და ეს ყველაფერი მაშინ, როცა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს პარლამენტმა კანონი 2011 წლის 28 დეკემბერს მიიღო, ძალაში კი 2012 წლის პირველი მაისიდან შევიდა. კანონის ძირითადი ამოცანაა პერსონალური მონაცემების დამუშავებისას უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
კანონის თანახმად, პერსონალური მონაცემია, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებლი ფიზიკურ პირთან და იძლევა მისი იდენტიფიკაციის საშუალებას. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებია რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან ნასამართლობასთან, ასევე ბიომეტრული მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება ზემოაღნიშნული ნიშნებით.
საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებს, მათ შორის სხვადასხვა ოდენობის ფულად ჯარიმებს, რომელიც უწყებებს ეკისრებათ და შემდეგ ისინი შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის ხარისხს განსაზღვრავენ, თუმცა, ჯერ არც ერთი უწყება არ დაჯარიმებულა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ფაილური სისტემის დანერგვის შესახებ, ამა წლის 7 ივლისს, საიამ ჩაატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციამ საქართველოს ყველა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, არსებობდა თუ არა პერსონალურ მონაცემთა ფაილური სისტემა და ფაილურ სისტემათა კატალოგი. კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად კანონის მოთხოვნებისა, დღემდე არ არის დანიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; მიუხედავად კანონით განსაზღვრული ვალდებულებისა, სამინისტროების უმრავლესობა არ აწარმოებს ფაილურ სისტემას და ფაილური სისტემის კატალოგს.
5 თვის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია “ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა” ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ამ ხნის განმავლობაში სიტუაცია არ შეცვლილა და სამინისტროების უმრავლესობა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ინდეფერენტულია.
ორგანიზაციამ პროექტის – “პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელშეწყობა” 16 სამინიტროში შესაბამის კანონის განხორციელების მონიტორინგი განახორციელა.
“ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორ” ნატო გაგნიძის განმარტებით, მონიტორინგის მიზანი იყო ორგანიზაციას გაეგო, თუ რა ნაბიჯებია გადადგმული კანონის იმპლემენტაციის კუთხით, რადგან როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონი მიღებულია ორი წლის წინ და გარკვეული ღონისძიებები ამ მიმართულებით გატარებული უნდა ყოფილიყო.
მისი ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სამინისტროების უმრავლესობა აბსოლუტურად ინდეფერენტულია კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, არ არსებობს მათი მხრიდან საკითხისადმი სისტემური მიდგომა და კონკრეტული ხედვები, გეგმები, რას აპირებენ კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამინისტროებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხისადმი ცნობადობა დაბალია, ზოგან კი უბრალოდ არ არსებობს. სამინისტროების უმრავლესობას არ აქვს გააზრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის გასატარებელი ღონისძიებები. არც ერთ სამინისტროს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები კანონის იმპლემენტაციისათვის, არ არსებობს კანონის იმპლემენტაციის კონკრეტული გეგმები, არ არსებობს წინაპირობები და მტკიცებულებები ვარაუდისთვის, რომ მონიტორინგის პერიოდისთვის საქართველოს სამინისტროებში არსებობს მკაფიო ნება და სერიოზული განზრახვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხის მოწესრიგებისათვის.
მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, “ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი” უწყებებს კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს.
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი რესურსების იდენტიფიცირება;
2. სამინისტროებში დამუშავების პროცესში არსებული მონაცემების აღრიცხვა, დამუშავების მიზნებისა და სამართლებრივი საფუძვლების იდენტიფიცირება;
3. სამინისტროების სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურებისა და პირების განსაზღვრა;
4. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესთან დაკავშირებული პერსონალის ტრეინინგი – ტრეინიგის პროგრამების შემუშავება და დანერგვა;
5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტისა და ცალკეული პროცესებისა და ქვედანაყოფებისთვის სახელმძღვანელო ინსტრუქციების შემუშავება.
ამასთან, პერსონალური მონაცემების ექსპერტ გიორგი გაბრიელაშვილის თქმით, სასურველია, დაწესებულებებს ყავდეთ პასუხისმგებელი პირი, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი შიდა ოფიცერი, რომლის მთავარი ამოცანა პერსონალური მონაცემების დაცვა იქნება. აღნიშნული პირი ორგანიზებული ზომების მიღებაზე იქნება პასუხისმგებელი.
“აღნიშნული პირი ორგანიზებული ზომების მიღებაზე იქნება პასუხისმგებელი. რაც შეეხება უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამინისტროების ურთიერთობას, ცენტრმა 16 სამინისტროს მონიტორინგის მიზნებისათვის წერილი გაუგზავნა თანდართული კითხვარით. ორგანიზაციამ 14 სამინისტროდან პასუხი სულ მცირე ერთი კვირის და მაქსიმუმ 6 თვის პერიოდის დაგვიანებით მიიღო. ამასთან, წერილობითი პასუხი არ მიუწოდებია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. მიღებული პასუხებიდან კითხვარში დასმულ კითხვებს სრულად უპასუხა შვიდმა უწყებამ. განათლების სამინისტროსთან კი, არანაირი კომუნიკაცია არ დამყარებულა. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამინისტროს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა გაუძნელდა. მათმა ნაწილმა კი ზოგადი შინაარსის წერილებით თავი აარიდა დასმულ კითხვებზე პირდაპირი პასუხების გაცემას”, _ ამბობს გაბრიელაშვილი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ პირველ ეტაპზე პრიორიტეტი საჯარო სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
“პრობლემები პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით სხვადასხვა დონეზე, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში, ბუნებრივია, არსებობს. ეს უკავშირდება მონაცემთა დამუშავების საფუძვლების არარსებობასაც. პროპორციულობა არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა მონაცემების სხადასხვა დამმუშავებლებთან. ბუნებრივია, პირველი პრიორიტეტი არის საჯარო სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე, აქტიურ კონსულტაციას ვაწარმოებთ კერძო სექტორთანაც”, – აღნიშნავს ქალდანი.
მისივე თქმით, თუ სასჯელაღსრულების სამინისტრო, თებერვლამდე მათ მიერ გაწეულ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, რომლებიც სათვალთვალო კამერებს ეხება, ჩატარდება ინსპექტირება და შესაბამისი ზომების მიღება მოხდება
“ჯარიმა, როგორც ასეთი, არ გამოგვიყენებია, თუმცა ჩვენ უკვე ჩავატარეთ 2 ინსპექტირება. მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ვიდეოთვალთვალის თემა იყო… მათი დაჯარიმება არ მომხდარა, მაგრამ ჩვენ მივეცით 3–გვერდიანი რეკომენდაცია. იქ ძალიან დეტალური რეკომენდაციებია, რა არის გამოსასწორებელი, რა შესაცვლელი და თებერვალში ველოებით მათი მხრიდან ანგარიშს, ჩვენი რეკომენდაციები და რჩევები იქნა თუ არა გაზიარებული”, – უთხრა “გურია ნიუსს” ქალდანმა და დასძინა, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციის დაჯარიმება მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება არ უნდა იყოს, რადგან გაცილებით მნიშვნელოვანია იმუშაო ინსტიტუციასთან ერთად, ან აიძულო ის, რომ იმუშაოს სისტემის გამართვაზე.
იმ 16 უწყებას შორის, სადაც მონიტორინგი განხორცილედა ერთ-ერთია შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც აცხადებენ, რომ ამ კუთხით უწყებაში მუშაობა უკვე დაწყებულია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულია მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელსაც თან ერთვის “შსს-ში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ” ინსტრუქცია. აღნიშნული ბრძანება უახლოეს მომავალში ძალაში შევა. ინსტრუქცია ეყრდნობა საქართველოს კანონს “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1987 წლის რეკომენდაციას “პოლიციის სექტორში პერსონალური მონაცემების გამოყენების რეგულირების შესახებ”. აღსანიშნავია, რომ ბრძანება შემუშავდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი.