“მე მაშინ გია ხუხაშვილის სახელი ვახსენე და ვთქვი, რომ ის ვანო ჩხარტიშვილისა და ინა გუდავაძის დავაში შეასაძლოა მონაწილეობას იღებს არა როგორც შუამავალი, არამედ ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი. პრესკონფერენციიდან დაახლოებით ერთ საათში მირეკავს თავისი პირადი ტელეფონით გია ხუხაშვილი და მეუბნება, რომ თუ არ დაანებებ თავს ჩემი სახელისა და გვარის ხსენებას, ასე და ასე მოგივაო… ამის გარკვევა და გაშიფვრა გამოძიებას არ გაუჭირდება” _ განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
ადვოკატის განცხადებით, ამის შემდეგ მოვლენები ვითარდება ასე: გია ხუხაშვილი უკანონო ჩანაწერს აწვდის ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიას, რომელიც ასევე ჩართული იყო ჩხარტიშვილისა და გუდავაძის საქმეში. ხუხაშვილის მიზანი გახლდათ დაემტკიცებინა, თითქოს დიმიტრი გაბუნია შეთავაზებას აკეთებდა თანხასთან დაკავშირებით და ცდილობდა მორიგებას პატარკაციშვილის ოჯახთან.
ჩანაწერი “პიქსელის” ცნობილ შენობაში გაკეთდა, სადაც ვანო ჩხარტიშვილისა და ინა გუდავაძის ადვოკატები საქმეზე სალაპარაკოდ შეიკრიბნენ… შეხვედრას გია ხუხაშვილიც ესწრებოდა.
“ყველაზე ამაზრზენი, რაც განხორციელდა ბატონი ხუხაშვილის მხრიდან, იყო ის, რომ მან ჩაიწერა ჩემი საუბარი და შემდგომში ეს აუდიოჩანაწერი გამოიყენა უკანონოდ. მინდა გითხრათ, რომ მას არ ჰქონდა ამის გაკეთების უფლება. ეს შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კანონის თანახმად უფლებამოსილ სუბიექტებს, რომელიც გია ხუხაშვილი ნამდვილად არ იყო. პრემიერის ეკონომიკურ მრჩეველს ამის უფლება არ აქვს, მითუმეტეს მისი გამოყენების უფლება.” _ აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.
ყველაზე საინტერესო დეტალი ამ ამბავში ის გახლავთ, რომ გია ხუხაშვილის ამ სატელეფონო მუქარის შემდეგ, როგორც ადვოკატები აცხადებენ, ვანო ჩხარტიშვილის მიმართ ძველი ხელისუფლების დროს დაწყებული გამოძიება, რომელიც დასრულებული იყო, თავიდან განახლდა და იგივე საფუძვლებით, რის გამოც შეწყდა.
კითხვაზე, თუ საიდან გაიგო ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა:
“ამის შესახებ მე გავიგე ჩემი მარწმუნებლისგან, ბატონი ვანო ჩხარტიშვილისგან, რომელიც მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება. გამოძიებას ასევე გადავცემთ მტკიცებულებებს, რომელიც არსებობს.” _ განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
“საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დღეს მართლაც სკანდალური პრესკონფერენციის მომსწრეა” _ ასე დაიწყო თავისი სიტყვა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.
“ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი, რომლის სახელიც ბევრ სკანდალთან იყო დაკავშირებული ახორციელებდა ზეწოლას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადვოკატზე დიმიტრი გაბუნიაზე. ეს ხდებოდა ზუსტად მაშინ, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ის მონაწილეობდა ფინანსური დავის მოგვარებაში ორ კერძო სუბიექტს შორის. ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენდა დიმიტრი გაბუნია. როდესაც დიმიტრი გაბუნია პრესკონფერენციას ატარებდა, გია ხუხაშვილმა ტელეფონზე დაურეკა მას და დაემუქრა, რომ თუ ჭკუით არ იქნებოდა, მასზე მოხდებოდა სხვადასხვა ღონისძიებების გატარება.
ადვოკატზე განხორციელებული მუქარა არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის ყველა საერთაშორისო დოკუმენტის დარღვევა, ეს არის ადვოკატთა შესახებ კანონის დარღვევა და მინიმუმ უფლებამოსილების გადამეტება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გუშინ მივიღე რა ეს განცხადება, დღესვე გავმართე პრესკონფერენცია და ხვალვე მივმართავ მთავარ პროკურორს, რათა მან მიიღოს შესაბამისი ზომები კანონის შესაბამისად. მთავარმა პროკურატურამ გია ხუხაშვილს უნდა დაუსვას ერთადერთი კითხვა შედიოდა თუ არა პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის ფუნქციებში კერძო დავების გადაწყვეტაში მონაწილეობა და ადვოკატებთან მოლაპარაკებების წარმოება.
ამის შესახებ ხვალვე ვაცნობებ ევროპის ადვოკატთა ასოციაციისა და სამართლის საბჭოს პრეზიდენტს, რათა მან განახორციელოს მონიტორინგი და პირად კონტროლზე აიყვანოს ადვოკატზე ზეწოლის ფაქტი” _ განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
დიმიტრი გაბუნია: “ცოტა არაორდინარულ სიტუაციაში აღმოვჩნდი ჩემი 13 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი სახის დევნა არ მქონია არცერთ პერიოდში. იყო რაღაც შეფარვითი მუქარები, მაგრამ ასეთი აშკარა ზეწოლა ნამდვილად არა.
საბოლოო ჯამში, ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რომ მე თვითონ დამჭირდა ადვოკატი” _ განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
დიმიტრი გაბუნიამ თავისი ადვოკატი წარმოადგინა, მამუკა მდინარაძე.
მამუკა მდინარაძე (დიმიტრი გაბუნიას ადვოკატი): “დემოკრატია ან არსებობს ან არსებობს და როდესაც მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკი ცდილობს ჩაერიოს მსგავსი ტიპის კერძო დავებში, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ამ დანაშაულზე ვსაუბრობთ, მინდა საქართველოს პარლამენტს ბევრი ადვოკატის სახელით ვთხოვო დაამატოს სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი ადვოკატისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის შესახებ. დიმიტრი გაბუნიას მიმართ განხორციელებული ქმედება არის მუქარა და ამ ფაქტს უნდა მიეცეს შესაბამისი რეაგირება.”
ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ხუხაშვილის სამიზნე დიმიტრი გაბუნია შემთხვევით არ ყოფილა: ” მიზანი იყო ასეთი, თუ დიმიტრი გაბუნიას წაქცევას მოახერხებდა, მაშინ ძალიან ბევრი ადვოკატის წაქცევას მოახერხებდა. ელემენტარულად ჟურნალისტები ბრძანდებით და მინდა გკითხოთ, სად წერია, რომელ ფუნქციაში ეწერა ხუხაშვილს როგორც პრემიერის ეკონომიკურ მრჩეველს, რომ უნდა მიეღო მონაწილეობა ფინანსურ დავაში? სად უწერია, რომ უნდა დაიბაროს ადვოკატები და მითითებები მისცეს? ეს არიზს ზუსტად კორუფცია. ჩაიხედეთ კორუფციის განსაზღვრებაში და ნახავთ, ეს არის ტიპიური კორუფცია, რომელსაც გამოძიება არ ჭირდება. “
რაც შეეხება თავად გია ხუხაშვილს, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. თუ ის საჭიროდ ჩათვლის თავისი პოზიციის დაფიქსირებას, ჩვენ მზად ვართ გამოვაქვეყნოთ.