ორგანიზაციამ შეისწავლა 2012-2013 წლებში საქართველოს რამდენიმე რეგიონში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტები და კონფლიქტების დარეგულირების პროცესში სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის საკულარიზმთან და რელიგიის თავისუფლების სტანდარტებთან შესაბამისობა შეაფასა.
კვლევაში მოხვდა სოფელ ნიგვზიანში, სოფელ წინწყაროსა და სამთაწყაროში მომხდარი რელიგიური კონფლიქტი.
კვლევის ავტორმა თამთა მიქელაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგვზიანში მომხდარი რელიგიური კონფლიქტის შესახებ განაცხადა, რომ ამ წუთებში ეს პრობლემა მოგვარებულია და პარასკევის ლოცვა სოფელში აღევლინება.
“2012 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში გამოვლენილი კონფლიქტის შემდეგ, ნიგვზიანის სამლოცველოში ყოველ პარასკევს ტრადიციულ ლოცვაზე 100-დან 120-მდე ადგილობრივი მუსლიმი, მათ შორის, ნიგვზიანის მეზობელ სოფლებში მცხოვრები მლოცველები რეგულარულად იკრიბებიან. კონფლიქტის ტრამვული მეხსიერებისა და კონფლიქტის შემდეგ თემებს შორს შექმნილი გაუცხოების მიუხედავად, ადგილობრივი მუსლიმი თემი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ მას ნიგვზიანი სამლოცველოს გახსნის შესაძლებლობება მიეცა,” _ თქვა თამთა მიქელაძემ.
მისივე განცხადებით, კვლევის პროცესში ადგილობრივი ქრისტაიანი და მუსლიმი თემებისგან, ისევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისგან ჩამორთმეული ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მყიფეა. ადგილობრივი ქრისტიანები უკმაყოფილებას გამოხატავენ კონფლიქტის ამგვარი პირობებით გადაწყვეტის გამო და კონფლიქტის განახლების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.
“კვლევის პროცესში სოფელი ნიგვზიანის ქრისტიანი თემისგან აღებული ინტერვიუების ანალიზი აჩვენებს, რომ იგი გამოვლენილ კონფლიქტს სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესით განმარტავს. ადგილობრივი ქრისტიანები კონფლიქტს ორი ძირითადი პოლიტიკური თეორიით ხსნიან – პირველი თეორია არჩევნებსა და არჩევნების წინ სამლოცველოს გახსნის თაობაზე ყოფილი სახელისუფლო პარტიის მიერ მუსლიმი თემისთვის გაცემულ დაპირებაზე უთითებს, მეორე თეორია კი ამ პროცესს საქართველოს თურქმენიზაციის საფრთხეების შუქზე ხედავს.
პირველი თეორიის ქვეშ ადგილობრივი ქრისტიანები უთითებდნენ, რომ არჩევნების წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხმების მიღების სანაცვლოდ მუსლიმ თემს დაპირდა სალოცავის გახსნას,” _ უთხრა “გურია ნიუსს” თამთა მიქელაძემ.
ამავე თემაზე: