ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს დღეს “ქორთიარდ მარიოტში” შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მინისტრის თქმით, კოდექსის ამ მუხლს კონკრეტულად რა ნაწილში ეთანხმება და რა ნაწილში არა, მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საქართველოს პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსის მუხლობრივი განხილვა დასრულდება.
“აღნიშნული ნორმით ცვლილება რამდენჯერმე მოხდა. თავდაპირველი ვარიანტი განსხვავებული იყო დღეს არსებული რედაქციისგან, მაგრამ შემდგომ ცვლილებები შედიოდა პერიოდულად დაინტერესებულ ჯგუფებთან განხილვების დროს. დღეს კოდექსი მეორე მოსმენით იხილება და სწორედ ეს მეორე მოსმენა არის გადამწყვეტი, რადგან იქნება მუხლობრივი განხილვა. დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებს საქართველოს პარლამენტი. მე ამ ცვლილებას ნაწილობრივ ვეთანხმები. დეტალურად კი მედიასთან შეხვედრას მოვაწყობ მუხლობრივი განხილვის დასრულების შემდეგ და ვისაუბრებთ ამ და რეფორმით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე,” _ განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსნებებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსის განხილვა პარლამენტში დღეს მიმდინარეობს. ამის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს მიმართვა, სადაც ისინი პარლამენტს თვითმმართველობის კოდექსის პროექტიდან უნდობლობის მექანიზმის ამოღებისკენ მოუწოდებენ.
კერძოდ, საუბარია თვითმმართველობის კოდექსის პროექტის 48-ე მუხლზე, რომელიც პირდაპირი წესით არჩეული გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხის ინიცირების უფლება საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან მუნიციპალიტეტის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 20%-ს აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერის და გამგებლის გადაყენება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. მათი განცხადებით, გადაყენების საფუძველი სისხლის სამართლის დანაშაული, ან კონსტიტუციის დარღვევა უნდა იყოს.
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რეგიონულ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს სამინისტროს 2013 წლის ანგარიში და 2014 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved