“უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს, იმ უდიდესი ნდობისათვის, რომელიც მათ გამომიცხადეს ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე დანიშვნით. ამავდროულად, სრულად ვაცნობიერებ იმ მაღალ მოთხოვნებს და მოლოდინებს, რაც დღესდღეობით პროკურატურის მიმართ საზოგადოების მხრიდან არსებობს და მზადყოფნას გამოვთქვამ პროკურატურაში არსებული პროფესიონალი კადრების გვერდით დგომით, გავამართლო არსებული მოლოდინი.
საქართველოს პროკურატურამ ბოლო პერიოდში საკმაოდ რთული გზა გაიარა, თუმცა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, კვლავ საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩემი, როგორც მთავარი პროკურორის და პროკურატურის თითოეული თანამშრომლის მუშაობა მიმართული იქნება საზოგადოების უსაფრთხოების და სამართლიანობის დაცვისკენ, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პირობებში. ყურადღება უნდა მიექცეს სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების სტანდარტების ამაღლებას და მტკიცებულებების მოპოვების გზების დახვეწას, რაც პროკურატურის წარმოებაში გახმაურებული საქმეების მრავლად არსებობის პირობებში, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იქნება. ასევე, უნდა ამაღლდეს თითოეული საქმის გამოძიებისას საპროკურორო ზედამხედველობისა და საპროცესო კონტროლის ხარისხი, რაც შემდგომში სასამართლო სტადიაზე მყარ საფუძველს შექმნის პროკურორების მხრიდან სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციურად განსახორციელებლად.
ხსენებული გამოწვევების დაძლევისათვის, აუცილებელი იქნება პროკურატურაში არსებული კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი და გადასამზადებელი ღონისძიებების გეგმიურად გატარება. უმნიშვნელოვანესი იქნება ასევე, ახალგაზრდა, პერსპექტიული კადრების მოძიება და გამოცდილი, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება. ვფიქრობ, რომ პროკურატურამ ყურადღება უნდა გაამახვილოს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე და სხვა ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების გაზიარებაზე, რაც გაცილებით ეფექტურს გახდის ჩვენს საქმიანობას. ასევე, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, გასამახვილებელია ყურადღება დანაშაულის პრევენციაზე, რისთვისაც პროკურატურა ვფიქრობ, უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შეეცადოს განსაკუთრებით მოზარდ თაობაში აამაღლოს მართლწესრიგის შეგრძნება.
და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ მთავარი პროკურატურა გააგრძელებს სამართლიანობის დამკვიდრებისათვის ბრძოლას, რაც თავის მხრივ ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას უზრუნველყოფს”.