ბერიძეს არ გაუმართლა, რადგან 83 000 ლარიანი ჯიპის ამბავი მაშინ გასკდა, როდესაც აჭარას უპრეცედენტოდ სუსხიანმა ზამთარმა შემოუტია, მოსახლეობა დენისა და გაზის გარეშე დარჩა, ბაღებში ათიათასობით ტონა ციტრუსი მოიყინა, უკვე მოკრეფილი კი ოჯახებში დალპა.
დღესაც, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენის მსურველ არაერთ საბიუჯეტო ორგანიზაციას ნახავთ. მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტი 52 და 48 ათას ლარად ღირებული ორი ავტომანქანის შეძენას აპირებს, ავტომანქანის ტექნიკურ მახასიათებლებში ვიღაცას ხელით მიუწერია ერთ შემთხვევაში “ფერი – თეთრი”, მეორე შემთხვევაში კი “ფერი – შავი“.
2012 წლის სააპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამინისტროებმა და თვითმმართველმა ორგანოებმა ათასობით ახალი ავტომანქანა შეიძინეს. ძველები თითქოს აუქციონზე გასაყიდადაც გამოიტანეს, მაგრამ დღემდე არავინ იცის, რა შედეგით დასრულდა ეს აუქციონები. როგორც ამ სფეროს სპეციალისტები ამბობენ, სამინისტროებმა მეორად ავტომანქანებს არარეალურად მაღალი ფასები დაადეს და საეჭვოა, რომ მათ მყიდველი გამოსჩენოდა. როგორც საიას კვლევიდან “საჯარო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი” ჩანს, ყველაზე მეტი ახალი ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძინა. ღარიბაშვილის უწყება არჩევანს ძირითადად “ტოიოტას” მარკის ავტომობილებზე აკეთებდა, რომელთაგან ყველაზე ძვირადღირებული მოდელი “ტოიოტა ლენდ კრუიზერი 200“-ია. 2012 წლის 22 და 24 დეკემბერს სამინისტრომ ამ მოდელის 2 ავტომანქანა შეიძინა, თითოული 118 ათას ლარად. თუმცა, ის, რაც ეპატიება ღარიბაშვილს, არ ეპატიება ბერიძეს.
1 წლის თავზე, როდესაც ავტოპარკის განახლებაზე გაწეულ ხარჯები შეფასდა, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.
2013 წლის 21 ოქტომბერს ივანიშვილის დადგენილებით სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელიც სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება. მინისტრების მოადგილეებისაგან დაკომპლექტებულ კომისიას დავალებული აქვს 2013 წლის 31 დეკემბრამდე მოამზადოს ნორმატიული აქტები, რომელიც სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენის პროცესის გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას უზრუნველყოფს. კომისია ასევე განსაზღვრავს საჯარო უწყებებში სამსახურებრივი ავტომანქანებით მოსარგებლე პირთა კატეგორიას, ავტომობილის ტიპს და ახალი ავტომობილის შეძენის წესს.
ახალი, შემზღუდავი ღონისძიების ამოქმედებამდე კი საჯარო უწყებები ავტოპარკების განახლებას ჩქარობენ. წლის ბოლოა და ბევრ უწყებას აუთვისებელი თანხა დარჩა. ხელმძღვანელთა ერთი ნაწილი ამ ფულით თანამშრომლების გულის მოგებას და საახალწლოდ პრემიების დარიგებას აპირებს, მეორე ნაწილმა კი არჩევანი ძვირადღირებულ ავტომანქანებსა და მობილურ ტელეონებზე შეაჩერა.