“2013 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის სახით ჯამში 3 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. ყველაზე დიდი ოდენობით პრემიები ზუგდიდის, აბაშის, სენაკისა და მარტვილის გამგეობებმა გასცეს, ყველაზე ნაკლები კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებმა: აქ პრემია წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაიცა გამგეობისა და საკრებულოს 11 თანამშრომელზე, ჯამში 11,250 ლარის ოდენობით. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს კი პრემია საერთოდ არ მიუღიათ. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2013 წელს პრემია ოთხჯერ იქნა გაცემული, ჯამში 89,135 ლარის ოდენობით. (3,199,821 ლარი) ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს ამავე ადმინისტრაციული ორგანოების თანამშრომლებზე სულ 2,5 მილიონ ლარამდე პრემია გაიცა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კიდევ ერთხელ მიმართავს მუნიციპალიტეტებს რეკომენდაციით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში დაარეგულირონ პრემიის გაცემის წესი, რითაც მნიშვნელოვანწილად მოგვარდება არსებული მანკიერი პრაქტიკა და, ამავდროულად, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსების ხარჯვის ეკონომიასა და გამჭვირვალობას.”