვითმმართველობის გაძლიერებას, რაც მისასალმებელია. ვინც აქამდე ამტკიცებდა და აწიც გააგრძელებს მტკიცებას, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანება და გუბერნატორის გაძლიერება თვითმმართველობას არ დაასუსტებს, მან ან არ იცის, თვითმმართველობა რა არის, ან კანფეტი არ უჭამია! _ ამბობს მაღლაფერიძე.
24 არასამთავრობო ორგანიზაცია კი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ხელისუფლებას შეასრულონ წინასაარჩევნო დაპირებები:
_ ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების იდეა წარმოადგენს უმთავრეს ფასეულობას, რომელსაც ემყარება დემოკრატიული მმართველობის მთელი სისტემა. მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი, ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების წარმართვაში, საერთოა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. მხოლოდ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ადგილობრივ ხელისუფლებას, მოქალაქეთა ჩართულობით შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და, ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, ჩამოაყალიბოს ადგილებზე განვითარების სრულფასოვანი პირობები.
ქვეყნის განვითარების უმთავრესი საფუძველია ძლიერი თვითმმართველობა, სადაც მოქალაქეები საკუთარი პასუხისმგებლობით, არჩევითი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საშუალებით, სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეულახავად ახორცილებენ ამ უმნიშვნელოვანეს უფლებას, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ რატიფიცირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით.
ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, რომლის თანახმად, მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი საჭიროებების დამოუკიდებლად გადაწყვეტის იდეა, შესაძლოა, სეპარატიზმის გაღვივების და ქვეყნის დაქუცმაცების საფუძველი გახდეს. როგორც წესი, ამ არგუმენტს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებაში მოსული ყოველი პოლიტიკური ძალა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და კანონის საკუთარ თავზე მორგების მიზნით იყენებდა, რამაც, საბოლოო ჯამში, დღეს არსებულ “ფასადური” თვითმმმართველობის სრულიად უუნარო და მოქალაქეებისთვის არაფრის მომცემი სისტემის ფუნქციონირებამდე მიგვიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გვაქვს გარკვეული შენიშვნები “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” სხვადასხვა მუხლების მიმართ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიუღებლად მივიჩნევთ რეფორმის ნებისმიერი დისკრედიტაციის მცდელობას, მით უმეტეს, იქ, სადაც მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის უფლების განხორციელება არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან და მის სუვერენიტეტთან, არამედ ემსახურება ხელისუფლების ვერტიკალური დაბალანსების და მოქალაქეზე ორიენტირებული თვითმმართველობის შემოღებას.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, როგორც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების რეალიზების მთავარ გარანტორს, არ აყვნენ თვითმმართველობის იდეის დისკრედიტაციის ტალღას და არ შეაჩერონ რეფორმის პროცესი; ნუ გადაუხვევენ წინასაარჩევნო დაპირებებს და უზრუნველყონ უახლოეს თვითმმართველობის არჩევნებამდე ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სადაც მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, საკუთარი პასუხისმგებლობით, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევითი ორგანოების და თანამდებობის პირების საშუალებით, თვითმმართველობაში მონაწილეობის ეფექტური ფორმების გამოყენებით განახორციელონ საკუთარი უფლებები, ხოლო რეგიონალურ დონეზე მათ მიეცეთ შესაძლებლობა აკონტროლონ მთავრობის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები, _ აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა თვითმმართველობის კოდექსს არ იცნობს:
_ მხოლოდ ის ვიცი, რასაც ტელევიზიით ვიგებ. სიმართლე გითხრათ, ბევრი ვერაფერი გავიგე. ზოგი დადებითად აფასებს, ზოგი _ უარყოფითად. არც ის ვიცი, სად ვნახო, სად წავიკითხო. ან კი რომ წავიკითხო და ჩემი აზრი დავაფიქსირო, რაიმე აზრი ექნება? როდის იყო ხელისუფლება მოსახლეობის აზრს ითვალსწინებდა?! _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ნანა სიხარულიძე.
_ არ ვიცნობ კოდექსს, ამიტომ ვერც დადებითს ვიტყვი და ვერ უარყოფითს. არ მგონია, ხელისუფლებამ ქვეყნის საზიანო პროექტი წარმოადგინოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რასაც ვისმენ, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ მოსახლეობას პროექტი გააცნონ, მათი აზრი მოისმინონ და გაიზიარონ, _ ამბობს სიმონ ასეიშვილი.
დიმიტრი კორიფაძის თქმით, კოდექსის პროექტი ბევრ კითხვას ბადებს: _ ვიცნობ კანონპროექტს _ “გურია ნიუსის” ვებგვერდზე წავიკითხე. იქედან გამომდინარე, ვიცი რაღაცეები. ჯერჯერობით, ყველაფერი ბუნდოვანია. ბევრი კითხვაა პასუხგასაცემი _ როდის ჩატარდება არჩევნები, როგორ ჩატარდება. ჩოხატაურში ერთი მუნიციპალიტეტი იქნება თუ ორი. კითხვები ბევრია და მას შემდეგ, რაც ეს დეტალები დაზუსტდება, შემეძლება ჩამოყალიბებული პოზიცია გაგიზიაროთ, _ ამბობს კორიფაძე.
მალხაზ ყაჭეიშვილის თქმით, კოდექსს არ იცნობს: _ არ ვიცი, არ წამიკითხავს და არც ის ვიცი რა ხდება, _ ამბობს ყაჭეიშვილი ჩვენთან საუბრისას.
თვითმმართველობის კოდექსის პროექტს არც მანანა შეწირული იცნობს, თუმცა, მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს: _ არ ვიცნობ დოკუმენტს, არ წამიკითხავს, მაგრამ მოვისმინე პატრიარქის განცხადება. ილია მეორე არასოდეს იტყვის ისეთ რამეს, რაც ქვეყანას დააზარალებს. მისი სიტყვების არგათვალისწინებას ყოველთვის ცუდი შედეგი მოყვება და ამისთვის 9 აპრილის გახსენებაც კმარა. ამიტომ, ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს, უწმინდესის სიტყვები გაითვალისწინოს, აზრი მოსახლეობასაც ჰკითხოს და შესაბამისად იმოქმედოს, _ ამბობს მანანა შეწირული.
იგივე მოსაზრება აქვს ირმა ჯიბუტსაც: _ არ ვიცნობ პროექტს, მაგრამ კარგი რომ არ არის, პატრიარქის განცხადება ცხადყოფს, _ განმარტავს ჯიბუტი.
ოზურგეთის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე შარაშენიძე იმედს გამოთქვამს, რომ კოდექსი საბოლოოდ ისეთ სახელს მიიღებს, როგორიც ხალხს სჭირდება:
_ რეფორმა საჭიროა თვითმმართველობაში, კანონი დასახვეწია და სჭირდება გაახლება, მაგრამ ამ მომენტისთვის საბოლოო ვარიანტი არ ვიცით. წარმოდგენილ ვარიანტს კი ნაწილობრივ ვეთანხმები. მიდის დამუშავება, შეთანხმებები და თუ რამე არ არ მისაღები, აუცილებლად გაითვალისწინებს ხალხის აზრს მთავრობა, პარლამენტი და ისეთ რეფორმას წარმოგვიდგენენ, როგორიც ხალხს სჭირდება, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას შარაშენიძე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით, ორშაბათიდან კოდექსის პროექტს სოფლის რწმუნებულებს გააცნობენ:
_ პროექტის თავდაპირველ ვარიანტს ვიცნობ. ახლა პარლამენტში მიდის გადამუშავება და ბოლო დეტალები არ ვიცი.
_ რასაც იცნობთ, იქიდან გამომდინარე, რას გვეტყვით _ რა სარგებელს მოუტანს ეს ცვლილებები მოსახლეობას?
_ ამ კოდექსის მიზანია დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობის გაძლიერება. ანუ უფრო მეტი მოსახლეობის ჩართვა თვითმმართველობაში. მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი იქნება იმ პრობლემების გადაწყვეტაში ჩართული, რომელიც რეალურად გადასაწყვეტია.
_ თქვენთვის მისაღებია კოდექსის ის ვარიანტი, რომელსაც იცნობთ?
_ იქ იყო ისეთი საკითხები, რომელიც გვაინტერესებდა და ჩვენი მოსაზრებები წერილობითი სახით გავაგზავნეთ სამინისტროში.
_ კონკრეტულად?
_ მაგალითად, იქ არის ასეთი რამ _ გამგებელი ნიშნავს წარმომადგენლებს თემებში. მე მაინტერესებდა _ ეს ისეთივე იქნება, როგორიც ახლა რწმუნებულების ინსტიტუტია თუ სხვა ფორმით გაკეთდება. ძირითადად კი მაინტერესებდა, როგორ იქნებოდა შეთანხმებული საარჩევნო კოდექსთან; როგორი იქნებოდა არჩევნები; საბჭოები რომ იქმნება, მართალია, მისი ფუნქციები კარგად არის გაწერილი, მაგრამ იქ რომ წერია, უხელფასო იქნებაო, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ერთი სიტყვით, არის საკითხები, რომელიც, როგორც ვიცი, ახლა იხვეწება.
ხუნდაძის თქმით, შენიშვნები დაახლოებით სამი კვირაა გაგზავნილია:
_ პასუხს არ ველოდებით. ჩვენ გავაგზავნეთ შენიშვნები და გაითვალისწინებენ. თვითმმართველობები, პარლამენტი, ყველა ჩართულია ამ პროექტის განხილვაში და მიმაჩნია, რომ ყველას ჩართულობით კარგი კოდექსი გამოვა საბოლოოდ.
_ ბატონო ანტონ, მოსახლეობის ჩართვა არ არის აუცილებელი?
_ ძირითადად ექსპერტების დონეზეა. ვინ იცის ეს თემა?!
_ ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობის 99% კოდექსის პროექტს საერთოდ არ იცნობს.
_ ჩვენ, ორშაბათს, რწმუნებულები გყავს დაბარებული, რომლებსაც გავაცნობთ ამ კოდექსს და რომლებიც სოფლებში გაავრცელებენ, _ ამბობს ხუნდაძე.
ჩოხატაურში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის _ “თემი და თვითმმართველობა” ხელმძღვანელი დავით ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის რეფორმა აუცილებელია, თუმცა, წარმოდგენილი პროექტის განხილვაში მოსახლეობა აქტიურად უნდა იყოს ჩართული: _ დღეს საქართველოში თვითმმართველობა არ არსებობს, მოქალაქეები ვერ მონაწილეობენ პროცესში და ეს უნდა შეიცვალოს. არავინ დავობს იმ საკითხზე, რომ რეფორმა აუცილებლად უნდა გახორციელდეს, თუმცა, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. კოდექსი კონსესუსის შედეგად უნდა მიიღონ და ამ პროცესში მმართველ პარტიასთან ერთად, აქტიურად უნდა ჩაერთონ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და მოქალაქეები. უნდა შემუშავდეს ყველასთვის მისაღები კანონპროექტი, რომელშიც რისკები, საფრთხეები მინიმალური იქნება და მაქსიმალურ “პოლიტიკურ თავისუფლებას” მიანიჭებს დგილობრივ ხელისუფლებას.
მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან მომენტს _ ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა გამოკითხვა, რომელმაც გვიჩვენა რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საერთოდ არ იცნობს აღნიშნულ კანონპროექტს და ამ სიტუაციაში მათ ჩართულობაზე საუბარი არარეალურად მიმაჩნია. ამიტომ, პირველ რიგში მოსახლეობის ინფორმირებაა საჭირო. თუ ეს პროცესი ეტაპობრივად არ გახორციელდა და გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთი პარტიის ან ერთი პოლიტიკური ძალის მიერ იქნა მიღებული, წარსული მაგალითების გათვალისწინებით, სავარაუდოდ ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას დავით ჩხიკვაძემ.