მონაცემებისს მიხედვით, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, თბილისის საკრებულო კოაბიტაციის თვალსაჩინო მაგალითია, სადაც პრემიას ერთნაირი ინტენსივობით იღებენ “მეოცნებეები”, “ნაცები” და ყოფილი “ნაცები”.
პრემია და სახელფასო დანამატები თბილისის საკრებულოში
თბილისის საკრებულოს 2013 წლის ბიუჯეტის უკანასკნელი ცვლილებით მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვრა 210 ერთეულით, რომელთა შრომის ანაზღაურებისთვის წლიურად გამოყოფილია 4 585 500 ლარი. აღნიშნული თანხიდან 2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში (იანვარი-ოქტომბერი) ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემულმა პრემიების საერთო რაოდენობამ შეადგინა 1 707 631 ლარი, საიდანაც საკრებულოს წევრებზე გაცემულია 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე 1 268 355 ლარი.
2013 წლის იანვარი-ივლისი პერიოდში პრემია გაიცემოდა საკრებულოს მხოლოდ 23 წევრზე, ხოლო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის (ირაკლი შიხიაშვილის) დანიშვნის შემდგომ, აგვისტოდან ოქტომბრის თვის ჩათვლით, ყოველთვიურად პრემია გაიცემოდა საკრებულოს 31 წევრზე.
თბილისის საკრებულოს წევრებზე ყველაზე დიდი თანხა 107 107 ლარი გაცემულია აგვისტოს თვეში.
2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში თბილისის საკრებულოს წევრებიდან პრემიების ყველაზე დიდი ოდენობა მიიღეს ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ. თითოეულ მათგანს პრემიის სახით ერგო 19 095 ლარი. მათ მცირედით ჩამოუვარდება თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, რომელმაც 10 თვის განმავლობაში 18 684 ლარი მიიღო. თანაბარი 17 970 ლარი ერგოთ მამუკა ახვლედიანს და გიორგი მუსხელიშვილს, გულიკო ზუმბაძე და ზაზა გაბუნია 17 020 ლარს დასჯერდნენ, კოკი იონათამიშვილმა და ზაალ სამადაშვილმა მხოლოდ 16 240 ლარი მიიღეს, ნათელა მაჭავარიანმა, კახა კუკავამ და მამუკა კაციტაძემ კი 6 760 ლარი.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებს, ამ მხრივაც ყველაზე დიდი თანხა 256 625 ლარი გაცემულია აგვისტოს თვეში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013 წლის განმავლობაში საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს სახელფასო დანამატები არ მიუღიათ.
თანამდებობრივი სარგო
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:
საკრებულოს თავმჯდომარე – 3540 ლარი;
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 2950 ლარი;
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2850 ლარი;
საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე – 2 600 ლარი;
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2 600 ლარი.
რაც შეეხება საკრებულოს სხვა წევრების შრომის ანაზღაურებას, ის განსხვავებული წესით რეგულირდება. მათი ანაზღაურება დამოკიდებულია მათ მიერ შესრულებულ ცალკეულ დავალებებთან და თითოეული წევრის ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში შეადგენს 1 700 ლარს. აღნიშნული თანხა შესრულებული სამუშაოების მიხედვით შესაძლებელია მიიღოს საკრებულოს წევრმა შემდეგი დაყოფით:
ფრაქციაში გაწეული სამუშაოსთვის – არა უმეტეს 300 ლარი;
კომისიაში გაწეული სამუშაოსთვის – არა უმეტეს 700 ლარი;
საკრებულოს სხდომებზე დასწრებისათვის, განხილვებში მონაწილეობასა და სხვა ცალკეული დავალებებისათვის – არა უმეტეს 700 ლარი.
როგორც თბილისის საკრებულოს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან გამოჩნდა, თბილისის საკრებულოს ჩვეულებრივი წევრები (საკრებულოს წევრები, რომლების თანამდებობრივი სარგო არ არის ფიქსირებულად განსაზღვრული), იშვიათი გამონაკლისების გარდა ყოველთვიურად იღებენ ანაზღაურების ზღვრულის მოცულობის მაქსიმალურ ოდენობას – 1 700 ლარს (700+700+300). 2013 წლის ივლისის თვიდან ცალკეული დავალებების შესრულებისთვის ანაზღაურებული თანხების შემცირება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გაიზარდა ისეთი საკრებულოს წევრების რაოდენობა, რომელთაც აქვთ განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო.
რაც შეეხება საკრებულოს აპარატის წევრთა ანაზღაურებას, 2013 წლის 19 აგვისტოს საკრებულოს N12-38 გადაწყვეტილებით თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 2 600 ლარით, ხოლო მისი მოადგილის 1800 ლარით. მინიმალური თანამდებობრივი სარგო აპარატში დასაქმებული თანამშრომლისთვის შეადგენს 500 ლარს.
შესყიდული ავტომობილები
როგორც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, თბილისის საკრებულოს 2013 წელს საწვავის ხარჯების გეგმა შეადგენს 352 100 ლარს. აღნიშნული თანხა კიდევ უფრო გაზრდილია 2014 წლის გეგმით და განისაზღვრა 432 000 ლარით.
აღსანიაშნავია ის ფაქტი, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების დაზუსტებული გეგმით, საწვავის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები დაახლოებით სამჯერ აღემატება მთავრობის კანცელარიის გეგმიურ ხარჯს, ისევე როგორც მთელი რიგი სამინისტროების მიერ დაგეგმილ შესყიდვებს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თბილისის საკრებულოს მიერ მოწოდებულ საშტატო ნუსხის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მეტი შტატი გამოყოფილია მძღოლებისთვის – 37 საშტატო ერთეული.
სამივლინებო ხარჯები
2013 წლის 1 იანვრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით საკრებულოს წევრების მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 203 445 ლარი. ყველაზე ძვირადღირებულ ვიზიტს წარმოადგენს 2013 წლის 27 აგვისტოს ირაკლი შიხიაშვილის, გიორგი ტყემალაძის, მერაბ რაფავას და გიორგი მუსხელიშვილის ვიზიტი ჩინეთში – თითოეულ მათგანს საშუალოდ გამოეყოთ 5640 ლარი.
2013 წლის 21 მაისს შოთა ქურდაძეს, თამაზ შოშიაშვილს კახა გურულს და გურამ კინწურაშვილს გამოეყოთ 4 471 ლარი თითოეულს საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისათვის. ჩვენს მიერ თბილისის საკრებულოსთვის ასევე მოთხოვნილი იქნა აღნიშნული სამუშაო ვიზიტების დანიშნულება, თუმცა, საკრებულომ სამწუხაროდ აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა.
ამასთან, საკრებულოს მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებზე გაწეული ხარჯები არ ჩამოუვარდება სამინისტროების მიერ აღნიშნულ პერიოდში გაწეულ ხარჯებს. მაგალითად, მცირედით ჩამოუვარდება იუსტიციის სამინისტროს, ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაწეულ ხარჯებს მნიშვნელოვნად აღემატება.