შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის ინფორმაციით, მუშავდება კანონპროექტი, რომელიც სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო გნაჩენების გადახედვის მექანიზმს შეეხება და რომელიც პარლამენტს საგაზაფხულო სესიისთვის წარედგინება.
“გასულ წელს, დეკემბრის თვეში დაფიქსირდა განცხადებების რეკორდული მაჩვენებელი სახალხო დამცველის აპარატის ისტორიაში. 727 განცხადება იყო შემოსული, მათ შორის, რამდენიმე კოლექტიური განცხადება იყო. ეს არის უპრეცედენტო რაოდენობა. დიდი ნაწილი მოიცავს მოთხოვნებს ხარვეზის დამდგენი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. თავისთავად ის ფაქტი, რომ არ ყოფილა ისტორიაში ამდენი განცხადება ერთი თვის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია”, _ აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა, რომ შეიქმნას მექანიზმი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების გადახედვის.
“სპეციალური კანონპროექტი მზადდება ჩვენი ოფისის მხრიდან, რომელიც რამდენიმე კვირაში იქნება მზად და წარედგინება პარლამენტს, რაც ითვალისწინებს გარკვეული მექანიზმის შექმნას იმისთვის, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა მოხდეს. საუბარი არის ალტერნატიულ პროექტზე. ჩვენ გვინდა, რომ არ იყოს ქვეყანაში რაიმე პარალელური სტრუქტურა, რომელიც სასამართლოს საქმეებს განიხილავს ან გადახედავს. გვინდა, რომ ეს პროცესი მთლიანად კონსტიტუციურ ჩარჩოში მოექცეს. უფრო მეტად საკონსტიტუციო სასამართლოს როლი გაიზარდოს. დღეის მონაცემებით, საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და ფუნქცია არის ძალიან შემჭიდროვებული. გარკვეული საქმეების განხილვა შესაძლებელია მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენი პროექტი არსებული სასამართლოების უფრო ეფექტურ გამოყენებაზეა მიმართული”, _ განაცხადა ნანუაშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის შემუშავება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2013 წლის 28 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის ინიციატივა – შექმნილიყო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, რომელსაც ფუნქციონირება 2013 წლის შემოდგომას უნდა დაეწყო, არ შეიქმნება. უფრო სწორედ კი გადაიდება მანამ, სანამ ქვეყანა ამისთვის ეკონომიკურ მზადყოფნაში არ იქნება.
თეა წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შექმნის იდეას არავინ ეწინააღმდეგება, მთავრობამ მიიჩნია, რომ ფრთხილადაა გასათვლელი ის შედეგები, რაც კომისიის შექმნამ ქვეყანას შესაძლოა ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით მოუტანოს.
“მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი უკვე რამდენიმე თვეა მზადაა, მას რეალურად არაფერი სჭირდება გარდა იმისა, რომ გაეგზავნოს პარლამენტს. ჩვენ კანონპროექტი მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე გავიტანეთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შექმნას არავინ ეწინააღმდეგება, მთავრობამ მიიჩნია, რომ ძალიან ფრთხილადაა გასათვლელი ის შედეგები, რაც შესაძლოა ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით მივიღოთ, ვინაიდან თუკი ადამიანი გამართლებულად იქნება მიჩნეული და მას უკვე გაუჩნდება მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება, ამისთვის დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის. ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩაითვალა, რომ ეს ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა თავისთავად იდეა უარყოფილი არ ყოფილა”, _ განაცხადა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, როგორც კი ჩაითვლება, რომ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა დაზარალებულთა მატერიალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზად იქნება, აღნიშნული კომისიის შექმნის საკითხი დაიძრება იმ წერტილიდან, სადაც გაჩერდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას იურისტებისა და უფლებადამცველების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისის შექმნაც იმ საარჩევნო დაპირებად დარჩა, რომელიც არ შესრულდება. ნაწილის აზრით კი, მისი დროებით შეჩერება მისასალმებელია, რადგან პროექტში ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა.
სახალხო დამცველის მიერ შემოთავაზებულ ალტერნტივას, სასამართლოს საბოლოო განაჩენები საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიხედოს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინიციატივა დაფიქრებას მოითხოვს.
“უნდა ვიფიქროთ დასაშვებობის კრიტერიუმის იმ წესის შემოღებაზე, რომელიც იყო იქამდე ვიდრე სააკაშვილი და მისი გუნდი გააუქმებდა და დაუბრუნოთ ძველი ფორმულირება კანონს რომლითაც შესაძლებელი იყო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადახედვა თუ კი ამის კონკრეტული დასაბუთებული მყარი საფუძვლები არსებობდა”, _ განაცხადა ბესელიამ.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას დადებითად აფასებს სახალხო დამცველის ინიციატივას და აღნიშნავს, რომ ომბუდსმენს საზოგადოებისგან ამის პირდაპირი დაკვეთა ჰქონდა.
“სახალხო დამცველის საქმიანობა რეგულირდება ორგანული კანონით სახალხო დამცველის შესახებ. ამ კანონის 21-ემუხლის “ე” ქვეპუნქტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიცვალა, ომბუდსმენს საშუალებას აძლევდა კანონიერ ძალაში შესული სასამრთლო გადაწყვეტილების გდახედვის თაობაზე სასამართლოსთვის მიემართა, მაგრამ ეს ნორმა, სისხლის სამართლის კანონმდებლობასთნ წინააღმდეგობაში მოდიოდა. უფრო კონკრეტულად – 1999 წლის შემდეგ, მხოლოდ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო შეიძლებოდა სამართალწარმოების განახლება. შესაბამისად, აღნიშული მუხლი აუმოქმედებელი რჩებოდა და სახალხო დამცველი მოკლებული იყო ასეთ შესაძლებლობას.
თუმცა, შემდგომში შესული ცვლილებების თანახმად, სახალხო დამცველს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რაც ამ შემთხვევაში უნდა გამოყენოს უჩა ნანუაშვლმა და ესაა სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირი მოთხოვნა, გნებავთ დაკვეთაც მას შემდეგ, რაც პარლამენტმა და მთავრობამ სრული უუნარობა გამოიჩინა საკუთარი ინიციატივით შეეცვალათ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც მთავრობაში მომზადდა და ემუშავათ მასზე, თუნდაც სხვა ინსტიტუციის ჩამოყალიბების სახით. შესაბამისად, სახალხო დამცველი რჩება ერთადერთი იმედი, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივა პარლამენტის წინაშე საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე იქნეს წარმოდგენილი. ამ ცვლილებამ უნდა უზრუნველყოს საბოლოო სასამართლო აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე რევიზია. ანუ, ნებისმიერი სასამრთლო აქტი, უნდა დაექვემდებაროს რევიზიას საქართველოს კონსტიტუციის მეორე, ადამიანის უფლებათა, თავით გათვალისწინებული ამა თუ იმ ნორმის დარღვევასთან მიმართებით.
მაგალითად, დაირღვა თუ არა დაცვის უფლება სამართალწარმოებისას. რის შესახებაც არაერთი კონკრეტული მაგალითი იქნა მოყვანილი 2009-2010 წლების საანგარიშო მოხსენებაში და რასთან დაკავშირებითაც არანაირი რეაგირება არ ყოფილა”, _ ამბობს ლორთქიფანიძე “გურია ნიუსთან” და დასძენს, რომ აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლა ავტომატურად არ ნიშნავს პრობლემების აღმოფხვრას.
მოხდება თუ არა სასამართლოსთვის ფუნქციების დაკარგვა სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვის გარკვეული მექანიზმის შექმნით, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გადახედვას ითვალისწინებს და ექნება თუ არა საშუალება ნებისმიერ მხარეს, რომელიც პროცესს წააგებს, თავისი განაჩენის აღნიშნული მექანიზმით საკონსტიტუციო სასამრთლოში გადახედვა მოითხოვოს?
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ აღნიშნული მექანიზმის შემუშავება, შემდეგში პარლამენტის მიერ დამტკიცება და ამოქმედება, ნიშნავს – თუ ადამიანისთვის მსჯავრის დადება/გამტყუნება გამოწვეულია კანონში, რომლითაც მართლმსაჯულების განხორიცლება ხდება, არსებული ნორმების არაკონსტიტუციურობით. სწორედ ასეთ ტიპის განაჩენების გადახედვა მოხდება საკონსტიტუციო სასამრთლოში.
“ასეთი პრაქტიკაა გერმანიაში, სადაც ყოველწლიურად საქმეები 2% ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოში რევიზიას. ასეთ სახელმწიფოშიც კი 2% დაშვებულია შეცდომების და ხარვეზების გამოსწორების. საქართველოში ასეთი 50% მაინც იქნება.
ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს რომ ასეთი ლეგიტიმური ცვლილებები იქნეს მიღწეული”, _ აცხადებს “გურია ნიუსთან” საუბრისას უფლებადამცველი.