როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, თუკი პატიმრობას შეუფარდებენ, მას გაუჭირდება მონაწილეობა მიიღოს მოახლოებულ არჩევნებში.
ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ თუკი სასამართლო პატიმრობას შეუფარდებს, ეს იქნება პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევის მცდელობა.
“ქართული ოცნების” ზევსმა დაგვიტოვა მერობის კანდიდატი და უნდათ, მე ჩამომაშორონ პროცესებს”, _ განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, არც ერთ ეტაპზე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამს. პროკურატურის დღევანდელი მოთხოვნას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გიგი უგულავამ წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა უწოდა.
“კარგად იციან, რომ არსად წამსვლელი არ ვარ. თუ პატიმრობაა- პატიმრობა იყოს, გაქცევას სიკვდილი მირჩევნია”, _ განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ “თბილისის განვითარების ფონდისთვის” გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.
გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.