“გურია ნიუსი” აღნიშნულ საკითხზე იურისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
ლევან ალაფიშვილი:
_ დოკუმენტები ადასტურებს, რომ ეს სააგენტო, რომელიც რეალურად არა სახელმწიფო დაწესებულება, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რეგისტრირებულია 2011 წლის 26 დეკემბერს, ხოლო მისი გამგეობის თავდაპირველი თავმჯდომარე გახლდათ ბიძინა ივანიშვილი, მისი მოადგილე კი დავით კირვალიძე. გამგეობის შემადგენლობაში შედიოდნენ მინისტრები: ნარმანია, ხადური, კვირიკაშვილი, შერვაშიძე. ორი დღის წინ ამ არასამთავრობო ორგანიზაციაში შეიცვალა ხელმძღვანელობა და დღეს მისი გამგეობის თავმჯდომარე გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი, მოადგილე კი შალვა ფიფია. გამგეობაში კვლავ დარჩნენ ხადური, ნარმანია და კვირიკაშვილი. თუმცა, მათ შემადგენლობაში ვეღარ ვხვდებით დავით კირვალიძესა და მის ყოფილ მოადგილე დავით შერვაშიძეს.
_ რა ინფორმაცია გაქვთ ამ სააგენტოს მუშაობის შესახებ?
_ ეს არ არის სახელმწიფო სააგენტო. გასულ წელს გვახსოვს, რომ ხორციელდებოდა სამი სხვადასხვა პროექტი. მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტი და ეს არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ამ სქემის დაფინანსების ერთ-ერთი რგოლი. სქემა კი ასეთი იყო – ფონდი “ქართუდან” და არასამთავრობო ორგანიზაცია “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიდან” თანხები მიემართებოდა და იმართებოდა სწორედ ამ სააგენტოს მეშვეობით ისევ მთავრობის წევრთა მიერ დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში – “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდში”, რომლის სახელიც პრაქტიკულად იდენტურია ზემოთ აღნიშნული ფონდისა. შესაბამისად, ეს ფონდი სააგენტოს მეშვეობით ახდენდა ამ ყველაფრის ადმინისტრირებას. ანუ სახელმწიფო ამ სქემაში არანაირად არ გახლდათ უშუალოდ ჩართული. თუმცა, არაპირდაპირ “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი გახლდათ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და გამგეობაში შედიოდნენ მინისტრები ისევე, როგორც ამ სააგენტოს შემთხვევაში.
ერთი რამ არის გასათვალისწინებელი – ეს “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი” რეგისტრირებულია 2013 წლის 22 იანვარს. ეს არის ფინანსების მართვის ახლებური სქემა ქართული სინამდვილისთვის, რადგან ამდაგვარი წესით პროექტები საქართველოში არ წარმართულა. ამავე სქემასთან კავშირშია ე.წ. ტრაქტორების საქმე. მაშინ კეთდებოდა განცხადებები, რომ სახელმწიფო თანხების მითვისება მოხდა. თუმცა, ეს არ იყო სახელმწიფო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა თუ მითვისება. კი ბატონო, არასწორი მართვა თანხებისა, მაგრამ ეს იყო კერძო თანხები, რომელიც ასოცირდებოდა ყოფილ პრემიერთან.
პოლიტიკური კონიუნქტურა გასაგებია, მაგრამ ყოველშემთხვევაში საკმაოდ უცნაურია, რომ ამ პროექტებს გასულ წელსა და სულ ორი დღის წინადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები საზოგადოებაში “ყიდიან” როგორც სახელმწიფოს მიერ წარმართულ პროექტებს და ამ დროს რეალურად სახელმწიფო უშუალოდ არ მონაწილეობდა მათში.
_ თუმცა, ამ კუთხით არანაირ იურიდიულ აცდენას არ ვხვდებით. რაში მდგომარეობს პრობლემა?
_ სოფლის მეურნეობის მინისტრის ბოლო განცხადებით, სააგენტოში ფული წარიმართება ბიუჯეტიდან. თუმცა, რამდენად გამჭვირვალე იქნება საბიუჯეტო თანხების ხარჯვის პროცესი, ეს საკმაოდ დიდ კითხვის ნიშანს წარმოშობს. ერთია, როდესაც სოფლის მეურნეობის ან სხვა სამინისტროს შეუძლია გრანტი მისცეს ამ ტიპის ორგანიზაციას, მაგრამ წარმოიდგინეთ ფიფია, რომელიც პრემიერთან ერთად, თავისივე კონტროლქვეშ არსებული არასამთავრობო ორგანიზაციას აძლევს გრანტს. რატომ არ უნდა მისცეს ეს გრანტი მაგალითად სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას? აძლევს ამ გრანტს და შემდეგ ეს თანხა როგორ იმართება, არანაირი გაწერილი პროცედურები არ არის. ასე რომ, გამჭვირვალობის და საბიუჯეტო კონტროლის თვალსაზრისით, აქ საკმაოდ ბევრი საფრთხეებია.
_ ანუ აქ ეჭვს მხოლოდ ის იწვევს, რომ ამ არასამთავრობოებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობენ?
_ ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. მესმის, რომ პერსონალური ნდობის მომენტია, კი ბატონო – აქაც თვითონაა და იქაც, მაგრამ მეორე მხრივ, ამას სახელად ინტერესთა კონფლიქტი ჰქვია – მინისტრი გრანტის ხელშეკრულებას ხელს მოაწერს ორგანიზაციასთან, რომლის თავმჯდომარის მოადგილე არის თვითონ, ხოლო თავმჯდომარე პრემიერია. ეს უპირობო ინტერესთა კონფლიქტია. შესაბამისად, ამაზე ზრუნვა მოუწევს არა მხოლოდ მინისტრს არამედ მთავრობას და პრემიერსაც, რადგან ამ სქემაში თუკი ჩაერთო სახელმწიფო ფინანსები, ამ სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების იმ სტატუსით დატოვება, რითაც დღემდე იყვნენ, არ იქნება კანონთან შესაბამისი, რადგან ვიმეორებ – იქმნება ინტერესთა კონფლიქტი, როგორც პრემიერის, ისე მინისტრის მხრიდან.
საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტისა და შეუთავსებლობის შესახებ კანონი ისევე, როგორც სხვა კანონები, ძალიან კარგად განსაზღვრავს რა არის ინტერესთა კონფლიქტები. კანონს რომ თავი დავანებოთ – თუკი შენ კონტრაქტს დებ საკუთარივე კონტროლქვეშ არსებულ სტრუქტურასთან და ამავე დროს შენი ზემდგომი იქ არის გადაწყვეტილების მიმღები, შენ აპრიორი თავისუფალი არ ხარ გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს ძალიან მარტივია. ასე რომ, ამას როგორ აიცილებს სამინისტრო ძნელად წარმომიდგენია. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების გზა არის ინტერესთა კონფლიქტის გარემოებაში არ შესვლა. ასე რომ, დაფინანსება ამ სააგენტოს მეშვეობით არ მგონია უმტკივნეულოდ და კანონთან შესაბამისად წარიმართოს.
_ თქვენ თქვით, რომ ამ სქემით იმართებოდა სამი პროექტი და მასთან კავშირშია ე.წ. ტრაქტორების საქმეც. როგორც ვიცით, სწორედ ამ საქმეს შეეწირა ყოფილ მინისტრ დავით კირვალიძისა და მისი მოადგილის პოსტები. მაშინ საზოგადოებაში გაჩენილი ერთ-ერთი ეჭვის თანახმად, საკითხით დაინტერესებულნი იყვნენ ერთი მხრივ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დილერი კომპანიები, რომლებიც სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგებით უკმაყოფილონი დარჩნენ და მეორე მხრივ, ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც სამინისტროს მმართველობიდან კირვალიძისა და მისი გუნდის წასვლა და საკუთარი კადრების მოყვანა სურდათ. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
_ “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში” 26 დეკემბრიდან დავით კირვალიძე და მისი ყოფილი მოადგილე დავით შერვაშიძეც უკვე აღარ არიან. ანუ როგორც ჩანს, მათი მინისტრობიდან გაშვებით და აქედანაც წასვლით დადასტურდა, რომ რეალურად რაღაც მოხდა, რის გამოც კირვალიძის მიმართ ნდობის მანდატი ან შემცირდა ან გაჩნდა დამატებითი კითხვები, რამაც განაპირობა აი ეს შედეგი, რომ რეალურად დავით კირვალიძე უკვე ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მმართველობაშიც აღარ არის. ისევე, როგორც დავით შერვაშიძე.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხზე საქმე აღიძრა და დაკავებულებიც იყვნენ პიროვნებები, ყველაზე სწორ პასუხს გასცემდა გამოძიების შედეგები. თუმცა, ამ გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. შესაძლოა, აქ მართლაც იყო თანხების არაეფექტური მართვა. შესაძლოა, ამ არაეფექტურ გადაწყვეტილებებში რაღაც დოზით, ჩართული თუ არა, ინფორმირებული მაინც იყვნენ მინისტრი და მისი მოადგილე, რადგან ამ ორგანიზაციების გამგეობის წევრები იყვნენ. შესაბამისად, შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა, რომ მინისტრი და მისი მოადგილე აღმოჩნდნენ მართვის სადავეებს მიღმა, ხოლო დანარჩენები “მექანიზატორს” ჩამოაშორეს. კანონს მიღმა აღმოჩნდნენ თუ არა, ამას გამოძიების შედეგები დაგვანახებს.
ამდენად, ამ წარსული მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, არსებობს რისკები ბოლო შემთხვევაშიც და მათ შემცირებაზე პირველ რიგში სამინისტრომ უნდა იმუშაოს.