როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური ციფრები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ხე-ტყის უკანონო ჭრა მასობრივად მიმდინარეობს და იმაზე საუბარი, თითქოს ჰესების, ამ შემთხვევაში კი ხუდონჰესის მშენებლობით ჰექტრობით ტყე გაიჩეხება და ის ბუნებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ცოტა არასერიოზულია.” _ აცხადებს ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში თემურ კანდელაკი.
ექსპერტების განცხადებით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც ხუდონჰესის აშენებას აპროტესტებს, სწორედ იმ კერძო მესაკუთრეების გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები, რომლებიც წლების განმავლობაში უკანონოდ ჭრიდნენ ხე-ტყეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, რომელიც მათ რამდენიმე თვის წინ გაავრცელეს, მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში, სულ რეგისტრირებულია 15 მრგვალი მორის გადამამუშავებელი სახერხი საამქრო. დადგენილი წესით, გაუქმებული იქნა 3 სახერხი საამქრო.
რაც შეეხება ინფორმაციას 2013 წელს გამოვლენილი უკანონო სახერხების შესახებ მესტიის რაიონის სოფ. ხაიშში, უახლესი მონაცემები ასეთია:
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში გამოვლენილია 7 უკანონო, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში დაურეგისტრირებელი სახერხი.
სამართალდამრღვევებზე შედგენილია 7 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ასკ-ის 1283-ე მუხლის მესამე ნაწილით. ერთ სამართალდამრღვევზე მასალები ასევე გადაგზავნილია პროკურატურაში.
სახერხებზე აღმოჩენილია სხვადასხვა ჯიშის 37,0 მ3 უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. გარემოსათვის მიყენებული ზიანის საერთო თანხამ შეადგინა 3 486,70 ლარი.”
მარტივი არითმეტიკით, რეგისტრირებულ 15 სახერხს 7 უკანონო სახერხს თუ მივუმატებთ, გამოდის, რომ მარტო ხაიშში 22 სახერხია, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს იმისას, რომ მათი მეპატრონეების დაინტერესება საკუთარი ბიზნესის განვითარებაა და ინტერესიც სწორედ აქედან გამომდინარეობს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი “გურია ნიუსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხე-ტყის ბიზნესს ერთი და იგივე ადამიანები აკონტროლებდნენ და ამ ეტაპზე, ლიცენზიანტების სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის მართლზომიერების შემოწმება მიმდინარეობს.
“ტყითსარგებლობის წესებში, ჩვენ მიერ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, რომელიც 2013 წლის 3 დეკემბრიდან ამოქმედდა, ლიცენზიანტები ვალდებული იქნებიან, ტყის მართვის სახელმწიფო ორგანოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღონ შემდგომი ქმედებების განხორციელების უფლება. აღნიშნული დადგენილება, მეწარმეებს და სახელმწიფო მართვის ორგანოსაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თვითონ განახორციელოს ეფექტური კონტროლი და სწორი ტყითსარგებლობის ღონისძიებები.” _ აცხადებს ბიძინა გიორგობიანი.
_ სამინისტროს პრესსამსახურის მიერ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ ერთ სოფელში, ხაიშში 15 ლიცენზირებული სამხერხაო მუშაობს. არაოფიციალური ინფორმაციით კი გაცილებით მეტია. როგორ ფიქრობთ, ხაიშისთვის თუნდაც 15 ლიცენზირებული სამხერხაო ბევრი არ არის? ეს პირდაპირ არ მეტყველებს იმაზე, რომ ხუდონჰესის პროექტი შესაძლოა მხოლოდ საბაბი იყოს. მთავარი მიზეზი კი მაინც ის ბიზნესდაჯგუფებაა, რომელიც წლების განმავლობაში ითბობდნენ ხელს ამ საქმით?
_ არაოფიციალური და არალიცენზირებული სამხერხაო არის უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და თუ ასეთი არსებობს, სამართალდარღვევების აღკვეთა უკვე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ფინანსური პოლიციის პრეროგატივაა. რაც შეეხება რეგისტრირებულ სამხერხაოებს, ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი ტექნიკური გამართულობის გადამოწმება, როგორც ხაიშში, ასევე მთელ საქართველოში. პრობლემა რაოდენობაში არაა, მნიშვნელოვანია, რამდენად კანონიერად და ნორმების დაცვით მუშაობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემოწმება: შესწავლილი უნდა იყოს მათზე ლიცენზიის გაცემის პირობები. ხუდონჰესის პროექტი კი მოითხოვს მრავალმხრივ ანალიზს და მისი მხოლოდ ტყის მასივებთან დაკავშირება არასწორად მიმაჩნია.
_ როგორ შეიძლება იმ ფაქტის ახსნა, როდესაც თქვენი მეტყევეები ან მონიტორინგის სამსახური ამ ხალხს სვანეთში ტყის ჭრას უშლის, მაშინ გზებს კეტავენ _ რატომ გვიშლითო; როდესაც საქმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ეხება, რატომ არ ეწინააღმდეგებით ტყის ჩეხვასო. ცოტა აბსურდული ვითარება ხომ არ არის?
_ იყო შემთხვევები, როცა ჩვენს მეტყევეებს და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფიზიკურად გაუსწორდნენ იმ მიზეზით, რომ უშლიდნენ ტყის ჭრას. რაც შეეხება ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში ტყის მასივების დატბორვას, ეს არ არის მთავარი წინააღმდეგობა.
_ რამდენიმე შეხვედრაზე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გარემოს დაცვითმა ორგანიზაციებმა ხუდონჰესის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხე-ტყეზე ზემოქმედების შესახებ, 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულ გენოციდს შეადარეს (ბორჯომის ხე-ტყის გადაწვას) როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება და რეალურია ასეთი შედარების გაკეთება და საერთოდ, როგორია თქვენი მოსაზრება ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც დადებული პირობის თანახმად უნდა მოყვეს 4000 ადამიანის დასაქმება და დამატებითი შემოსავლები ქვეყნისთვის.
_ 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო ქმედებებთან შედარება უადგილოდ მეჩვენება. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობა. მისი განხორციელება მოითხოვს ფართო პოლიტიკური სპექტრის კონსენსუსს – მეცნიერული კვლევებისა და ეკონომიკური ეფექტის გაანგარიშების საფუძველზე.