“ფარცხალაძე წინა ხელისუფლების დროსაც იკავებდა მაღალ თანამდებობებს. ხელისუფლებას, რომელიც თითქმის იმასაც კი აკონტროლებდა, ვინ ვისთან იწვა, შეუძლებელია არ სცოდნოდა ფარცხალაძის ბნელი წარსული, მაგრამ ერთია, როცა სახეზეა წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები ასეთი ადამიანები რომ ჰყავდათ თანამდებობებზე და მეორეა, ახალი ხელისუფლების უსუსური განმარტებები მთავარი პროკურორის დანიშვნასა და შენარჩუნებაზე. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ნუ დაემსგავსებიან მათ წინამორბედებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ გაემართლებინათ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები. ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ და კარგი იქნება ამ ხელისუფლებამაც ისწავლოს წინას შეცდომებზე რამე”.
თუთბერიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს წინასაარჩევნო დაპირებების ასრულებას და ცდილობს არსებული პრობლემები გადაფაროს სხვა მოვლენებით და გაფანტოს საზოგადოების ყურადღება.
“როგორც ჩანს ხელისუფლება დაადგა არა დაპირებების ასრულების გზას, არამედ ცდილობს გადაიტანოს საზოგადოების ყურადღება არსებული სოციალური თუ სხვა პრობლემებიდან ვითომდა სამართლიანობის აღდგენაზე. მაშფოთებს ის, რომ მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ჩნდება კითხვა – ხომ არ აპირებს ხელისუფლება მხოლოდ სიტყვებით ევროპისკენ სიარულს და სინამდვილეში ხომ არ მიდის ევრაზიული კავშირისკენ? თუმცა, ასე თუ გაგრძელდა, იქაც არავინ მიგვიღებს”.
თუთბერიძე ამბობს, რომ რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, იგივე ხდება ახლაც. მისი თქმით, მთავრობის წევრებმა მშვენივრად მოირგეს დამკვეთის როლი და არც აპირებენ რეალურ ცვლილებებს თუ რეფორმებს.
“ფარცხალაძის განცხადება და მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული კომენტარები მაფიქრებს უგულავას განცხადების სიმართლეს. საუბარი იმაზე, რომ უგულავა ცდილობს შანტაჟის მოწყობას, საჭიროებს ფაქტებით გაჯერებულ პასუხებს, რაც ამ დრომდე ვერ მოვისმინეთ ხელისუფლებისაგან, ადეიშვილის დროს ვერ გატარდა სასამართლო სისტემაში საჭირო რეფორმა, შესაბამისად, არც დღევანდელი მთავრობა ცდილობს რეალურად შეცვალოს რამე. დღეს, ხელისუფლებამ წინამორბედივით მოირგო დამკვეთის მანტია და აგრძელებს იმ გზას, რასაც გადიოდა წინა ხელისუფლება”.
თუთბერიძის განცხადებით, მას სწორედ პროკურატურის და ხელისუფლების ქმედებამ მისცა ბიძგი ერწმუნა მერაბიშვილის განცხადებაც.
“შეიძლება ქუცნაშვილმა არ იცოდეს, მაგრამ პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელიც იურიდიული განათლებით არის, უნდა სცოდნოდა, რომ მერაბიშვილის განცხადების პირველივე წუთიდან უნდა დაწყებულიყო მოკვლევა, სუბარს კი განცხადებების კეთების მაგივრად უნდა ჩაეტარებინა შიდა გამოძიება. არავინ იცის, შანტაჟია ეს თუ მერაბიშვილის “გაჩალიჩებულს” წამოეგო მთავრობა, მაგრამ ფაქტია, რომ პროცესებმა დაიგვიანა და მერაბიშვილის სიტყვებს ძალა შესძინა, თორემ მე კარგად ვიცი მერაბიშვილს ვისთვის რა “გაუჩალიჩებია” და საერთოდ რაზეა წამსვლელი. წამოეგო თუ არა ეს ხელისუფლება მერაბიშვილის სიტყვებზე, იყო თუ არა ზეწოლა, ფაქტი ერთია, თუ მართლა მოხდა მისი გაყვანა ღამის საათებში საპატიმროდან, მოხდა დანაშაული და ყველამ უნდა აგოს პასუხი”.
თუთბერიძე როლანდ ახალაიას პროკურატურაში მოწმის სახით დაბარების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მასობრივი დაბარებებიც პოლიტიკურ შეკვეთას ჰგავს, რადგან ახლა მოქმედი პროკურორები თუ მოსამართლეები მსახურობდნენ წინა მთავრობის დროსაც და შეუძლებელია ადრე არ სცოდნოდათ იმ საქმეებზე, რომლებზეც ახლა ხდება მასიური დაკითხვები.
“მაქვს ინფორმაცია როლანდ ახალაიას პროკურატურაში დაბარების თაობაზე. მარტო ახალაიას კი არა, ბევრს იბარებენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ვიცი ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდება ამ მთავრობისთვის. მინდა ვუთხრა მათ, რომ თან გადაყვებიან პოლიტიკური ნიშნით დევნას და როგორც წინა ხელისუფლებამ დაკარგა რეიტინგი, ისე დაკარგავენ. ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი რეიტინგი არ არის ისეთი დიდი, როგორიც მიშას ჰქონდა პირველ წლებში და ამიტომ დროც უფრო ცოტა აქვთ”.
თუთბერიძის განცხადებით, ახალი მთავრობის პოლიტიკური დივიდენდები დიდი არ არის და მოუწოდებს მათ, ნუ გაიმეორებენ იმას, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა.