პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.
ის, რომ კაცთა მოდგმას არ შეუქმნია ოკეანე, ხმელეთი, ციური სხეულები და ბალახიც კი (აღარაფერს ვამბობთ ადამიანზე), ცხადზე ცხადია. აქამდე მხოლოდ ბიოლოგიურად საინტერესო ქიმიკატები (მაგ. ამინომჟავები) მიიღეს, შეჯვარდა და შეარეთეს სიცოცხლის უკვე არსებული ფორმები და სხვა არაფერი.
ხოლო, თუ ჩვენ არ მოგვიტანია სიცოცხლე ამ წუთისოფელში, რა უფლება გვაქვს გვაქვს მოვინდომოთ ბატონობა მასზე? რატომ ვისაკუთრებთ მას, რაც ჩვენი არ არის?
ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლისშემძლენი ვართ? სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს: “მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ” (II რჯ.32,39). იობის წიგნშიც იგივე აზრია: “სიცოცხლე უფალმა მომცა, უფალმა წაიღო”(იობი 1,21).
ამიტომ, არავითარი უფლება არა გვაქვს ხელვყოთ უფლის ეს წყალობა და ვინც ამას აკეთებს და არ შეინანებს, დაისჯება!”, _ ეს ამონარიდია საშობაო ეპისტოლედან, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა.
ნაწილი თვლის, რომ არასწორია ბავშვის ყოლის უფლება წაართვა უშვილო წყვილებს. ნაწილის აზრით კი, დაუშვებელია სუროგაცია “სამსახურად” და შემოსავლის წყაროდ იქცეს.
საპატრიარქოს პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით პლაკატებით გააპროტესტეს ალილოს მსვლელობისას, რომელზეც ეწერა: “სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ბავშვია, ნუ წაართმევ უფლებას, გახდეს მშობელი”.
დღეს საპატრიარქომ აღნიშნულზე ისევ გააკეთა დამატებითი განმარტება.
“პატრიარქის ეპისტოლემ საზოგადოებაში დიდი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. ნაწილი კი გააღიზიანა სუროგაციაზე საუბარმა. ნაწილმა ისიც კი ჩათვალა, რომ ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო და დალოცვა სჭირდებათ. ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან. თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება მას. სასულიერო პირები ვალდებულნი არიან ამის შესახებ გააფრთხილონ საზოგადოება. ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს, ეს ეკლესიის მოვალეობაა”.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება დასაშვები იყოს მაშინ, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება.
“როცა ეს სხეულის გაყიდვის ფასად ხდება და ადამიანმა შეიძლება ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადოს, რა თქმა უნდა, მიუღებელია”, _ აღნიშნა ხუნდაძემ.
სუროგაციის წინააღმდეგ საუბრობს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც, სადაც აცხადებენ, რომ “ეს არის ბუნტი ღმერთის წინააღმდეგ, სახალისო ფაშიზმი, ფული ბავშვის წართმევის სანაცვლოდ. ეს მოთოდიკა ღრმა ემოციური და სულიერი სიახლოვის ნგრევას ითვალისწინებს, რომელიც დედასა და შვილს შორის ორსულობის პერიოდში წარმოიქმნება. სუროგაცია არღვევს როგორც უშუალოდ სუროგატი დედის უფლებებს, რომლის დედობა უარყოფილია, ისე ახალშობილის, რომელიც მომავალში შეიძლება თვითშეგნების კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს”.
სუროგაციის წინააღმდეგია არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ კათოლიკურიც და ზოგიერთი პროტესტანტული დენომინაციაც.
ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი, პორტუგალია, თურქეთი, იაპონია, ჩინეთი და აშშ-ს ზოგიერთი შტატი სუროგაცია უკანონოა.
აშშ-ს რამდენიმე შტატი (მაგ, კალიფორნია და არკანზასი), რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, სამხრეთ აფრიკა და საქართველო ეს ის ქვეყნებია, სადაც სუროგაცია სრულიად დაშვებულია.
საქართველოში სუროგატი დედობის მსურველთა რიცხვი მზარდია და ამ ხერხით შვილის ყოლა დაახლოებით 23 ათასი დოლარი ჯდება.
მეტროში, ავტობუსის გაჩერებებზე, სოციალურ ქსელებში, ქუჩაში დარიგებულ სპეციალურ სარეკლამო ფლაერებში, თქვენს ესემეს შეტყობინებებში, ბარებში, მეგობრებში სხვადასხვა თემების განხილვისას… მოკლედ, ყველგან შეგიძლიათ გადააწყდეთ რეკლამას, ინფორმაცის სუროგაციისა და კვერცხუჯრედის დონაციის შესახებ, რომელსაც საქართველოში არაერთი კლინიკა თუ ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტო ახორციელებს.
“დიახ შვილის ყოლა უფლის ნებაა. ხელოვნური განაყოფიერების საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ ზოგიერთ წყვილს პირველივე ცდაზე უმართლებს და ორსულდება ხოლო ზოგიერთ მათგანს 20 ცდაც კი ჭირდება და ისიც ამაოდ სრულდება.. ასე რომ ეს გზაც არ არის გარანტია ბავშვის ყოლისაკენ თუ ისევ უფლის ნება არ იქნა.. თუმცა აუკრძალო ადამიანს ხელოვნური განაყოფეირების ჩატარება იმის გამო რომ ეკლესიის ( და არა ქრისტიანობის) ზოგიერთ წარმომადგენლებს არ მოწონთ ის არაფრით განსხვავდება იეღოველების იმ რწმენისაგან რომ აუკრძალო ადამიანს სისხლის გადასხმა რადგან უფალმა უნდა გადაწყვიტოს გადარჩეს თუ არა ის.. მესმის საკითხის ეთიკური მხარიდან გამომდინარე არასოდეს იქნება ერთიანი აზრი ამ თემების ირგვლივ ამიტომ პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრებს და პოლემიკას ნუ გავმართავთ აქ ღვთის სახელით. წინასწარ დიდი მადლობა.”
“ჩვენ არავის არაფერს ვაძალებთ, ყველას აქვს უფლება ქონდეს საკუთარი აზრი სუროგაციასა და დონაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე პატივს ვცემთ თქვენს რელიგიურ შეხედულებებს და უმორჩილესად გთხოვთ რელიგიას ადამიანების სალანძღავად და დასაკნინებლად ნუ გამოიყენებთ.”
ასეთი სახის ტექსტებს თქვენ სუროგაციისა და კვერცხუჯრედის დონაციით დაკავებული კომპანიების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე წაიკითხავთ, სადაც სოციალური ქსელების მომხმარებლები ხშირად განიხილავენ-ხოლმე აღნიშნული პროცედურის დადებით და უარყოფით მხარეებს.
პროცედურები კი შემდეგნაირია: კონსულტაცია, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებამდე გადიხარ, საოცრად პოზიტიური და იმედიანია.
აქ არავინ ამახვილებს ყურადღებას თანხაზე, რომლის სანაცვლოდაც ხშირად ქალბატონები თანახმანი არიან გენეტიკური შვილი სხვა, პოტენციურ მშობლებს, ან, გენეტიკურად სხვისი, მაგრამ მათ სხეულში მომწიფებული ნაყოფი/ბავშვი გენეტიკურ მშობლებს მისცენ.
კვერცხუჯრედის დონაციის შემთხვევაში ასაკი პირველია, რითაც ინტერესდებიან. სასურველია 18-დან 30 წლამდე ბრძანდებოდეთ, რომ დონაციისათვის შესაფერის კანდიდატად მიგიჩნიონ.
ასაკი განსაზღვრულია სუროგატი დედების მსურველებისთვისაც.
მას შემდეგ, რაც შეთანხმება მიიღწევა, სპეციალურ ბაზაში იტვირთება სახელი, გვარი, ასაკი, სიმაღლე, წონა, ოჯახური მდგომარეობა და ის დეტალები, რაც დონორს მის უპირატესობად მიაჩნია. ასევე, ფოტოები.
სუროგატი დედობის მსურველებისთვის კი, ვიზუალურ მხარეებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. აქ განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას ექცევა.
ბაზა სამი სახისაა: თუ დონორი თანახმაა მისი მონაცემები იტვირთება ბაზაში, რომელიც მხოლოდ ქართველი მომხარებლისთვისაა გათვლილი, ან მხოლოდ უცხოელი მომხარებლისთვის, ან ორივესთვის ერთად.
ცნობისთვის, სუროგაცია ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ტრადიციული, როცა სუროგატი დედა ბავშვის გენეტიკური დედაა და გესტაციური, როცა დედისა და მამის სასქესო უჯრედების განაყოფიერება ლაბორატორიულ პირობებში ხდება (ინ ვიტრო განაყოფიერება) და შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეჰყავთ სუროგატი დედის სხეულში. ამ დროს სუროგატი დედა ბავშვის გენეტიკური მშობელი არ არის.