ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლის მოცულობაც სავარაუდოდ, ახალ-ახალი მითების დაბადების პროპორციულად გაიზრდება, ასევე, უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ “გურია ნიუსი” “ევროპული კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს ესაუბრა:
_ ევროკავშირის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი მითების უარყოფა სხვადასხვა დროს სტატიებისა და კვლევების საშუალებით ხდებოდა, მაგრამ ასეთი პროპაგანდისტული სახით დოკუმენტი, რომელიც ახლა შემუშავდა, აქამდე არ ყოფილა. ევროკავშირი არ ატარებდა მძლავრ საინფორმაციო პოლიტიკას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო. იქ ითვლებოდა, რომ ეს არის ორმხრივი პროცესი და ისევე როგორც თვითონ, უკრაინელებსაც ჰქონდათ შეთანხმების გაფორმების ინტერესი.
მაშინ, როდესაც ევროინტეგრაციის წინააღმდეგ ანტიპროპაგანდამ აშკარა ცილისმწამებლური ხასიათი მიიღო, ტყუილებით გაივსო და ამ ყველაფერმა მუშაობა დაიწყო, უკრაინაში და ყველგან, მათ შორის, საქართველოშიც, ევროკავშირთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო. ძალიან ბევრი წამოეგო იმ ტყუილებს, რომელსაც ავრცელებენ ევროკავშირის შესახებ. მაგალითად ერთ-ერთი ტყუილი, რომ თუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აწერ ხელს, აუცილებლად უნდა დაუშვა ერთსქესიანთა ქორწინება, ხალხმა ეს მართლა დაიჯერა და ამ დროს ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ რამდენიმეს აქვს მიღებული შესაბამისი კანონი.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს ჩვენთანაც. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ ომი რუსეთმა და იმ ხალხმა წამოიწყო, რომელიც რუსეთის პროპაგანდის გავლენის ქვეშაა.
ევროკავშირს არასდროს არ უომია უკრაინის ან საქართველოს ძალით მიერთების მიზნით, რუსეთის დამოკიდებულება კი ასეთია, რომ უნდა წაართვას… ეს სახელმწიფოები ბუნებრივად ილტვიან და მიდიან ამ გზისკენ(ევროინტეგრაცია).
საბოლოოდ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ხელმძღვანელობაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ ამ პროპაგანდას რაღაც უნდა დაუპირისპირონ და ეს, ვიტყოდი, ანტიპროპაგანდის პირველი ჩამხშობი დოკუმენტია, რომელშიც ძალიან კარგად, კონკრეტულად და ლაკონურად არის პასუხი ყველა იმ მითზე, რომელსაც ანტიევროპული ძალები ავრცელებდნენ.
ამ დოკუმენტს ვინც დაკვირვებით წაიკითხავს, უკვე ძნელი იქნება მისთვის დაჯერება ყველა იმ მითის, რომელიც ხელშეკრულების გარშემო ტრიალებს.
_ აღნიშნული დოკუმენტი ევროკავშირის დელეგაციამ 20 იანვარს გაავრცელა. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ამ, დემონსტრანტების პოზიციის, ასე ვთქვათ, მხარდამჭერმა დოკუმენტმა გარკვეული გავლენა მოახდინა უკრაინელი ხალხის ანტისახელისუფლებო განწყობაზე?
_ იცით, უკრაინაში იმდენად გამწვავებული იყო სიტუაცია, ხალხი უკვე ემოციურად მოქმედებს. ამ დოკუმენტის გარეშეც, ევრომაიდანზე შეკრებილ ხალხს სჯერა, რომ ევროკავშირი მათთვის არის კარგი და რუსეთისკენ სვლა – ცუდი. აი, ეს ორი უკიდურესობა მუშაობს იქ.
ამიტომ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ასეთი ინფორმაცია მასაზე დიდ ზემოქმედებას არ ახდენს. თუმცა, გრძელვადიანი სტრატეგიით მობილიზებას გაუკეთებს ხალხის განწყობას, შეარბილებს ანტიევროპულად განწყობილი ადამიანების შეხედულებებს. ამ ტიპის ინფორმაცია დაკვირვებით 10-დან შეიძლება ერთმა ადამიანმა წაიკითხოს და გააანალიზოს, მაგრამ საბოლოოდ, ეს ერთი ადამიანი საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს დანარჩენ 9-ზე, რომელიც ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ეჭვებშია.
_ რას ფიქრობთ იმის შესახებ, რომ ანალოგიური დოკუმენტი ევროკავშირმა საქართველოსთვისაც მოამზადოს? როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ევროკავშირთან დაკავშირებით ბევრი “მითი” საქართველოშიც მუშაობს და ანტიევროპულ განწყობას აყალიბებს…
_ დიახ, ნამდვილად. მე მაგალითად ევროკომისიის დელეგაციასაც ერთ-ერთ შეხვედრაზე მოვუწოდე, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც გააკეთონ. მგონია, საქართველოს ხელისუფლებაც ცდილობს ასეთი სახის დოკუმენტი შეიმუშაოს. რა თქმა უნდა, კარგი ხალხი ასეთი სახის პროპაგანდისტული ომისთვის, როგორც წესი, მზად არ არის. ევროკავშირი, ასე ვთქვათ, რბილი ძალაა, არც არასდროს არავის არაფერს არ აძალებდა და პროპაგანდას არ ეწეოდა. აი, მაგალითად, საქართველოში ცოტამ თუ იცის ევროკავშირი რაში დაგვეხმარა და გვეხმარება.
მაგრამ ახლა უკვე, როდესაც რუსეთმა ევროინტეგრაციას ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა და ასეთი ხისტი მეთოდებით პრაქტიკულად ართმევს, შანტაჟით და სხვადასხვა სახის ზეწოლით პროცესიდან გაჰყავს ქვეყნები და ბლოკავს მათ შესაძლებლობებსა და მისწრაფებებს, ევროკავშირში დაფიქრდნენ, რომ საჭიროა ამას მეტი რესურსი დაუპირისპირონ და ჩვენ შეიძლება მოველოდეთ მომავალში უფრო მძლავრ, სხვადასხვა სახის საქმიანობას, რომლითაც ევროკავშირი შეეცდება მის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია ჩაახშოს.
_ უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს ევროპელმა ლიდერებმა. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებებს, რამდენად საკმარისია ეს და რა პოზიცია უნდა დაიკავოს ამ შემთხვევაში საქართველომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით?
_ რა თქმა უნდა, ძნელია საქართველოს მთავრობისთვის, რომ პოზიციები გამოამჟღავნოს – ვის უჭერს მხარს და ვის არა, რომ შიდა საქმეებში ჩარევად არ ჩაითვალოს. ან ვთქვათ, უკრაინის მთავრობის მოქმედება ძალიან ხისტად დაგმოს და ა.შ. ვფიქრობ, სწორია, საქართველოს ხელისუფლების მოწოდება მშვიდობისაკენ და იმისკენ, რომ ყველა ძალა იხმაროს უკრაინის ხელისუფლებამ პროცესის მოლაპარაკებების რეჟიმში გადასაყვანად. ამასთან, ვფიქრობ, აუცილებელია ცალსახად განაცხადონ, რომ ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის არჩევანს. უკრაინელ ერს მხარში უნდა ამოუდგეს საერთაშორისო საზოგადოება და მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლონ.