_ ქალბატონო თამარ, დონაციის, ხელოვნური განაყოფიერების დროს ხომ არ არის ინცესტის საშიშროება?
_ მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დონაცია ნებადართული მეთოდია, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც არ არსებობდა ხელოვნური განაყოფიერება.
_ ნებადართულია თუ არა ამაზე არ ვსაუბრობ. კონკრეტულად მაინტერესებს, არის თუ არა ინცესტის საშიშროება?
_ სუროგაციის დროს ინცესტის საშიშროება არ არის ვინაიდან, სუროგატ დედას ბავშვთან არ აქვს გენეტიკური კავშირი. რაც შეეხება დონაციას, თუ ეს საკითხი სახელმწიფოსგან სათანადოდ იქნება დარეგულირებული, არც მაშინ არ არის ინცესტის საშიშროება. ვინაიდან, აქ მრავალჯერად დონაციას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ანუ, ერთი და იგივე დონორის გამოყენებას ერთი და იგივე ქვეყანაში მრავალჯერადად არ შეიძლება. არსებობს ამის რეგულაციის მექანიზმები.
_ ანუ, ინცესტის საშიშროება იმ შემთხვევაში არ არის, თუ სახელმწიფო მკაცრად არეგულირებს ამ საკითხს?
_ წლებია ვსაუბრობ იმაზე, რომ სახელმწიფოს მეტი ყურადღება მართებს ხელოვნური განაყოფიერების მეთოდების რეგულაციის მიმართ. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ საკითხზეა საუბარი, უშვილო წყვილებს ეუბნებიან, რომ არ უნდა ისარგებლონ ხელოვნური განაყოფიერებით.
_ ამ ეტაპზე, როდესაც სახელმწიფო მკაცრად არ აკონტროლებს ხელოვნური განაყოფიერების რეგულაციის საკითხს, არის თუ არა ინცესტის საშიშროება?
_ თქვენ ჩახედული ხართ ამ საკითხში, სახელმწიფო რას არეგულირებს? ეპისტოლეში საერთოდ არ არის დონაციაზე საუბარი. დღეს, ეპისტოლეში გაჟღერებული საკითხის გასაპროტესტებლად მოვედი. რატომ მისვამთ სხვა შეკითხვას ვერ გავიგე!