და რომ არა მთავრობის ცვლილება, კიდევ მომიწევდა იქ უკანონო სასჯელის მოხდა. შევეცდები, მოკლედ და საფუძვლიანად მოგიყვეთ ის, თუ რა მოხდა 2006 წლის აგვისტოში, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ურეკის ყოფილი პოლიციის უფროსი ჯემალ შამათავა, რომელიც საზღვარგარეთაა და იმედი აქვს, მთავარი პროკურატურა მისი საქმით დაინტერესდება. თუმცა, პირები, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, ახალი ხელისუფლების მიერ მაღალ თანამდებობებზე არიან დანიშნული, რაც, სავარაუდოდ, საქმის სამართლიანად გადახედვის ალბათობას ამცირებს.
_ ურეკში დავინიშნე 2006 წლის მარტის ბოლოს. აპრილის თვეში დამიკავშირდა დასავლეთ საქართველოს კუდ-ის ხელმძღვანელობა და მითხრეს, რომ მოვლინებული იქნებოდნენ ოზურგეთის კუდ-ის თანამშრომლები ურეკში და მათგან მივიღებდი კონკრეტულ დავალებას და უნდა შემესრულებინა. მართლაც, მე შევხვდი მათ ჩემს სამუშაო კაბინეტში და პირდაპირ მომეცა დავალება, რომ ყველანაირი მეთოდით უნდა შევსულიყავი კონტაქტში ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენლებთან, კერძოდ, ო.დ.-თან. ასევე ისიც მითხრეს, რომ პატარკაციშვილი ქმნიდა რაღაც პარტიას და ის იყო “ნომერ პირველი მტერი ჩვენი სახელმწიფოსი”. უნდა მეწარმოებინა თვალთვალი მის საცხოვრებელ სახლზე, დამეფიქსირებინა შემავალი და გამომავალი ავტომანქანების სანომრე ნიშნები, მომეხდინა გადმობირება ბ. პატარკაციშვილის საკუთრებაში მყოფი ობიექტებზე მომუშავე პერსონალისა და მიმეღო ყველა ინფორმაცია ზემოთ ხსენებულ პიროვნებაზე. ასევე მთხოვდნენ, შესაძლებლობის ფარგლებში, გადმომებირებინა პატარკაციშვილის მზარეული. ეს არის ის მოკლე მონახაზი, რაც დაედო საფუძვლად ჩემ დაკავებას. დავალების შეუსრულებლობის გამო, გამომაცხადეს მტრად და ჩემს გვარ-სახელს მიაწერეს მათი დევიზი: “ვინც ჩვენთან არ არის, ის _ ჩვენთანაა” (ანუ ციხეში, მათთან). ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის დევიზი.
ასევე მინდა იცოდეს ყველამ, რომ ბადრის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ 2006 წელს გაჩაღებული იყო ბრძოლა. ბოლო გამაფრთხილებელი დავალება მივიღე აგვისტოს თვეში, რომ მომცემდნენ პატარა ნივთს. ეს ნივთი უნდა შემეტანა და დამეტოვებინა ბადრის სახლში. მე მათ ვუთხარი, რომ არ შემეძლო მის სახლში თავისუფლად შესვლა. პასუხად მივიღე, რომ მე შევდიოდი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა სიაში, რომლებიც კარგად ვიცნობდით ო.დ.-ს. თანაც დამიყარეს სურათები, სადაც მე, ო.დ.-თან ერთად ვიმყოფებოდი ბადრის სახლში. ამას მოჰყვა მუქარაც. ჩემი კატეგორიული უარის შემდგომ, მათ მიერ მოვლინებულმა აგენტმა შეცდომით შეასრულა დავალება და ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა სრულიად უდანაშაულო პიროვნება, რომელიც ჩემთან მუშაობდა რიგით პოლიციელად და პენსიამდე დარჩენილი ჰქონდა თვეები _ ავთანდილ მიქაბერიძე. ამის მერე, დავუკავშირდი დასავლეთ საქართველოს კუდ-ის ხელმძღვანელობას, რომელთანაც მქონდა ნათესაური კავშირი და ვკითხე: მე მიჭერდით-მეთქი? მან მიპასუხა, რომ გაერკვეოდა და დამირეკავდა. მართლაც დამირეკა და მითხრა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მომცემდნენ საყვედურს და არ დამეწერა განცხადება წასვლაზე, რათა არ გამეღიზიანებინა ზემდგომები. მივიღე მათგან პირობა, რომ ჩემს მიმართ არანაირი პროვოკაცია არ იგეგმებოდა. ზუსტად რამდენიმე დღეში დამიკავშირდა აღნიშნული პიროვნება, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ და მითხრა, რომ სტუმრებთან ერთად ურეკში დავალებაზე იმყოფებოდა და დამავალა, პატარკაციშვილის სახლთან მომეხსნა ურეკის პოლიციელების პოსტი. თუ რატომ უნდა გამეკეთებინა ეს, პასუხი ვერ მივიღე, რის შემდეგ დავურეკე ჩემს მოადგილეს ბ.კ.-ძეს და დავავალე აღნიშნულის შესრულება. როგორც ჩემთვის შემდგომში გახდა ცნობილი, ურეკში იმყოფებოდნენ აჭარისა და სამინისტროს კუდ-ის მაღალჩინოსნები, მათ შორის, გიორგი დგებუაძე, მეტსახელად “მასტერა”.
რა მოხდა 2006 წლის 14 აგვისტოს
_ ჩემს მოადგილესთან _ ბადრი კორძაძესთან ერთად ვაწარმოებდი შემოვლას ურეკის ცენტრში, სადაც ის გაესაუბრა ბავშვთან ერთად მყოფ ქალს; იგი ჩემი მოადგილის დედის მეზობელი იყო ხონის რაიონიდან – თ. წერეთელი. კარგად მესმის, თუ რატომ უარყო კორძაძემ შემდგომ თავის ჩვენებაში ეს ფაქტი… 15 აგვისტოს, სამსახურში მისვლისას, კორძაძემ მითხრა, რომ ამ ქალს უნდოდა ჩემი ნახვა; მან შემომიყვანა აღნიშნული მოქალაქე კაბინეტში, თავად კი ერთი დღით სამსახურიდან გათავისუფლება მთხოვა.
ამ ქალმა ამიხსნა, რომ ურეკში ბავშვთან ერთად ჩასულს, ვიღაც მამაკაცი აედევნა, რომელმაც მიაცილა სახლამდე, დილით ისევ ესტუმრა და თხოვდა, მასთან ერთად კაფეში წასვლას. მერე კი, სანამ ბავშვს ტანსაცმელს აცმევდა, აღნიშნულმა პიროვნებამ ტელეფონი, ბეჭედი მოპარა და მიიმალა. ცოტა გასაკვირი იყო ამის მოსმენა ჩემთვის, როგორც ოპერატიული თანამშრომლისთვის: რატომ არ მოუყვა ეს მან თავის ნაცნობს და მეზობელს ბადრი კორძაძეს და რატომ მელოდებოდა მაინცდამაინც მე? ეს კითხვა დავუსვი კიდეც, მაგრამ გაურკვეველი პასუხი მივიღე. ასევე, თქვა, რომ მისთვის ცნობილი იყო, თუ სად იმყოფებოდა ზემოთ ხსენებული პიროვნება, რამაც მთლად გამაოცა… მოკლედ, როგორც წესი იყო, გამოვიძახე გამომძიებელი ბაქანიძე, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, ჩაისვეს ეს ქალბატონი მანქანაში და გავიდნენ აღნიშნული პიროვნების დასაკავებლად. მართლაც, ხუთ წუთში დამირეკა ბაქანიძემ და მითხრა, რომ წერეთლის მითითებით დაკავებული იყო პიროვნება, პოლიციიდან დაახლოებით 300 მეტრში, რომელიც გადაადგილდებოდა ფეხით.
სად გაგიგიათ, კაცმა ქურდობა ჩაიდინა და შემდგომ პოლიციასთან დასეირნობდა, აგერ ვარ და დამიჭირეთო?! მაგრამ ეს სცენარის ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. აღნიშნული პიროვნება წარმოადგინეს პოლიციაში და გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროს ჩემთან კაბინეტში იმყოფებოდა ოზურგეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ჩუბინიძე და სამინისტროდან მოვლინებული, ყველასთვის ცნობილი ზაზა ქიქავა. ორივემ ნახეს დაკავებული და გაესაუბრნენ, რის შემდგომ მე ჩუბინიძეს ვუთხარი, რომ წავიდოდი სახლში, ის კი დაკავებულს გადაიყვანდა ოზურგეთის იზოლატორში, რაზეც დამთანხმდა.
წასვლიდან რამდენიმე წუთში ზაზა ჩუბინიძემ დამირეკა და მითხრა, რომ უნდა ჩამოვსულიყავი ურეკში, რადგან დაკავებულს უნდოდა ჩემი ნახვა. როგორც წესი, ამისთანა რაღაც არ ხდება, მაგრამ რადგან ჩუბინიძემ მითხრა, ისევ ურეკში დავბრუნდი.
ჩუბინიძემ მითხრა, იცი ვინაა დაჭერილი, ყველასთვის ცნობილი აგენტი, მთელი სამინისტრო ფეხზე დადგაო! დაკავებულის – ფოლადაშვილის შესახებ გადაწყვეტილება ჩუბინიძეს უნდა მიეღო, ვინაიდან ის იყო ზემდგომი და აღნიშნული საქმის გამოძიებაზე დოკუმენტებს მისი რეზოლუცია ედო. მან მითხრა, რომ გადაიყვანდა ოზურგეთში.
ამ დროს გამოვიდა ყვირილით წერეთელი: რომ მცოდნოდა ამდენ ხანს დავრჩებოდი პოლიციაში, არც კი მოვიდოდი, ბავშვი მშიერი მომიკვდაო. თან სახლში დარეკვასაც ვერ ვახერხებ ავადმყოფ დედასთანო; ფოლადაშვილმა ტელეფონის მოპარვისას სიმ-ბართი ამოიღო და გადააგდო.
დავავალე ჩემს თანამშრომელს, რომ შეეძინა მისთვის სიმ-ბარათი, ხოლო თავად ბავშვთან ერთად წავიყვანე კაფეში საჭმელზე, სადაც დამხვდა ჩუბინიძის მოადგილე ეროდი გორდელაძე. მე მას ავუხსენი მომხდარის შესახებ, თუმცა მან თქვა, რომ ყველაფერი იცოდა ჩუბინიძისგან და რამდენიმე წუთში პოლიციის განყოფილებაში შემოგვიერთდებოდა.
დაახლოებით 15 წუთში მე, წერეთელთან და მის ბავშვთან ერთად, დავბრუნდი პოლიციაში, სადაც გამომძიებელმა ელგუჯა ჩხატარაშვილმა განაგრძო წერეთლის დაკითხვა. ამ დროს მოვიდა ეროდი გორდელაძე, რომელმაც ნახა, რომ მე და წერეთელი ვიმყოფებოდით პოლიციის შენობაში, რაც დაადასტურა კიდეც თავის ჩვენებაში. არადა, შემდგომ, წერეთელი წერდა ჩვენებაში, თითქოს ის წავიყვანე ქობულეთის მიმართულებით…
ყოველივე ამის შემდგომ, იმ დღეს, დავემშვიდობე ყველას და წამოვედი სახლში, ხოლო ჩუბინიძემ, გორდელაძემ და ბაქანიძემ დაკავებული ფოლადაშვილი გადაიყვანეს ოზურგეთში. გორდელაძე მის ჩვენებაში იმასაც წერს, რომ გზაში ფოლადაშვილი და ჩუბინიძე იხსენებდნენ ძველ საქმეებს, ჩანდა, რომ აკავშირებდათ დიდი ხნის ნაცნობობა, დაკავებული თავს გრძნობდა არხეინად და ამიტომაც, მას ფოლადაშვილი თანამშრომელი ეგონა.
რაც ყველაზე გასაკვირია, ჩუბინიძემ დაკავებული არა იზოლატორში, არამედ მის კაბინეტში აიყვანა, მისცა რამდენჯერმე დარეკვის საშუალება. დაკავებულის ადგილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია და არა პოლიციის უფროსის კაბინეტში!
როგორც ჯემალ შამათავა ამბობს, იმ საღამოსვე ქობულეთიდან ჩამოყვანილი იქნა საადვოკატო ფირმა “ბოლქვაძე და კომპანიას” ადვოკატი, რომელიც შევიდა ფოლადაშვილთან და გამოიტანა განცხადება, თითქოს ის იყო ნაწამები.
_ ისმის კითხვა: ვინ დაუქირავა ფოლადაშვილს ადვოკატი, ვინ შეიტანა თანხა? რა თქმა უნდა, აჭარის მაშინდელმა კუდ-ის ჩინოსნებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ ღონისძიებაში. ჩემთვის მხოლოდ მეორე დღეს გახდა ცნობილი, რომ ჩემ წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული. 22 აგვისტომდე ჩვეულებრივად ვასრულებდი სამუშაოს, ხოლო საღამოს დამირეკა ფოთის მაშინდელმა პოლიციის უფროსმა ჯიქიამ და მთხოვა, შემევლო მასთან. ჩემი მისვლის შემდგომ, დაახლოებით 5 წუთში, შემოვიდა ლევან ქარდავა და მისი ბანდა, რომლებმაც მითხრეს, რომ ასრულებდნენ მინისტრის ბრძანებას და უნდა გავყოლოდი მათ. ჩემ კითხვაზე თუ ვინ იყვნენ და რა სამსახურიდან, არაფერი განუმარტავთ. ჩამიტარეს პირადი ჩხრეკა, რაზედაც არანაირი ოქმი არ შეუდგენიათ. გადამიყვანეს ქუთაისის საოლქო პროკურატურაში, სადაც შეადგინეს დაკავების ოქმი, რაც იყო კანონის უხეში დარღვევა, ვინაიდან დაკავებულად ვითვლებოდი იმ მომენტიდან, როცა შემიზღუდეს თავისუფლად გადაადგილება. ამ კანონს იცავს საქართველოს კონსტიტუცია და იმ მომენტიდან ვითვლებოდი უკანონო პატიმრად.
მესამე დღეს სასამართლომ შემიფარდა ორთვიანი პატიმრობა და გადამიყვანეს ქუთაისის იზოლატორში, სადაც გავატარე ჯოჯოხეთური 1 თვე: საღამოს ავყავდი გამომძიებლებს და მაშანტაჟებდნენ _ თუ არ ვაღიარებდი დანაშაულს, მიმზადებენ მეორე საქმეს, რომელიც იქნებოდა შოკის მომგვრელი და შემექმნებოდა პრობლემები, როგორც ციხეში, პატიმრებთან, ასევე ოჯახში.
17 სექტემბერს ისევ მოვიდნენ და მითხრეს, აწი შენ თავს დააბრალეო, გამაცნეს ახალი საქმე წერეთლის გაუპატიურებასთან დაკავშირებით და მეორე დღესვე გადამიყვანეს ბათუმის საპყრობილეში, სადაც დირექტორი იყო მაშინდელი დასავლეთ საქართველოს კუდ-ის უფროსის ძმა. გამომძიებლებმა გამაფრთხილეს, თუ სადმე ვახსენებდი ბადრი პატარკაციშვილის ს სახელს, სასტიკად დავისჯებოდი და დაისჯებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები.
სასამართლო პროცესი ფარეხში
ჯემალ შამათავა სასამართლო პროცესს იხსენებს და ამბობს, რომ ფოლადაშვილის მიერ დასახელებული სხვა პირები არც კი დაუკითხავთ.
_ სასამართლო ტარდებოდა ოზურგეთში, ფარეხში, სადაც იყო აუტანელი პირობები. მოსამართლე მარიონეტი ირაკლი შავაძე თვალებში შესციცინებდა პროკურორ ფეტვიაშვილს, რომელიც შეკერილი საქმეების “გაპრავების” დიდოსტატი იყო.
ფოლადაშვილი განცხადებაში გარკვევით წერს, რომ დაკავებისას მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, პოლიციელებმა ის ცემით ჩატენეს მანქანაში, გზაში აგრძელებდნენ მის ცემას, ხოლო პოლიციაში მიყვანილს, თავად პოლიციის უფროსმა მიაყენა დაზიანებები. ისმის კითხვა: თუ ასე იყო, რატომ აღიძრა მხოლოდ ჩემს მიმართ სისხლის სამართლის საქმე? არა თუ საქმე, არც კი დაუკითხავთ!
ისე შეცვალეს მათი ჩვენებები, როგორც უნდოდათ; საქმეში დევს ბაქანიძის, ჩხაიძის, ჭყონიას და გვასალიას სამი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება; ეს კი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა.
ფოლადაშვილი გაათავისუფლეს 3000 ლარი გირაოთი, რადგან თანამდებობის პირის წინააღმდეგ მისცა ჩვენება; წელიწადნახევრის შემდგომ ოზურგეთის პროკურორის შუამდგომლობით, სასჯელის სახით მიუსაჯეს იგივე თანხა. მინდა ვკითხო პატივცემულ ილია ჯალაღანიას, იქნებ გვითხრას, რვაჯერ ნასამართლევს რისი ხათრით უშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რომ სასჯელის სახით შეფარდებოდა 3000 ლარი?! მითუმეტეს, გირაოში ყოფნის დროს, მან სამჯერ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და მისჯილი ჰქონდა 5 და 6-წლიანი სასჯელი!
კანონში პირდაპირ წერია, თუ გირაოში მყოფი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, პროკურორი ვალდებულია, მიმართოს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შესახებ; აქ პირიქით მოხდა. საოცარია, ფოლადაშვილის პიროვნება რამდენი ცოდვის მატარებელია! წარმოიდგინეთ ჩემი საქმის შემდეგ, ის ორჯერ გაასამართლეს თაღლითობის ბრალდებით და მიუსაჯეს ერთ საქმეზე _ 5, მეორეზე _ 6 წელი. ის ეცნობოდა ხალხს, როგორც კუდ-ის თანამშრომელი და თაღლითური გზით ძალავდა ფულს. ერთ საქმეში აქვს 4 ეპიზოდი, თუმცა, რატომღაც მის მიმართ არ მოქმედებდა შეკრებითობის კანონი და აძლევდნენ სასჯელის მინიმუმს!
საოცრებაა ისიც, რომ ბოლო ინსტანცია რატომღაც ათავისუფლებდა სასჯელისაგან და უნიშნავდა გამოსასწორებელ ვადას. ასეთი რამე არ მომხდარა იურისპრუდენციის ისტორიაში! საინტერესოა, რის საფუძველზე შუამდგომლობდა მას პროკურორი ჯალაღანია!
საქმეში დევს სამი ექსპერტის დასკვნა, ორი ჩემს სასარგებლოდ და ერთიც _ საწინააღმდეგო. ვეკითხები მოსამართლე შავაძეს: რატომ არ გაითვალისწინა მის მიერ დანიშნული ექსპერტების დასკვნა და რატომ გაითვალისწინა პროკურორის შუამდგომლობით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა? კანონში წერია, რომ თუ საქმეში არის სხვადასხვა, ერთმანეთის საწინააღმდეგო დასკვნები, მაშინ საკითხი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ.
