ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შემდეგ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიმართა: სს “საქართველოს რკინიგზა”, შპს “საქართველოს ფოსტა” და სს “საქართველო ნავთობისა და გაზის კორპორაცია”.
“მოგახსენებთ რომ საქართველოს ფოსტა არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს და მასზე ვერ გავრცელდება საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები”, _ ნათქვამია “საქართველოს ფოსტის” საპასუხო წერილში, რომელსაც გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე აწერს ხელს. სს “საქართველოს რკინიგზამ” IDFI -ის მიერ გაგზავნილი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, ხოლო შპს “საქართველოს ფოსტამ” და სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” აღნიშნეს, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება.
თბილისის მთავრობის დადგენილებით მათ მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ და კერძო სამართლის იურიდიული პირებს საჯარო ინფორმაციის გაცემა დაევალათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ამ ორგანიზაციებზე იქამდეც ვრცელდებოდა საჯაროობის ვალდებულებები მათი თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსების ან საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.
IDFI მოუწოდებს სხვა სახელმწიფო ორგანოებსაც, რომ მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი, თუ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული და კერძო სამართლის იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.





























































