კანონპროექტის მიხედვით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება ჩაკეტილ სისტემაში საჭიროებს საქმიანობის ლიცენზიას, ხოლო გარემოში ინტროდუქცია იკრძალება. კანონპროექტის მოქმედების სფერო ვრცელდება მხოლოდ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე და არ მოიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს და სამკურნალო საშუალებებს (ფარმაცევტულ პროდუქტებს).
გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებული სათესლე/სანერგე მასალის ბრუნვა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. საქართველოში ამ სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა დღემდე არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს საქართველო შეუერთდა “ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმს”, რის შედეგადაც აიღო გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სათანადო მარეგულირებელი სამართლებრივი მექანიზმების შექმნის ვალდებულება.