რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ კანონმდებლებმა და რა შეუშლის ხელს რეფორმის განხორციელებას, ამ საკითხებზე “გურია ნიუსი” საია-ს საპარლამენტო მდივანს თათული თოდუას ესაუბრა.
_ თვითმმართველობის ახალ კოდექსში პრობლემატურ საკითხად მიგვაჩნია გამგებლისა თუ მერისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. კანონპროქტის მიხედვით, ეს პროცდურა ისეთნაირადაა შემოთავაზებული, რომ არავითარი განსაკუთრებული საფუძველი მის წამოწყებას არ სჭირდება, ანუ არ არის აუცილებელი სახეზე იყოს რაიმე ტიპის დარღვევა გამგებლის ან მერის მხრიდან, საკრებულოს წევრთა გარკვეულ რაოდენობას მაინც აქვს უფლება, რომ გამგებელს ან მერს უნდობლობა გამოუცხადოს, რის შემდეგაც მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ჩვენს უკმაყოფილებას სწორედ შემოთავაზებული პროცედურა იწვევდა, ვინაიდან ამ პროცედურის მიხედვით, არავითარი საფუძველი ამ პროცედურის წამოსაწყებად მოთხოვნილი არ არის, არ არსებობს ძალიან ბევრი ნიშანი, რაც ამ პროცედურას განასხვევებს იმ უნდობლობისგან, რასაც პარლამენტი უცხადებს მთავრობას. ამასთან, მას არა აქვს რაიმე მსგავსება იმპიჩმენტის პროცედურასთან, რომელსაც პარლამენტი ახდენს ცალკეული თანამდებობის პირების მიმართ. კონკრეტულად, ცენტრალური ხელისუფლების დონეზე პარლამენტს აქვს უფლებამოსილება უნდობლობა გამოუცხადოს იმ მთავრობას, რომლის დაკომპლექტებაშიც თვითონ იღებს მონაწილეობას ნდობის გამოცხადების გზით, ასეთი კავშირი საკრებულოს, გამგებელსა და მერს შორის არ არის, ვინაიდან გამგებლები და მერები საკრებულოს მიერ კი არ ინიშნებიან და აირჩევიან, არამედ პირდაპირ მოსახლეობა აძლევს მათ ხმას. მეორე განსხვავება ის არის, რომ პარლამენტი უნდობლობას უცხადებს მთლიანად მთავრობას და მის პოლიტიკას და არა ერთ კონკრეტულ თანამდებობის პირს, რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, აქაც არის განსხვავება, როცა პარლამენტი იმპიჩმენტს წამოიწყებს აუცილებელია ორი შემთხვევიდან ერთ-ერთი მაინც იყოს სახეზე, პირველი ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი და მეორე ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. არცერთი ასეთი მითითება და საფუძველი თვითმმართველობის კოდექსში არ არის. გარდა ამისა, იმპიჩმენტის დროს სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება პარლამენტის მხრიდან მიღებული, არსებობს სასსამართლოდან მიღებული წინასწარი დასკვნები, ერთი ეს არის უზენაესი სასამართლო, რომელიც გასცემს დასკვნას სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის თაობაზე და მეორეა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც წინასწარ გასცემს დასკვნას კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე. რაც შეეხება თვითმმართველობის კოდექსს, აქ არათუ მონაწილეობს სასამართლო ამ საკითხში, არამედ პოსტფაქტუმ მონაწილეობასაც აზრი ეკარგება. მაგალითად, გამგებელი და მერი თუ მოინდომებს რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება გაასაჩივროს, სასამართლოს მხოლოდ ის შეუძლია, რომ დაითვალოს საკრებულოს რამდენმა წევრმა მისცა ხმა მისი მოხსნისთვის და საკმარისი იყო თუ არა ეს ხმები უნდობლობის პროცედურის დასასრულებლად. სხვა რაიმე კონტროლის მექანიზმი სასამართლოს ხელში არ რჩება. მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული პროცედურა ხარვეზიანია და ამ სახით ის მიღებული არ უნდა იყოს.
_ რა არის თქვენი რეკომენდაცია და იყო თუ არა ის პარლამენტისთვის ცნობილი კოდექსის პირველი მოსმენით დამტკიცებამდე?
_ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უფლებამოსილება ძალიან საშიშია და პოლიტიკურად მოტივირებული საკრებულოს ხელში. იმ საკრებულოს ხელში, სადაც არსებობს პოლიტიკური უმრავლესობა. დავუშვათ, რომ მათ სურთ გამგებლის ან მერის მოცილება, რასაც ძალიან დიდ გზას უხსნის ასეთი სპეკულაციური ჩანაწერი, გაგებელს და მერს არანაირი ბერკეტი არა აქვს ამას შეეწინააღმდეგოს. როდესაც ჩვენ ვიწონებთ თავს იმით, რომ მოსახლეობას გამგებლების და მერების პირდაპირი წესით არჩევა შეუძლია, რაც უდავოდ დადებითი ცვლილებაა, მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის რისკები და საფრთხეები ასუსტებს გამგებლების და მერების ინსტიტუტს და ის კოდექსში ამ ფორმით არ უნდა იყოს. საია-მ თავისი მოსაზრებები გამგებლების და მერებისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კოდექსის პირველი მოსმენის წინ დააფიქსირა და პარლამენტისთვის ეს ცნობილი იყო. ვფიქრობთ, რომ მეორე მოსმენის დროსაც არ უნდა იყოს პრობლემა ასეთ საკითხებზე მსჯელობა და დისკუსია.
_ გარდა ამ საკითხისა, კიდევ რა არის გამოსასწორებელი კოდექსის პროექტში?
_ გარდა ამისა საინტერესოა არჩევნების ნაწილი, რომელიც პარლამენტში ინიცირებისას გახდა ყველასთვის ცნობილი, თუ რა ტიპის ცვლილებები იგეგმებოდა ამ კუთხით, მაგრამ შემდეგ ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წავიდა და თქვა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს თვითნებურად არ განიხილავს და გარკვეულ ბერკეტებს ინტერფრაქციულ ჯგუფსაც მისცემს. ეს ცვლილებები მთავრობის მიერ ექსკლუზიურად იყო დაწერილი და პარლამენტში შეტანილი. ვინაიდან ეს ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ რელევანტური არ იყო ის დოკუმენტი, რაც მთავრობამ დაწერა და ინტერფრაქციულ ჯგუფს უნდა შეექმნა პირველადი ვარიანტი, რა თქმა უნდა, არ დავიწყეთ იმ დოკუმენტის შესწავლა და მოსაზრებების გამოთქმა. ახლა ველოდებით როდის დაიწყება ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა, რაც 12 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე ჯგუფი არ შეკრებილა. ჯგუფს ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღნელობდა, თუცა ახლა ზვიად ძიძიგური უხელმძღვანელებს. ინტერფრაქციული ჯგუფი პარლამენტის მუშაობას მიბმული არ არს და მას შეუძლია პარლამენტის გრაფიკების მიუხედავად მუშაობის წამოწყება და გაგრძელება. ერთი რამ ცხადია, არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი, რადგან ივნისის მაქსიმუმ შუა რიცხვებში არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ დროისთვის კი ჯერ არც დაწყებულა პირველადი სამუშაოებიც კი. ამ შემთხვევაში დიდი ინტერესია, რომ დროულად დაიწყოს ეს პროცესი და ჯგუფი არდადეგების დასრულებას არ დაელოდოს.
_ თქვენ ასევე ყურადღებას ამახვილებდით, რომ საკრებულო არ არის უფლებამოსილი ბიუჯეტის პროექტში ცვლილება შეიტანოს. გასწორდა თუ არა კოდექსში ეს მხარე?
_ საია-მ ამასთან დაკავშირებით პარლამენტს უკვე წარუდგინა თავისი დასკვნა. სადაც ყურადღებას ვამახვილებთ საკრებულოს სუსტ საბიუჯეტო უფლებამოსილებაზე. მითითებულია, რომ საკრებულო არ არის უფლებამოსილი ბიუჯეტის პროექტში შეიტანოს ცვლილება, თუ ამაზე გამგებელი ან მერი თანახმა არ იქნება. დაახლოებით იგივე პრობლემა გვაქვს, როდესაც პარლამენტი არ არის უფლებამოსილი ბიუჯეტში შეიტანოს ცვლილება მთავრობის თანხმობის გარეშე, რაც მიგვაჩნია, რომ არ არის კარგი ჩანაწერი. საკრებულოს როლი აქ უფრო მეტად უნდა გამოიკვეთოს და ეს კოდექსშიც ჩასწორდეს.
_ ექსპერთთა ნაწილი პრობლემატურად თვლის გუბერნატორების საკითხსაც…
_ რაც შეეხება გუბერნატორების საკითხს, უნდა გადაიხედოს ამ ინსტიტუტის საჭიროება, კონსტიტუციური რეფორმის ჭრილში. იცით, რომ ხელისუფლება აპირებს კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების შეტანას და ამისთვის შესაბამისი ჯგუფის ჩამოყალიბებას. ამ რეფორმის ფარგლებში კი, აუცილებლად უნდა წარიმართოს მსჯელობა გუბერნატორის ინსტიტუტის შენარჩუნების საკითხებზე. გადა ამისა, ველოდებით დისკუსიების დაწყებას საზოგადოებრივი საბჭოების საკითხთან დაკავშირებით, რადგან ითქვა, რომ ამ ეტაპზე კანონპროექტიდან ამოვარდებოდა ეს თავი. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი საბჭო არის ერთ-ერთი მექანიზმი, სადაც მოქალაქეებს თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობის იმიღება შეუძლიათ. ჩვენ გვქონდა გარკვეული შენიშვნები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აბსოლუტური სიახლე იყო ის, რომ ამ ეტაპისთვის გადაიდო ამაზე მსჯელობა და ველოდებით ამ კუთხით დისკუსიის დაწყებას.
_ რამდენჯერმე ახსენეთ, რომ თქვენთვის კანონში შემოთავაზებული ცვლილების შესახებ საპარლამენტო მოსმენისას გახდა ცნობილი. განხილვებში მონაწილეობა ღია არ იყო?
_ რაც შეეხება ზოგადად პროცესებში ჩართვას, დიდი ხანია უკვე თვალს ვადევნებთ ამ პროცესს და ჩვენ შენიშვნებსს რეკომენდაციებს ვაძლევთ პარლამენტს თუ კანონპროექტის ავტორებს. კომნიკაციის მხრივ იყო სირთულეები და ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა. პარლამენტთანაც აქვს გარკვეული სირთულეები ამ ურთიერთობას. როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ პარლამენტისგან პირველი მოსმენით მიღებული ვერსია, მთლიანი დოკუმენტი გამოგვიგზავნეს, სადაც არავითარი სიახლე არ არის გახაზული და ისევ გვიწევს, რომ 366 გვერდიანი დოკუმენტები ერთმანეთს ვადაროთ. რამდენჯერაც ეს კანონპროექტი გამოვითხოვეთ, სიახლეების შესახებ ინფორმაცია ვერ მივიღეთ, ამიტომ შედარებას მიჰქონდა დრო და რესურსი, ვიდრე ამ სიახლეებზე მსჯელობას.