“ბოლო პერიოდში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა არაერთი გადაუმოწმებელი და არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრო მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებებით ხელს უშლის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებელობაა.
კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აჩერებს და ხელს უშლის შპს. “ენერგოტრანსის” 500/2000 კვ ქვესადგური “ჯვარის” და 500/200 კვ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას. გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
შპს. “ენერგოტრანსის” მიერ ზემოხსენებული პროექტი სამინისტროში წარმოდგენილ იქნა 2013 წლის 7 აგვისტოს წინასწარი განხილვის მიზნით. სამინისტროს მიერ 20 სექტემბერს საქმიანობის განმახორციელებელს გადაეგზავნა შენიშვნები. “გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელს უფლება აქვს საჯარო განხილვიდან ერთი წლის განმავლობაში წარმოადგინოს დოკუმენტაცია სამინისტროში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მიზნით, თუმცა საქმიანობის განმახორციელებელს ამ დრომდე სამინისტროსათვის ამ თხოვნით არ მოუმართავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტრო ცდილობს შეაფერხოს ან ხელი შეუშალოს რომელიმე პროექტის განხორციელებას, არასწორია და საფუძველს მოკლებული. აქვე ვაცხადებთ, რომ სამინისტრო ყოველთვის მზადაა ყველა დაინტერესებულ პირთან თუ მედია-საშუალებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობისთვის. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ის შესაბამის უწყებაში.” _ ნათქვამია განცხადებაში.