“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი უმცირესობის მიერ წაყენებულ ბრალდებებს ეხმაურება და სასამართლოზე ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აბსურდულს უწოდებს.
“გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე ზეწოლის ბრალდება აბსურდულია და მიმაჩნია, რომ იმ ბრალდების კვალდაკვალ, რაც უგულავას მიმართ არის გამოკვეთილი, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სამართლიანი. უგულავასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის ერთგვარი აქტიურობა მიზანმიმართული ქმედებაა. ამით უმცირესობას სურს, გადაფაროს ის წარმატებები, რაც საგარეო პოლიტიკის და რუსეთთან ურთიერთობის კუთხით არის მიღწეული. ყველაფერი რომ მიდის გამართულად, ეს აღიზიანებს “ნაციონალურ მოძრაობას”. ასევე ვერ ეგუებიან ხელისუფლების რეიტინგის ასეთ ზრდას და ცდილობენ ყველა ღონე იხმარონ ამ წარმატებების გადასაფარავად“.
არმაზ ახვლედიანისგან განსხვავებით, არჩეული მერის უფლებამოსილების შეჩერება არასწორად მიაჩნია “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს სოსო მანჯავიძეს. მისი თქმით, წაყენებული ბრალით სასაცილო სიტუაცია შეიქმნა.
“ადამიანს ბრალს უყენებენ იმაში, რომ მან 70 მილიონამდე გაფლანგა და 50 000 ლარის ოდენობის გირაოთი უშვებენ. გიგი უგულავას აქვს უკანონოდ მითვისებული კოლოსალური რაოდენობის თანხა, რომლითაც მას შეუძლია ნებისმიერ პროცესზე გავლენა მოახდინოს. ასეთ ვითარებაში ახდევინებენ 50 000 ლარს და უშვებენ გარეთ. მივიღეთ ძალიან სასაცილო მდგომარეობა. კიდევ უფრო საოცარია ის, რომ მოსამართლემ უგულავას უფლებამოსილება შეუჩერა, ეს საერთოდ ახალი სიტყვაა, იმიტომ, რომ უგულავა არის არჩეული მერი. თუ უფლებამოსილებას უჩერებ, მერის არჩევნები არალეგიტიმურად უნდა გამოაცხადო“.
ახვლედიანის პოზიციას იზიარებს საპარლმენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც. ეს უკანასკნელიც ოპოზიციის ქმედებაში მთავარი თემიდან ნაკლებად მნიშვნელოვან თემაზე ყურადღების გადატანის მცდელობას ხედავს. დეპუტატი აცხადებს, რომ მთავარი განსახილველი თემა ყოფილი მერის მიერ მოსახლეობის სახსრების დიდი ნაწილის უკანონოდ გაფლანგვაა.
“მთელი პიარმანქანა მუშაობს იმაზე, რომ გიგი უგულავას მიმართ გაღვივებული საზოგადოებრივი ინტერესი გადაიტანონ იმაზე, თუ რამდენად პროცედურების დაცვით წარმოებს სასამართლო განხილვები. არავინ საუბრობს იმაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიტიკურ კორუფციას უგულავას მხრიდან, როდესაც გამოყენებული იქნა ხალხის ფული პოლიტიკური მიზნებისათვის. ყველა ის ნიშანი, რაც საქმეში არსებობს და ის საჯარო ინფორმაცია, რასაც პარლამენტის წევრები ვფლობთ, მიანიშნებს, რომ პოლიტიკურ კორუფციას ჰქონდა ადგილი. თუ თანამდებობის პირი საბიუჯეტო სახსრებს იყენებს პოლიტიკური ან პარტიული მიზნებისათვის, ამას პოლიტიკური კორუფცია ეწოდება, რომელიც დასჯადია“.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა უარი თქვა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და დედაქალქის ყოფილ მერ გიგი უგულავას მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით მოსმენის გამართვაზე.