ხმალაძის განცხადებით, ამ საკითხზე მსჯელობა დროებით შეწყვეტილია, თუმცა, საკითხის გადაწყვეტა უმცირესობაზეა დამოკიდებული. უმრავლესობის წარმომადგენელი ამბობს, რომ კანონით განსაზღვრულია პარლამენტმა იმ დეპუტატებს, რომელთაც არ აქვთ ქუთაისში საცხოვრებელი ფართი გადაუხადოს ზედა ზღვარი.
“ამ თანხით ნამდვილად ვერ იცხოვრებ აპარტამენტებში. გარდა ამ თანხისა, გამოყოფილია საწვავის ხარჯი. რაც შეეხება დანარჩენ დანახარჯს, რომელსაც დეპუტატი გაწევს, იხდის თვითონ. გარდა ამისა არის დამატებითი ხარჯი, რომელიც საჭიროა შენობის შენახვისთვის, ზამთარში უნდა გათბეს, ზაფხულში კი სათბურის მდგომარეობაა და საჭიროა გაგრილება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს მთავრობას პარლამენტის ქუთაისში ყოფნა საკმაოდ ძვირი უჯდება, წარმოიდგინეთ რამდენად გაურთულდათ დიპლომატიურ წარმომადგენლებს პარლამენტთან ურთიერთობა შენობის ქუთაისში ყოფნის გამო. საერთოდ, როცა ხელისუფლების ორგანოები განთავსებულია სხვადასხვა ადგილას, ქმნის პრობლემებს, ამიტომ ყველა ქალაქში, რამდენიმეს გამოკლებით, პარლამენტი და მთავრობა ერთი და იმავე ქალაქშია განთავსებული”.
ხმალაძის თქმით, პარლამენტის თბილისში გადმოსვლის საკითხი დაკავშირებულია კონსტიტუციურ ცვლილებებთან, რომელიც მხოლოდ იმიტომ ვერ იქნა მიღებული, რომ უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი.
“მაშინ ამ საკითხის გადაწყვეტას სჭირდებოდა 100 ხმა, ახლა სჭირდება 113. ისე, კარგი იქნება ნაციონალებმა გულზე ხელი დაიდონ და ნამდვილი მიზეზები დაასახელონ, რასაც კამერის მიღმა ამბობენ. ჩემი ბოლო ინფორმაციით, ჯერჯერობით ამ ცვლილებების შეტანის პროცესი გაჩერებულია”.
უმრავლესობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი საკითხია გადასაწყვეტი, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი და მიზანშეწონილად არ მიაჩნია პარლამენტის ადგილმდებარეობაზე ასეთი დიდი აჟიოტაჟის ატეხვა.