“ადგილი აქვს მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას იუსტიციის მინისტრისა და ხელისუფლების მხრიდან. მომჩივან მხარესთან სახელმწიფოს მხრიდან მორიგება ჩვეულებრივი სამართლებრივი პრაქტიკაა, ეს შეუძლია დაადასტუროს ნებისმიერმა იურისტმა. არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პრაქტიკა და ეს საკითხი არ ეხებოდა “იმედს”, ეს ეხებოდა სხვა ფინანსურ საკითხებს. პატარკაციშვილის ოჯახს საჩივარი ჰქონდა შეტანილი საარბიტრაჟო სასამართლოში, ითხოვდა 400 მილიონის ანაზღაურებას და ამით ზიანი ხელისუფლებას ან კონკრეტულ პარტიას კი არ მიადგებოდა, არამედ სახელმწიფოს ბიუჯეტს და მოქალაქეებს. ამიტომ სახელმწიფომ მიზანშეწონილად ჩათვალა, ამხელა ზიანი აეცილებინა ქვეყნისთვის, შეუთანხმდა და მორიგება მოხდა მხარესთან, ამ შემთხვევაში ოჯახთან. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გარკვეული კომპანიები გადაცემული ყოფილიყო ოჯახის სახელზე,” _ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანიც და განაცხადა, რომ სახელმწიფოსა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის გაფორმებულ მორიგების დოკუმენტში განსაკუთრებული და სკანდალური არაფერია.
“ხელისუფლებას უნდა კიდევ ერთხელ გადაფაროს თავისი უუნარობა. ამჯერად მან გამოიყენა ეს საქმე, რომელიც, ჩემის აზრით, არ არის განსაკუთრებული. ეს არის ჩვეულებრივი მორიგება სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის. ხაზგასასმელია, რომ არის პრობლემა, რომელიც ამ ხელისუფლების დროს არის გაჩენილი, როდესაც ექმნება პრობლემა მათ ერთ–ერთ ქონებას, რომელიც დაკავშირებულია მეტალურგიულ ქარხანასთან”.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი აღნიშნული ფაქტი პატარკაციშვილების ოჯახზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლად შეაფასა და განაცხადა, რომ ახალი მთავრობა გმობს ასეთ დამოკიდებულებას მოქალაქეების მიმართ.