როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო თანამშრომლობა ნატოსთან ახალ საფეხურზეა აყვანილი.
“სამხედრო უწყებაში განხორციელებული რეფორმები არის უაღრესად დადებითად ასახული ნატოს შესაბამის ანგარიშებში და ეს ყველაფერი გვაძლევს იმედს, რომ 2014 წელი იქნება საქართველოსთვის ახალი წარმატებების მომტანი ნატოს მიმართულებითაც,” _ განაცხადა მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ ნატოს წლევანდელ, ლონდონის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება და პროგრესი ადეკვატურად იქნება ასახული.
სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმაც. ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოში იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რათა საქართველოში უმაღლეს დონეზე მოხდეს, რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში, სამხედრო-პოლიტიკური თემების, ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხების განხილვა.
სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე წარუდგინოს რეკომენდაციები და ნატოს სტრატეგიულ სარდლებს მისცეს მითითებები. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები.
როგორც “თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს” წევრი თეონა აქუბარდია აღნიშნავს, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ჯერ კიდევ გასულ წელს იგეგმებოდა. თუმცა, გენშტაბის მაშინდელი ხელმძღვანელის, გენერლის გიორგი კალანდაძის დაკავების გამო, მისი შემცვლელის დანიშვნამდე, დროებით გადაიდო.
“გურია ნიუსთან” საუბრისას აქუბარდია აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ გზით სამხედრო კომიტეტის წევრები უშუალოდ მოისმენენ და გაეცნობიან საქართველოს თავდაცვის უწყების მიერ ამ დროისათვის გატარებულ რეფორმებს და ნატოს მთავარ პოლიტიკურ ორგანოს მიაწოდებენ ამ საკითხების შესაბამის შეფასებას. მისი თქმით, სამხედრო კომიტეტი წარმოადგენს ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოს და მისი ძირითადი ფუნქციაა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს წარუდგინოს რეკომენდაციები სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე და მისცეს მითითებები ნატოს სტრატეგიულ სარდლებს. როგორც ცნობილია, სამხედრო კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სამხედრო კომიტეტის სხდომა 28+1 ფორმატში, სადაც განხილულ იქნება საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
“როდესაც საუბარია ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, თავდაცვის უწყება ერთ-ერთი წამყვანია ამ კუთხით. გარდა იმისა, რომ საქართველო მონაწილეობს “აისაფის” მისიაში და ასევე არის მზაობა ქართული მხრიდან “პოსტ-აისაფის” მისიაში ჩართვისა, თავდაცვის უწყებაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გახორციელდა.
შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა ქვეყანას მნიშვნელოვნად დაეხმარება, მით უმეტეს, სამიტის წინ,” _ აღნიშნავს ექსპერტი.
“იცით, რომ ნატო ჩვენს სამხედროებს არა მხოლოდ წვრთნების საკითხში ეხმარება, არამედ აქტიურად უწვეს კონსულტაციებს ქვეყანას ნატოში ინტეგრაციის კუთხით გასატარებელ მნიშვნელოვან საკითხებზე. თავდაცვის უწყებამ უკვე შეიმუშავა სამხედრო სტრატეგიის პროექტიც, რომელიც დარჩენილი ვალდებულებების ბოლო ფაზა იყო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი გზავნილია.
ზოგადად, აუცილებელია, რომ სამიტის წინ, საქართველომ ყოველმხრივ გაააქტიუროს მოქმედება ასევე სკეპტიკურად განწყობილ ნატოს წევრ ქვეყნებთან და დასავლურ პრესაში გააქტიურდეს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია, რათა ჩვენს პარტნიორებს რეალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა რეფორმები მიმდინარეობს ქვეყანაში და რამდენად ასრულებს ქვეყანა იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს ქვეყანას ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მიხედვით,” _ აღნიშნავს აქუბარდია.
მისი თქმით, როდესაც საუბარია ნატოში ინტეგრაციაზე, აუცილებელი ხაზი გადის როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო საკითხებზე და თავდაცვის სამინისტრო თავს საკმაოდ კარგად ართმევს იმ ვალდებულებებს, რომელიც მან ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით იკისრა.
ამასთან, აქუბარდია 13 იანვარს, ტალინში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “მაპთან” დაკავშირებით დავით უსუფაშვილის განცხადება “იყო ის რეალური წუხილი, რაც არსებობს როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კუთხით, ისე მოსახლეობაში”.
“წინა ხელისუფლების დროს მუდმივი დაპირებები და ზედმეტი მოლოდინი არსებობდა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებდა “მაპს”. “მაპი” მართლაც ჯადოსნურ სიტყვად იქცა საქართველოსთვის. როდესაც საუბარია რუსული გავლენის ზრდაზე და ვხედავთ, რა ვითარებაც არის თუნდაც უკრაინაში, მნიშვნელოვანია, საქართველომ იგრძნოს არა მხოლოდ იმ ტიპის მხარდაჭერა, რაც დღეს გვაქვს, არამედ გაცილებით უფრო მეტი. რა თქმა უნდა, ახალი ხელისუფლება ზედმეტი მოლოდინების შექმნისგან თავს იკავებს და ალბათ, ეს სწორი სტრატეგიაც არის _ არ დავასახელოთ გარკვეული ვადები, რომ მაგალითად, ლონდონის სამიტზე “მაპს” აუცილებლად მივიღებთ, მაგრამ აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს, მათ შორის, ნატოს სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები დაარწმუნოს, რომ საქართველომ მიიღოს უფრო მეტი, გარკვეულწილად პროპორციული იმ რეფორმებისა, რასაც ქვეყანა ახორციელებს იმისათვის, რომ მიიღოს “მაპი”.
სამიტთან დაკავშირებით ცნობილია, რომ გაფართოების თემებზე არ იქნება იქ მსჯელობა, თუმცა საქართველოს პოზიტიური სიგნალები სჭირდება, რომ გააგრძელოს დასავლური ინტეგრაციით სვლა ერთი მხრივ, და სკეპტიკურად განწყობილმა მოსახლეობამაც დაინახოს, რომ იმ გზას, რომელსაც ქვეყანა ადგას, აქვს გარკვეული შედეგი, რეაგირება მოჰყვება ნატოს მხრიდან, რისი კარგი გამოხატულებაც, რაღა თქმა უნდა, “მაპის” მიღება იქნება,” _ აღნიშნავს აქუბარდია, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა სამხედრო კომიტეტის მხრიდან სათანადოდ შეფასდება.