ამ ფაქტს დღეს გამოხმაურებები მოჰყვა როგორც სამთავრობო სექტორიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდან.
ბაჩანა ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი ამ ფაქტს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ხელისუფლებაში ბაჩო ახალაიას მიმართ შიში იმდენად დიდია, რომ მას ბრალს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უყენებენ. ეს არის აბსურდი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ ფარცხალაძის, შოთაძის და ასეთი ადამიანების მიერ შეთხზული ბრალდებით სასამართლოში ფონს ვერ გავლენ. ბაჩო ახალაიას არც ერთი პატიმრის სახელი და გვარი არ ეცნობა. ყველა მალე დარწმუნდება, რომ აღნიშნული ბრალიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია და როგორც წინა 7 შემთხვევაში, პროკურატურას მოუხდა უკან დახევა და თავის მართლებები, თითქოსდა სასამართლოში გვქონდა ჩვენ უფრო ძლიერი პოზიციები, ვიდრე მათ, ასე იქნება ახლაც”.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი, რომელმაც განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც “ვაშლის თლის” საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ გაამართლა ახალაია, პროკურატურა სულ ცდილობდა ახალი საქმის შეკერვას.
“პროკურატურა გამუდმებით ცდილობს მოძებნოს რაღაც ხრიკები, ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე და ახალი ბრალდება წაუყენოს ბაჩო ახალაიას. ბრალდება ძალიან მყიფეა, ის ეფუძნება კრიმინალების ჩვენებებს და ძალიან მალე ისე ჩაიფუშება, როგორც წინა საქმეები. ეს არის შეკერილი საქმე და სრულიად აბსურდული, დარწმუნებული ვარ სასამართლოზე ძალიან გაუჭირდება პროკურატურას დაასაბუთოს მის მიერ წაყენებული ბრალდება. ეს არის წმინდა პოლიტიკური პროცესი და სასამართლოს მსვლელობის დროს თქვენ ნახავთ როგორ გაქარწყლდება ყველაფერი”.
მაჭავარიანი აცხადებს, რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს ახალი მთავრობის ზეწოლას “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებზე.
აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია აქვს პარლამენტის ვიცე-სპიკერს. მანანა კობახიძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურას ბაჩანა ახალაიასა და მეგის ქარდავასთვის ბრალის დასამძიმებლად ყველა მტკიცებულება აქვს და აცხადებს, რომ ყველამ, ვინც დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.
“საქმე, რომელთან დაკავშირებითაც ახალაიას და ქარდავას ბრალი დაუმძიმდათ, ჩემთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მაშინდელი პროკურატურა არაფერს არ აკეთებდა, ეს საქმე რომ გამოძიებულიყო, იყო ძალიან სერიოზული დარღვევები. დაზარალებულებადაც არ სცნეს მაშინ ოჯახის წევრები. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მოხდა ბრალის დამძიმება, დარწმუნებული ვარ პროკურატურას ჰქონდა ამისთვის ყველა მტკიცება და ფაქტი. ცხადია, პროკურატურა მოქმედებს სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე და არ ასრულებს არანაირ დაკვეთას, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და ყველას საკადრისი პასუხი მოეთხოვოს”.
პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს უმრავლესობის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი. დღეს ახალაიასა და ქარდავასთვის ბრალის დამძიმებაზე კომენრატისას მან განაცხადა, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რომელშიც ყველა მაღალი თანამდებობის პირი იყო ჩართული.
“ახალი ბრალი, რომელიც გამოვლინდა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული და ყველა მაღალი თანამდებობის პირი იყო ჩართული. დაწყებული პრეზიდენტი სააკაშვილით, დამთავრებული მეგის ქარდავათი. როცა სასჯელაღსრულების მინისტრი ბაჩო ახალაია, ასეთ ქმედებებს ახორციელებს არ შეიძლება, ეს შეთანხმებული არ ყოფილიყო ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან”.
ბრალის დამძიმებას თავად ბაჩანა ახალაია სოციალური ქსელით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ხელისუფლების მიერ დადგმული კიდევ ერთი უნიჭო მასკარადია.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება არაკომპეტენტური, არამდგრადი, უხერხემლო პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით აგრძელებს უნიჭოდ დადგმულ მასკარადს. როგორც მოსალოდნელი იყო გრძელდება ბრალების ოდისეა ჩემს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი სასაცილოა და ამავე დროს სატირალიც – საქართველოს ხელისუფლებამ დაიმკვიდრა არა საქმის მკეთებლის, არა ქვეყნისათვის მზრუნველი გუნდის სახელი, არამედ არაკვალიფიციური, ისტერიული, მატყუარა, მტრის რიტორიკის გამზიარებელი და ჯაშუშების მფარველ ადამიანთა ჯგუფის სახელი. მათი “კრეატიული” გონება მოსახლეობის კეთილდღეობას კი არ ემსახურება, არამედ ოპონენტების შევიწროებას, ძალადობას, ფაქტების გაყალბებას და ადამიანების ტრაგედიის გამოყენებას საკუთარი არაჯანსაღი პოლიტიკური მიზნებისათვის. მითუმეტეს, რომ ამ მიზნებს მოძალადე ბედუკაძის, ფარცხალაძისმაგვარი კრიმინალი და ყაჩაღი სახელმწიფო ჩინოვნიკების ან მათი მარიონეტების მეშვეობით ახორციელებს. საქართველოში დაბრუნებისას, სრულად მქონდა გააზრებული, რომ მოსახლეობის მოტყუებით, ადამიანების ტრაგედიის გამოყენებით ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა, საკუთარი სიცრუის და უნიათობის გადასაფარად პატიმრობაში მომაქცევდა და მაინც, შეგნებულად გადავდგი ეს ნაბიჯი, მინდოდა რა საქართველოს მოსახლეობისათვის დამემტკიცებინა, რომ ჩემი თითოეული ნაბიჯი, ჩემი თითოეული ქმედება განპირობებული იყო საქართველოს ინტერესებით, ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ზრუნვით და მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად შემიზღუდეს კონტაქტი საზოგადოებასთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრინციპების დარღვევით დეტალურად აკონტროლებდნენ ჩემს კომუნიკაციას ადვოკატებთან და მონიტორებთან, განვლილმა წელიწადნახევარმა, სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა, ოთხ საქმეში გამამართლებელმა განაჩენმა დაშინებული, ტყეში გატაცებული, დაშანტაჟებული და მოსყიდული მოწმეების ფონზე, დაადასტურა ჩემი სიმართლე. რაც არ უნდა ბრალი წამიყენოთ, როგორც არ უნდა მტკიცებულებების ფალსიფიცირება მოახდინოთ, ნებისმიერ სასამართლოში როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგში დაგიმტკიცებთ ჩემს უდანაშაულობას და კიდევ ერთხელ ფარდას ავხდი თქვენს სიყალბეს.
ხელისუფლების სტრატეგია გასაგებია – კარგად ხვდებიან, რომ ბუნებაში არარსებული დანაშაულის დადასტურება ვერ მოხერხდება, შესაბამისად ხდება ახალი ბრალის შეთითხვნა რათა ხანგრძლივად მამყოფონ წინასწარ პატიმრობაში. ეს ბრალიც ძალიან მალე ყინულივით გალღვება და ისევ დაძაბავენ გონებას ახალი მითის მოსაგონად. თუმცა დღესავით ნათელია – აბსურდული ბრალდების ეს კასკადი განწირულის სულისკვეთება, უსუსურობის და შიშის ნიშანია, ისტერიული შიშის არ მისცენ პოლიტიკურ ოპონენტებს თავისუფლად მოქმედების საშუალება, ვინაიდან ზუსტად იციან მარცხისთვის არიან განწირულები. მათთვის ცხადია, რომ არ ვაპირებდი და არც ახლა ვაპირებ უკან დავიხიო ან რაიმე დავუთმო. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლა გავუმართო მათ ყველა ფრონტზე და ყველა მიმართულებით. ახალი ბრალიც ჩემი ამ მიზნების შეკავების მცდელობა იყო, თუმცა მინდა, გავაწბილო და იმედები გავუცრუო და ვუთხრა, ფუჭია ნებისმიერი მათი ასეთი ქმედება. ამ ადამიანებს ერთი რამე ვერ გაუთავისებიათ, პატიმრობაც ჩემი იარაღია, ჩემი ბრძოლა საქართველოს ინტერესებისათვის და საქართველოს მტრების წინააღმდეგ. ეს არის რთული გზა საზოგადოებამ დაინახოს “ქართული ოცნების” ანტისახელმწიფოებრივი ზრახვები, მათი რეალური, ცბიერი სახე. ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მიდის – სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს,” _ წერს ახალაია.
ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი კი აცხადებს, რომ სულ მალე ის გაასაჯაროებს ვიდეოს, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდება.
“ფეისბუქის” გვერდზე აიტვირთება სკანდალური ვიდეო, თუ ვინ და როგორ აიძულებენ ყოფილ პატიმრებს მისცენ ცრუ ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ!
ცნობისთვის, ბაჩო ახალაია სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მეგის ქარდავა კი მიმალავაშია.