შეთანხმების შედეგად კომპანია “წყალი მარგებელი”, რომელიც ქართულ ბაზარზე ცნობილია მინერალური წყლით “ნაბეღლავი” და სასმელი წყლით “ბახმარო”, ქართველი მძლეოსნების პლატინის სპონსორი იქნება. წინ კი რთული ტურნირებია, ჯერ 2014 წლის ევროპის მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატი და შემდეგ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. “თბილისი 2015” მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდება და ქართველი სპორტსმენები საკუთარ თავს მაქსიმალურად წარმოაჩენენ.
ავთანდილ სვიმონიშვილი, კომპანია “წყალი მარგებელის”დირექტორი: ” ჩვენი კომპანიისთვის დიდი პატივია ასეთი მასშტაბური ღონისძიების მხარდაჭერა და საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა. ჩვენი აზრით, ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სპორტის განვითარებას, არამედ ზოგადად ქვეყნის წინსვლასა და მსოფლიო თანამეგობრობაში საქართველოს დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რასაც “წყალი მარგებელი”, როგორც ქართული კომპანია, აუცილებლად გვერდში დაუდგება.
დაარსების დღიდან (1997 წელი), ჩვენი კომპანია და მისი ბრენდები “ნაბეღლავი” და “ბახმარო” ჯანსაღ ცხოვრებას უწევს მაქსიმალურად პოპულარიზაციას და ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ჩვენი ამ გადაწყვეტილების. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში. ამიტომაც, მადლობას ვუხდით მონაწილეებს, რომ მოგვცეს ასეთი მშვენიერი შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ კარგ საქმეს.
ჩვენი კომპანია მატერიალურ დახმარებასთან ერთად, დღეიდან დაწყებული 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებით დამთავრებული, გაუწევს პრომოუშენს, როგორც 2014 წლის მძლეოსნობის ჩემპიონატს, ასევე მომავალი წლის ოლიმპიურ თამაშებს და მუდმივად ვაგრძნობინებთ ორგანიზატორებს, რომ ჩვენი სახით საიმედო პარტნიორი აირჩიეს.
ალექსი ახვლედიანი, მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: ბიზნესის ჩართულობა სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ჩვენმა სპორტულმა სამყარომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამგვარი თანამშრომლობა ორივე მხარისათვის ხელსაყრელი იყოს. დღევანდელი დღე ამ ორი კომპონენტის, ბიზნესის და სპორტის თანამშრომლობის დასაწყისია. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია “წყალი მარგებელს”, რომელიც ჩვენთვის ნაბეღლავის სახით არის წარმოდგენილი. ეს თანამშრომლობა ხელშემწყობი იქნება იმ გრანდიოზული ტურნირებისათვის, რომელიც წინ გველოდება. კომპანია “წყალი მარგებელი” ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალის “თბილისი 2015”-ის და “ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის” გუნდური ჩემპიონატის მესამე ლიგის პლატინის სპონსორი იქნება. ეს დიდი სტიმულია თითოეული სპორტსმენისათვის და ზოგადად ქართული სპორტის განვითარებისათვის.
(R)