ენერგეტიკის მინისტრი დარწმუნებულია , რომ ისეთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტი, როგორც ხუდონჰესია აუცილებლად განხორციელდება და მოსახლეობა სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს.
_ ბატონო კახა, თქვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი ხუდონჰესის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგია. როგორ აპირებთ მათ გადარწმუნებას ან რას სთავაზობთ გადასახლების სანაცვლოდ?
_ ხუდონჰესი რთული პროექტია და ამ პროექტის სირთულე გახლავთ სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ მაქსიმალურად ავუხსნით ჩვენს ძმებს სვანებს ამ პროექტის მნიშვნელობას, თუ რამხელა სარგებელი მოაქვს გინდ ეკონომიკურად, გინდ ენერგეტიკულად ჩვენი ქვეყნისთვის .ერთი კომპონენტია მაგალითად ის, რომ ყოველწლიურად სვანეთის მუნიციპალიტეტს შემოსავალი ექნება 12 მილიონი, რაც ძალიან დიდი თანხაა და თქვენ წარმოიდგინეთ ამ თანხით როგორ შეიძლება სვანეთის აყვავება. მე ვფიქრობ და ყველა პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს იმას, რომ ხუდონი არის ზუსტად სვანეთის გადარჩენის საშუალება. ამიტომ ყველა იმ ადამიანს გავესაუბრებით, ყველა ადამიანის აზრი იქნება გათვალისწინებული და ამის მერე იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ სვანეთში ჩავა და მოსახლეობას პირადად შეხვდება მას შემდეგ, რაც ყველა დეტალი საბოლოოდ გაირკვევა და გადაწყდება.
“ამ ეტაპზე რომ გითხრათ, რომ ხვალ მივდივარ, არ იქნება სწორი. ეს ყველაფერი უნდა მომზადდეს და როდესაც მექნება დეტალური ინფორმაცია თანხებთან დაკავშირებით, თუ რამდენს მიიღებს თითოეული ოჯახი. პირველი რაც უნდა გაკეთდეს , უნდა მოხდეს ამ ადამიანებისთვის ჩამორთმეული მიწების დაბრუნება და უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიწები არ იყო საკუთრებაში. ჩვენ მოვთხოვეთ კომპანიას რომ დაუბრუნდეს ხალხს ეს მიწები, დაურეგისტრირონ და ამის მერე მოხდეს ათვლა და აზომვა ყველაფერს. გამოითვალოს თანხა, რაც უნდა იყოს ანაზღაურებული. მე ვიცი, რომ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, მე უბრალოდ არ მაქვს უფლება ეს გავაჟღერო და დარწმუნებული ვარ ადგილობრივი მოსახლეობაც გაგებით მოეკიდება ამ ყველაფერს”, _ განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
ხუდონჰესის პროექტს კომპანია “ტრანსლექტრიკა ჯორჯია” ახორციელებს, რომლის ტექნიკური ხელმძღვანელი დავით მირცხულავა ამბობს, რომ ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით კმაყოფილია.
“მემორანდუმის მეორე მხარეა ენერგეტიკის სამინისტრო, ეს ფაქტიურად ერთობლივი პროექტია და ამ ეტაპამდე , რა ეტაპებიც გავიარეთ, სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა ნამდვილად არის”.
მისივე თქმით დასრულების ეტაპზეა ხუდონჰესის გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და რამდენიმე კვირაში ჩაბარდება გარემოს დაცვის სამინისტროს.
“ახლა მზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო ვარიანტი და რამდენიმე კვირაში ჩავაბარებთ. რაც შეეხება 111 შენიშვნას, რაც გზშ-ს კვლევაზე გამოითქვა, ხუდონისთვის ეს ბევრი არ არის, იმიტომ რომ ყაზბეგი ჰესზე, რომელზეც გზშ გაიცა, 60-მდე შენიშვნა იყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაღაც შენიშვნები იყო სწორი და ობიექტური , მაგრამ იყო შენიშვნები, რომელზეც პასუხი გაგვაჩნია და სხვა პოზიცია გვაქვს. მაგალითად სეისმოლოგიაზე იყო შენიშვნა, ახლა დამთავრდა ეს კვლევა და მერწმუნეთ ასეთი სეისმოლოგიური კვლევა არც ერთ ობიექტზე არ ჩატარებულა არასოდეს”
დავით მირცხულავა 2 დღის წინ სვანეთის მოსახლეობის მიერ ფიცის დადების ფაქტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ ეს აქციები ვიღაცის მიერ არის ინსპირირებული.
“გუშინწინ რაღაც წყევლა ყოფილა და მართალი გითხრათ, ეკლესიის ეზოში დაწყევლა არ არის მიღებული . ძალიან ვთხოვთ, ვინც ეს გააკეთა შეცდომაშია შეყვანილი და ქვეყნის სიყვარულში ნუ გავეჯიბრებით ერთმანეთს. რაღაც ინსპირირებები მგონია რომ არის, თუმცა ვფიქრობ რომ ყველაფერი ხაიშის მოსახლეობის სასიკეთოდ უნდა გადაწყდეს”, _ ამბობს “ტრანსლექტრიკა ჯორჯიას” ტექნიკური ხელმძღვანელი.