თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების ბოლო დროინდელი ხარჯების გათვალისწინებით საინტერესო შედარების გაკეთება შეიძლება.
2013 წლის განმავლობაში თბილისის საკრებულოს მიერ შესყიდულია 11 ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 374 641 ლარს. 4 თვის მანძილზე 210 მიუსაფრის კვებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნებოდა თუკი საკრებულოს ავტოპარკის ერთი წლის ხარჯი შემცირდებოდა 50%-ით, სხვა სიტყვებით, ამ თანხას დაზოგავდა თბილისის საკრებულო თუ 2013 წლის განმავლობაში არ შეიძენდა 5 ყველაზე ძვირადღირებულ ავტომანქანას – 2 ცალ Hyndai Elentra-ს (2013), Hyundai IX 35-ს (2012), Hyundai IX 35-სა (2013) და Kia Optima-ს (2013).
2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში (იანვარი-ოქტომბერი) ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემულმა პრემიების საერთო რაოდენობამ შეადგინა 1 707 631 ლარი, საიდანაც საკრებულოს წევრებზე გაცემულია 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე 1 268 355 ლარი. 4 თვის განმავლობაში 210 მიუსაფრის კვებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნებოდა თუკი საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემული პრემიების რაოდენობა შემცირდებოდა 10%-ით, ან მხოლოდ საკრებულოს წევრებზე გაიცემოდა 187 320 -ლარით ნაკლები პრემია. სხვა სიტყვებით, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით საკრებულოს თანამდებობის პირებს კონკრეტულად ორ თვეში – აგვისტოსა და ოქტომბერში, ან საშუალოდ 4 თვის მანძილზე რომ არ აეღოთ პრემიები, დაზოგილი თანხა სრულიად საკმარისი იქნებოდა მიუსაფართა 4 თვის მანძილზე დასახმარებლად.
2014 წლის გეგმით საკრებულოს საწვავის ხარჯი გაიზარდა და განისაზღვრა 432 000 ლარით. ამ გეგმის 43%-ით შემცირების შემთხვევაში დაზოგილი თანხა ეყოფოდა მიუსაფართა დახმარებას 4 თვის განმავლობაში.
როგორც ზემოთ მოყვანილი შედარებით ირკვევა, იმ შემთხვევაში თუ თბილისის საკრებულო გასული წლის მანძილზე არ შეიძენდა მხოლოდ 5 ახალ ავტომანქანას, ან საშუალოდ 4 თვის მანძილზე არ დაურიცხავდა პრემიებს თანამდებობის პირებს, გაწეული ეკონომიის შედეგად დაზოგილი თანხა სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ თბილისის 210 მოქალაქეს წლის ყველაზე ცივი 4 თვე უსაფრთხოდ გაეტარებინა. ვფიქრობთ, რომ საბიუჯეტო სახსრების რაციონალური განკარგვის პირობებში, შესაძლებელია მოხდეს არა მხოლოდ ფულადი სახსრების ეკონომია, არამედ საზოგადოებრივი პრიორიტეტების გათვალისწინებაც და რიგ შემთხვევებში მიუსაფარი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაც კი.
აღნიშნულ ინფორმაციას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI ავრცელებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved