რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც უსაფრთხოების ზომებს არეგულირებს, დახურული ზონის შექმნას ითვალისწინებს, რომელში მოხვედრაც სამსახურებრივი საჭიროების გარეშე შეუძლებელი იქნება.
აკრძალული ზონების საზღვრები ზუსტად არის განსაზღვრული და მისი ტერიტორიის ნაწილი ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე გადის აფხაზეთის ტერიტორიამდე.
უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები ქალაქში 21 მარტამდე იმოქმედებს.
არსებობს თუ არა რეალური საფრთხე ტერორისტების მხრიდან სოჭის ოლიმპიადაზე იმის გათვალისწინებით, რომ 29 და 30 დეკემბერს ქალაქ ვოლგოგრადში ტერორისტმა-თვითმკვლელებმა თავი აიფეთქეს რკინიგზის სადგურსა და ტროლეიბუსში, რასაც 34 დაღუპული და 70 დაშავებული მოჰყვა?
სოჭის ოლიმპიადა შესაძლოა საფრთხის შემცველია არა მხოლოდ სტუმრებისთვის, არამედ სპორტსმენებისთვისაც იყოს – ამ მოსალოდნელ საშიშროებაზე იმ სპეციალურ ანგარიშში წერია, რომელიც რუსეთის პოლიტინფორმაციის ცენტრში მოამზადეს.
არასტაბილური მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში, მსოფლიოში ისლამისტური მოძრაობის გაძლიერება და ოლიმპიური ობიექტები, რომლებიც არასანდო მშენებლებმა ააგეს -ეს იმ რისკების მცირე ჩამონათვალია, რომელიც რუსეთის პოლიტინფორმაციის ექსპერტები სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით გამოჰყოფენ. ყველაზე დიდ საფრთხეს კი ანალიტიკოსები ჩრდილოეთ კავკასიის შეიარაღებულ დაჯგუფება “იმარად კავკაზში” ხედავენ.
“იმარად კავკაზი ეს ბრენდია, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ოლიმპიადის პოტენციური მონაწილეებისა და სტუმრების დასაშინებლად გამოიყენება. ეს დაქსასული ორგანიზაციების ქსელია და მათი ხელმძღვანელი დოკ უმაროვი ერთგვარი სიმბოლოს როლს ასრულებს. მისი რეალური მოქმედების არეალი კი საკმაოდ შეზღუდულია. თუმცა, მომგებიანია ჰქონდეს სახელი, რომლისაც ეშინიათ”, _ აცხადებს პოლიტინფორმაციის ცენტრის დირექტორი ალექსეი მუხინი და დასძენს, რომ რუსეთი მზადაა სოჭის ოლიმპიადაზე შესაძლო ტერორისტული აქტები აღკვეთოს. თუმცა, ამ მოსაზრებას, რუსეთში მოღვაწე ექსპერტთა ნაწილი, არ იზიარებს.
სოჭის ოლიმპიადაზე შესაძლო ტერორისტულ საფრთხეებზე საუბრობს ქართველი სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილიც, რომელიც წერს, რომ სოჭის ოლიმპიადა რჩება კამიკაძე-ტერორისტების სამიზნედ.
“რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამ ტერორისტული აქტების დამგეგმავებისა და შემსრულებლების გამართლება – მათ გამო ხომ ათობით უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრები (მათ შორის – ბავშვებიც) დაიღუპა და დაიჭრა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სწორედ იმ ოცწლიანი ბრძოლის გამოძახილია, რომელიც 1994 წლის შემოდგომაზე კრემლმა ჩეჩნეთის წინააღმდეგ დაიწყო – ის ჩეჩენი თუ დაღესტნელი ბავშვები და ქალებიც უდანაშაულონი იყვნენ, რომლებიც რუსული ავიაციისა და არტილერიის დაბომბვებისას ყოველდღიურად იღუპებოდნენ.
დღეს სწორედ მათი ძმები, მამები თუ დედები ხდებიან თვითმკვლელი ტერორისტები და შიშის ზარს სცემენ რუსეთის ქალაქებს.
საგულისხმოა, რომ ვოლგოგრადის ტერაქტებამდე, 27 დეკემბერს, 50 კგ-მდე ტროტილი აფეთქდა მანქანაში პიატიგორსკის ერთ-ერთ ქუჩაზე, რასაც სამი გამვლელის სიცოცხლე შეეწირა.
რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის ოლქის ქალაქი პიატიგორსკი მხოლოდ 260 კმ-თაა დაშორებული სოჭიდან, სადაც ერთ თვეში ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს.
ვოლგოგრადის ტერაქტების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტყუილად როდი ჩაფრინდა სოჭში და პირადად შეამოწმა, როგორ არის დაცული ქალაქი და ოლიმპიური ობიექტები.
კრემლში ეშინიათ, სოჭის ოლიმპიადა ასეთივე ტერორისტულმა აქტებმა არ შეაზანზაროს, რაც მსოფლიოს წინაშე რუსეთის პრესტიჟს შელახავს.
ეს რომ არ მოხდეს, რუსეთის სპეცსამსახურები, შსს და თვით საარმიო დანაყოფებიც კი უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებენ სოჭის მიმდებარე რაიონებში, მათ შორის – ოკუპირებულ აფხაზეთშიც (სხვა თუ არაფერი, სწორედ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვა გახდა ერთ-ერთი მთავარი საბაბი იმისა, რაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა კოდორის ხეობაში ჩაიდინა).
მიუხედავად კრემლის დიდი მონდომებისა, სოჭის ოლიმპიადა მაინც რჩება კამიკაძე-ტერორისტების სამიზნედ. სწორედ ამის შიშით მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის სპორტსმენები უკვე უარს აცხადებენ სოჭში გამგზავრებაზე.“
მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე და აღნიშნავს, რომ „იმის ხიფათი, რომ ტერაქტები ისევ მოხდეს, რა თქმა უნდა, არსებობს. ამის დამადასტურებელი ისიც არის, რომ უსაფრთხოების დაცვის უპრეცედენტო ზომებია მიღებული”.
აღსანიშნავია, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშებს, რომელიც დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი ჯდება, უკვე ცნობილია, რომ დასავლეთის ბევრი ლიდერი არ დაესწრება, რის მიზეზადაც არაოფიციალურად რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები სახელდება.
ოლიმპიურ თამაშებს არ დაესწრება გერმანიის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები. ასევე, სოჭში არ გაემგზავრებიან ბრიტანეთისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრები, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დიდ ხანს მიმდინარეობდა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მთავრობა და დაესწრებოდა თუ არა სოჭის ოლიმპიადას.
ამ საკითხზე გასული წლის 18 დეკემბერს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევაც ჩაატარა.
გამოკითხულთა 66%-სთვის სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა მისაღებია, ხოლო 17%-სთვის მიუღებელი. ამასთან, სექტემბრის შედეგების მიხედვით, მაშინ გამოკითხულთა 76% მიიჩნევდა საქართველოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას მისაღებად და 11% – მიუღებლად.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
მიუხედავად გამოკითხვის შედეგებისა, მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Russia Today-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრებიან.
“ჩვენ დისკუსიები გვქონდა, მიიღებდა თუ არა საქართველო ოლიმპიადაში მონაწილეობას. ხელისუფლებამ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიადაში ჩვენი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ. ხელისუფლებიდან დელეგაცია ოლიმპიადას არ დაესწრება. იქ მხოლოდ ჩვენი სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები იქნებიან”, _ თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.