“მაშინ, როცა ქვეყანა წალეკილი იყო ქურდული სამყაროს მოქმედებებით, საზოგადოებამ დაინახა ამ კანონის დადებითი მხარეები და ჩვენ გვინდა, საქართველოში იყოს სიმშვიდე, არ ხდებოდეს დანაშაულები და ხალხს შეეძლოს მშვიდად ყოფნა. სწორედ რომ ოპოზიციის სწორმა და დროულმა კრიტიკამ არ დააშვებინა მთავრობას შეცდომა. კეთდება განცხადებები კრიმინალური დანაშაულების შემცირებაზე და დანაშაულების გახსნის მაღალ მაჩვენებელზე, მაგრამ ერთია სტატისტიკა და მეორე რეალობა. არსებული სიტუაციის გადახედვით ნაკლებად დამაჯერებელია სტატისტიკის მონაცემები, ამიტომ შესაბამისმა სამინისტრომ უნდა გააკეთოს დამატებითი განმარტებები არა თავის გასასამართლებლად, არამედ ინფორმაციის მეტი გამყარებისთვის. სტატისტიკას ყოველთვის აქვს ცდომილების პროცენტი. იმდენად დამაიმედებელი ციფრებია, რომ მე, როგორც მოქალაქეს, მიხარია ასეთი ინფორმაციის მიღება, მაგრამ მიჩნდება ეჭვი და აი ეს ეჭვი უნდა იქნეს რეალურად გაფანტული”.
გიგი წერეთელი აცხადებს, რომ უმცირესობას აქვს შსს-სთან შეხვედრების ფორმატი, რომლის ფარგლებში კიდევ გაგრძელდება ასეთი შეხვედრები და ოპოზიცია ყოველთვის იქნება სიმშვიდის სადარაჯოზე. წერეთელი შეეხო ასევე მთავარი პროკურორის დანიშვნის თემას და განაცხადა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება წარდგენილი მთავარი პროკურორის პოსტზე.
“წინა პერიოდმა შექმნა საკმაოდ ნეგატიური სურათი პროკურატურის საკადრო პოლიტიკაში, თუ იგივე ქმედებები განხორციელდება ახალი პროკურორის დანიშვნის შემდეგაც, ეს არაფრის მომცემი იქნება და საკმაოდ შეფერხდება პროცესები. ყველამ დაინახა, რომ რეპრესიულმა პოლიტიკამ არც ქვეყნის იმიჯს შესძინა კარგი არაფერი, არც ეკონომიკას და არც პოლიტიკას. მთავრობის ორიენტირი უნდა იყოს არა პირადი ანგარიშსწორება, არამედ ეკონომიკის განვითარება, ჯანდაცვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საზოგადოების კეთილდღეობა”.
უმცირესობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეკონომიკა იქნება მომავალი წლის მთავარი საკითხი, რადგან გასული წელი დასრულდა დაახლოებით 800 მილიონიანი გარღვევით და არც ეს წელი დაწყებულა კარგად, ამიტომ უმცირესობა აქტიურად ჩაერთვება ამ საკითხების განხილვაში.
“უმცირესობა აქტიურად ჩაერთვება ეკონომიკის საკითხების განხილვაში, გვექნება ჩვენი ხედვების პრეზენტაცია და ვეცდებით ჩვენი ჯანსაღი კრიტიკით მთავრობამ ნაკლები შეცდომები დაუშვას”.