ყველაზე საინტერესოა, რომ პროკურორმა 9 თვის მერე წარმოადგინა სასამართლოზე ვიდეო ფირი და მოითხოვა მოსამართლისგან, დაერთო საქმისთვის როგორც მტკიცებულება. კითხვაზე, თუ რა იყო ამ ფირზე, მან უპასუხა, რომ თითქოს, 9 თვის უკან როცა გამომძიებელი კითხავდა ფოლადაშვილს, მეორე გამომძიებელი აწარმოებდა ვიდეო გადაღებას, რაზედაც აღნიშნული იყო ფოლადაშვილის დაზიანებები. მოსამართლემ არამც თუ გაარიდა ეს ფირი საქმეს, არამედ ცნო მტკიცებულებად და დაურთო საქმეს. მინდა ვკითხო შავაძეს: თუ ხდებოდა გადაღება ფირზე, ეს არის თუ არა საგამოძიებო მოქმედება, უნდა ყოფილიყო თუ არა დართული სისხლის სამართლის საქმეზე სათანადო ოქმთან ერთად, თუ რა ვითარებაში ხდებოდა გადაღება, რა ვიდეოაპარატურით, ხელმოწერებით და თანხმობებით?!
მითუმეტეს, ჩვენს მიერ იქნა წარმოდგენილი ცნობა იზოლატორიდან, სადაც გარკვევით წერია, რომ ფოლადაშვილთან ორი გამომძიებელი არ ყოფილა. ეს ფირი იქნა გაგზავნილი ექსპერტიზაზე და მხოლოდ ამ ფირის საფუძველზე მცნო დამნაშავედ მოსამართლემ. ჩემს საქმეში ექსპერტები პროკურატურის დაკრულზე წერდნენ დასკვნებს. ანალოგიურს სჩადიან იგივე ექსპერტები ზურაბ ჟვანიას საქმეში _ იგივე ექსპერტი ქალი გადის ზურას საქმეში…
სასამართლოზე გამომძიებელმა ბაქანიძემ მისცა ჩვენება, რომ პოლიციის უფროსი არ შეხვედრია ფოლადაშვილს არც მარტო და არც ჩემთან ერთადო; მეორე დღეს კი წერილი გამოაგზავნა, ეს საკითხი გამომრჩაო.. შემდგომ, როცა ველაპარაკე ტელეფონით ბაქანიძეს, მითხრა: რა მექნა, სასწაული მიქნეს პროკურატურაში და დამაწერინესო.
კითხვა მაქვს მოსამართლე შავაძესთან: ბაქანიძემ პროცესზე შეცვალა ჩვენება და თქვა, რომ დაკავების მომენტში კი არა, ფოლადაშვილის დაკითხვის შემდგომ შევავსე ოქმი, რადგან ასე მაქვს წესადო; დაკითხვის ოქმს აწერია დრო, _დაიწყო 22 საათზე და დამთავრდა 23 საათზეო. მაშინ, რის საფუძველზე ჩაატარა გამოძიებამ ფოლადაშვილის საცხოვრებელში ჩხრეკა თუ ფოლადაშვილი არ ყავდა დაკავებული?! რის საფუძველზე ჰყავდათ ფოლადაშვილი პოლიციის შენობაში 12 საათამდე? მან თუ 23 საათზე შეავსო დაკავების ოქმი და 5 საათზე ჩაატარა ჩხრეკა, ეს ოქმი დაამტკიცა ჩუბინიძემ რეზოლუციით ისევ ჯალაღანიას თანხმობით, როგორ ცნო სასამართლომ კანონიერად?! იყო თუ არა მოსამართლე ვალდებული, გამოეყო აღნიშნული ფაქტი ცალკე და გადაეგზავნა პროკურატურაში გამოსაძიებლად?! მხოლოდ ჩემი დამცველის არაერთი მოთხოვნით იქნა მოყვანილი ფოლადაშვილი და წერეთელი სასამართლო პროცესზე!
2012 წლის არჩევნების შემდეგ ჯემალ შამათავამ პოლიტპატიმრების კომისიას მიმართა, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად ეცნოთ, მაგრამ მუხლის გამო აარიდეს თავი ამ საქმის განხილვას. კომისიიდან, დაპირებისამებრ, დოკუმენტები მთავარ პროკურატურას გადაუგზავნეს გამოსაძიებლად.
_ ქალბატონ ეკა ბესელიას კომიტეტმა, 107 ფურცლისგან შემდგარი საბუთები მტკიცებულებით გადაუგზავნა პროკურატურას და იქიდან ზუსტად ერთ კვირაში მივიღე პასუხი, რომ პროკურატურა უძლური იყო ამ საქმის გამოძიებით, რადგან კანონი არ უწყობდა ხელს! პროკურატურის სამარცხვინოდ, ეს პასუხი სულ ერთ გრაფაზე იყო დაწერილი! – ამბობს ჯემალ შამათავა.
_ გადავწყვიტე, დამეტოვებინა საქართველო იმ იმედით, რომ ჩვენი ახლადმოსული მთავრობა აღადგენს სამართალს საქართველოში და სიმართლე იზეიმებს. ჩემი ჩამოსვლის პერიოდში ეს შეუძლებელი იყო, რადგან ჩემი ცხოვრების დამანგრევლები ისევ მაღალჩინოსნები გახდნენ _ ზოგი ოლქის პროკურატურას ხელმძღვანელობს, ზოგიც – პოლიციაშია და ისე იქცევიან, თითქოს მართალი იყვნენ ღმერთისა და ხალხის წინაშე. მინდა მათ ვუთხრა: თქვენ მე წამართვით ცხოვრება, წამართვით ოჯახი, თქვენ წამართვით ღმერთის მიერ ბოძებული თავისუფლება! უნდა რცხვენოდეთ ოზურგეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩემი _ უდანაშაულო ადამიანის ასე გაწირვაში იყვნენ ჩართული…
და ბოლოს, თქვენი საშუალებით, მინდა მივმართო ყველა იმ ყოფილ პატიმარს, ვინც ფოლადაშვილის და წერეთელის მსხვერპლი გახდა: ნუ გაჩერდებით და ნუ იქნებით ჩუმად – ამგვარი “შეკერილი” საქმეები უნდა გამოაშკარავდეს, რომ სხვა დროს, სხვებიც არ იქცნენ ცრუ ჩვენებების მსხვერპლად; მივმართავ ყველა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციას, დაინტერესდნენ აღნიშნული და ამგვარი საქმეებით, რომ კიდევ ერთი სიბოროტე მოისპოს საქართველოში, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღდგეს სამართალი!
ოზურგეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ჩუბინიძე, რომელიც ახლა იმერეთის რეგიონში ძალოვან სტრუქტურაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზეა დანიშნული, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის ჯემალ შამათავას სასამართლო პროცესზე გამოცხადდა:
_ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და მე გამოვცხადდი სასამართლო პროცესზე. მეტი რა შემიძლია გითხრათ. თუ მას რა პრეტენზია აქვს, ეს არ ვიცი. სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, მეტი რა უნდა გითხრათ, – გვითხრა ზაზა ჩუბინიძემ.
ოზურგეთის ყოფილმა პროკურორმა და ახლა დასავლეთ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ილია ჯალაღანიამ “გურია ნიუსთან” შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
_ ამ საქმესთან დაკავშირებით შეხება არ მქონია და აქედან გამომდინარე, ვერც ვერაფერს გეტყვით.
შამათავას მიერ დასახელებული პირების უმეტესობა, დღეს კომენტარისგან თავს იკავებს ან სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. “გურია ნიუსი” გააგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და შევეცდებით, უფრო მეტი ინფორმაციის, კომენტარის, დოკუმენტის მოძიება შევძლოთ.
ჯემალ შამათავა ამბობს, რომ მისი საქმე უკვე გადაგზავნილია სტრასბურგში და სტრასბურგში მოხდება ამ საქმის განხილვა.