“ამ ეტაპზე არ მაქვს პრეტენზიები არც ეკონომიკური გუნდის და არც სხვა მინისტრების მიმართ. თუ რაღაცას დააშავებენ, ბუნებრივია, ისინი შეიცვლებიან, მაგრამ ამ ეტაპზე ამის მიზეზი არ არსებობს. არიან მინისტრები, რომლებსაც მიხმარება სჭირდებათ, მათი აჩქარების მიზნით – უფრო მეტად ოპერატიულები რომ იყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული პრეტენზიები არ მაქვს. თუ მექნება, თუ რაღაც გადაცდომას ექნება ადგილი ან რომელიმე მინისტრი ვერ გაამართლებს იმედებს, ისინი შეიცვლებიან. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არც ერთი მინისტრი არაა შეუცვლელი! არც ერთი! მე მაქვს ერთი მხრივ ხისტი, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან დაბალანსებული მენეჯმენტის სტილი, შესაბამისად, მათ ძალიან კარგად იციან, რომ მე არც ერთ მინისტრს არ დავინდობ, თუ რაიმე შეცდომა დაუშვეს, რაღაც ცუდი გააკეთეს, ან, მეორე მხრივ, ვერ გაამართლეს და ეფექტურები არ იყვნენ”, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ასეთი მინისტრი სასჯელაღსრულების სამინისტროს არ ჰყოლია. დღე და ღამე ზრუნავს პატიმრებზე, როგორ გააუმჯობესოს მათი პირობები. მოდის და ნოდარ ხადურთან ხშირად კონფლიქტები აქვს – ფულს სთხოვს ყოველ დღე – ეს ხუმრობით. სოზარი არის ადამიანი, რომელმაც რეალურად გააუმჯობესა პატიმრების ყოფა ციხეებში”, _ აღნიშნა პრემიერმა.